Belive

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტოპ 13 ტრანსფერი

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგა სტარტს დღეს, 9 აგვისტოს აიღებს. სეზონს "ლივერპულისა" და "ნორვიჩის" დაპირისპირება გახსნის, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება. პრემიერ ლიგის სატრანსფერო პერიოდი დასრულდა. გუნდებს მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა შეუძლიათ, მათ კი ვეღარ შეიძენენ. რამდენილე კლუბმა სატრანსფერიო პერიოდის დროს იაქტიურა და საინტერესო და კარგი ფეხბურთელები შეიძინა. გთავაზობთ პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტოპ 13 ტრანსფერს.

#13 დანი სებალიოსი (რეალიდან არსენალში) - იჯარა

დანი სებალიოსი 1 წლიანი იჯარით "არსენალში" "რეალიდან" გადავიდა. 23 წლის ნახევარმცველი ლონდონურ გრანდში პირველ ოფიციალურ თამაშს სულ მალე ჩაატარებს. ის  აარონ რემსის შემცვლელად სახელდება.
dani-ceballos-arsenal-2019-20_1319wsph5cxi12psr4lcphzfc

#12 ჯოვანი ლო სელსო (ბეტისიდან ტოტენჰემში) - იჯარა

23 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსო იჯარის წესით "ტოტენჰემში" ითამაშებს. მან გასული სეზონი "ბეტისში" გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ლო სელსო არგენტინის ნაკრების წევრია. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ახალი ფეხბურთელის გუნდში მოსვლით კმაყოფილია.

#11 დავიდ ლუისი (ჩელსიდან არსენალში) - 7 მილიონი ფუნტი

ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი "ჩელსიდან" "არსენალში" საკმაოდ მოულოდნელად გადავიდა. "მეთოფეებმა" ლუისი 7 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ორ სეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის "არსენალში" 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ლუისი ლონდონელთა დაცვის მთავარი ლიდერი იქნება.

#10 დენიელ ჯეიმსი (სუონსიდან მანჩესტერ იუნაიტედში) - 15 მილიონი ფუნტი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" დენიელ ჯეიმსი შეიძინა. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ჯეიმსი "წითელი ეშმაკების" პირველი შენაძენი იყო. გასული სეზონი უელსელმა ფეხბურთელმა "სუონსიში" გაატარა. ჯეიმსი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მას მანჩესტერელთა შემადგენლობაში ოფიციალური თამაში ჯერ არ ჩაუტარებია.

#9 მოისე კინი (იუვენტუსიდან ევერტონში) - 25 მილიონი ფუნტი

19 წლის იტალიელი შემტევი, მოისე კინი "ევერტონის" ფეხბურთელი გახდა. კინი მერსისაიდულ კლუბში "იუვენტუსიდან" გადავიდა. ლივერპულელებმა მასში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს ტრანსფერი შეფასდა, როგორც საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებად. გასულ სეზონში კინმა ტურინელთა მაისური 17-ჯერ მოირგო და 7 ბურთის გატანა შეძლო.

#8 პაბლო ფორნალსი (ვილიარეალიდან ვესტ-ჰემში) - 25 მილიონი ფუნტი

ლონდონური "ვესტ-ჰემი" ესპანელი შემტევი ნახევარმცველით, პაბლო ფორნალსით გაძლიერდა. 23 წლის ფეხბურთელი "ჩაქუჩებმა" "ვილიარეალიდან" 25 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ფორნალსი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა და ის "ვესტ-ჰემშიც" საკმაოდ ხშირად უნდა მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში.

#7 ალექს ივობი (არსენალიდან ევერტონში) - 40 მილიონი ფუნტი

"ევერტონის" კიდევ ერთი შენაძენი ნიგერიელი ნახევარმცველი, ალექს ივობია. 23 წლის ფეხბურთელი "არსენალიდან" 40 მილიონ ფუნტად გადავიდა. ივობი გასულ სეზონში ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან ევროპა ლიგის ფინალშიც შეძლო თავის გამოჩენა. ივობიმ "ევერტონთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

#6 აარონ ვან ბისაკა (კრისტალ პალასიდან მანჩესტერ იუნაიტედში) - 50 მილიონი ფუნტი

21 წლის ინგლისელი მარჯვენა მცველი, აარონ ვან ბისაკა "კრისტალ პალასიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მანჩესტერელებმა მას 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გასულ სეზონში ვან ბისაკამ "კრისტალ პალასის" შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა.

#5 ტანგი ნდომბელე (ლიონიდან ტოტენჰემში) - 54 მილიონი ფუნტი

"ტოტენჰემმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ნახევარმცველი ტანგი ნდომბელეა. ლონდონელებმა მასში 54 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ნდომბელემ გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. 48 თამაშში 2 ბურთის გატანა შეძლო.

#4 ჟოაო კანსელო (იუვენტუსიდან მანჩესტერ სიტიში) - 59 მილიონი ფუნტი

პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო "სიტის" ფეხბურთელი გახდა. "იუვენტუსმა" ის გაუშვა და დანილო შეიძინა. მანჩესტერელებმა კანსელოში 32 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და დანილო დაამატეს. კანსელო გასულ სეზონში "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო.

#3 როდრი (ატლეტიკოდან მანჩესტერ სიტიში) - 64 მილიონი ფუნტი

"მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთი შენაძენი ესპანელი როდრია. მანჩესტერელებმა ის 64 მილიონ ფუნტად "ატლეტიკოდან" იყიდეს. როდრიმ უკვე ჩაატარა პირველი ოფიციალური თამაში "სიტის" მაისურით და პირველი ტიტულიც მოიპოვა. გუნდმა ინგლისის სუპერ თასის შეხვედრაში "ლივერპული" თერთმეტ მეტრიანების სერიაში დაამარცხა. ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

#2 ნიკოლას პეპე (ლილიდან არსენალში) - 72 მილიონი ფუნტი

ლონდონის "არსენალმა" დაცვისა და ნახევარდაცვის გარდა, შეტევის გაძლიერებაც გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ლაკაზეტი და ობამეიანგი ჰყავს, "მეთოფეებმა" ნიკოლას პეპეც შეიძინეს. 24 წლის კოტ-დივუარელი თავდამსხმელი "არსენალში" "ლილიდან" 72 მილიონ ფუნტად გადავიდა. ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირიან ტრანსფერად ჩაითვალა. გასული სეზონი პეპემ კარგად ჩაატარა. 41 შეხვედრაში 23 ბურთის გატანა შეძლო.

#1 ჰარი მაგუაირი (ლესტერიდან მანჩესტერ იუნაიტედში) - 80 მილიონი ფუნტი

"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ცენტრი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა. ჰარი მაგუაირი "წითელ ეშმაკებში" 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ის ყველაზე ძვირადღირებულ მცველად ითვლება. მაგუაირი "ლესტერის" ლიდერი იყო. ის მანჩესტერულ გრანდში დაცვის ბურჯი იქნება.

სხვა სტატიები