Belive

პრემიერ ლიგის კლუბები £1.137 მილიარდს დაკარგავენ

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
პრემიერ ლიგის მესვეურებმა კლუბების წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან და კაპიტნებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს. კლუბების წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ პრემიერ ლიგის კლუბები £1.137 მილიარდს დაკარგავენ, თმცა ვიდეო კონფერენცია გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. ანაზღაურების შემცირების თაობაზე, პრემიერ ლიგის კლუბების კაპიტნებთან და მწვრთნელებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა. ოფიციალურმა პირებმა კლუბების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პრემიერ ლიგის კლუბები £1.137 მილიარდს დაკარგავენ.

მნიშვნელოვანი საკითხები კონფერენციიდან

  • პრემიერ ლიგის მესვეურები მიიჩნევდნენ, რომ ხელფასების შემცირება სატელევიზიო ტრანსლირების ხარჯებს შეამცირებს 
  • იმ შემთხვევაში თუ პრემიერ ლიგა არ განახლდება, კლუბებმა სატელევიზიო მაუწყებლებს £762 მილიონი უნდა დაუბრუნონ
  • პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ხელფასების შემცირების ეფექტურობასა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე (NHS) მისი შესაძლო გავლენის შესახებ დასვა კითხვა 
  • პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია მოლაპარაკებების გაგრძელებით მოხარულია

უფრო ვრცლად, რა მოხდა ვიდეო კონფერენციაზე?

გამართულ ვიდეო კონფერენციას პრემიერ ლიგის ბინადარი ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. თითოეულ კლუბს უფლება ჰქონდა კონფერენციაზე 3 წევრი წარედგინა. კლუბების უმრავლესობამ კონფერენციაზე კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები წარადგინეს - ჯამში ვიდეო კონფერენციას 50 წარმომადგენელი დაესწრო. პრემიერ ლიგის ფეხბურთელების უმრავლესობამ ერთი კითხვა დასვა: იმ შემთხვევაში თუ ისინი დათანხმდებიან ხელფასების შემცირებას, როგორ განაწილდება თანხა და რას მოხმარდება? პრემიერ ლიგის ზოგიერთი კლუბი გარკვეულ დივიდენტებს იხდის. კლუბები ასევე გასცემენ ბონუსებსა და ანაზღაურებას კლუბში დასაქმებული სხვადასხვა პირების მიმართ - ზოგიერთი კლუბი კი პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტების ნაწილი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს. მოვლენების სხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, თუ პრემიერ ლიგა ივნისში განახლდება კლუბებს გაცილებით ნაკლები ხარჯის გაწევა მოუწევთ და ნაკლებ ზარალს ნახავენ მაგრამ ჯორდან ჰენდერსონი და ჰარი მაგუაირი უკვე არიან ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნებმა ხელფასების შემცირებაზე თანახმა განაცხადეს, რათა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს დახმარება გაუწიონ.
ვიდეო კონფერენციის დროს, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს £20 მილიონს გადაურიცხავს. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელების მიერ ხელფასების შემცირების თაობაზე გაცემული თანხმობა კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურსა და სხვა სამთავრობო უწყებებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები დათანხმდებიან 12 თვის განმავლობაში ხელფასის 30%-ით შემცირებას, დაახლოებით £500 მილიონის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას საკმაო დრო დასჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და ნაციონალური ლიგის ამჟამინდელი მდგომარეობა.შექმნილ ვითარებას უკვე გამოეხმაურნენ ყოფილი ფეხბურთელები და სხვადასხვა ცნობილი სახეები. გარი ლინეკერმა, რომელიც საკუთარ ორი თვის ანაზღაურებას ბრიტანეთის წითელ ჯვარს ურიცხავს აღნიშნა, რომ ფეხბურთელებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ და მათ დრო უნდა მისცენ. "ყველაფერი მათზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სანამ ფეხბურთელებს გავკიცხავთ, მივცეთ დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მეტი მოთმინება გვმართებს. მჯერა, ფეხბურთელები ხელფასების დაკლებას დათანხმდებიან", - აღნიშნა გარი ლინეკერმა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ხელფასების დაკლების მოთხოვნა გააკრიტიკა. ჯო ბარტონი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ფეხბურთელებს არანაირი ბრალი არ მიუძღით და რომ ბორის ჯონსონის მიერ შეთავაზებული "ჯოგური იმუნიტეტის" სისტემა სისულელეა. ბარტონის მტკიცებით, ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეების ყურადღება რეალური პრობლემის ნაცვლად, სხვა მიმართულებით წარმართოს.
პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი - დევიდ კოტერილი მოქმედ ფეხბურთელებს იცავს. კოტერილს არ ესმის თუ რატომ უნდა გაიღონ შემოსავალი ფეხბურთელებმა იმ დროს, როდესაც დიდ ბრიტანეთში 2.5 მილიონი მილიონერი ცხოვრობს. "დიდ ბრიტანეთში 2.5 მილიონი მილიონერი გვყავს და მხოლოდ 512 ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში თამაშობს. თქვენ გინდათ, რომ ფეხბურთელებმა გაიღონ შემოწირულობა და დათანხმდნენ ხელფასების დაკლებას? კარგი, გეთანხმებით მაგრამ გაცილებით უფრო მეტი მდიდარი ადამიანი გვყავს დიდ ბრიტანეთში", - აღნიშნა დევიდ კოტერილმა. Sportsmail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ელიტის პირველი კლუბია, რომელმაც ხელფასების 30%-იან შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გაღებული 30% ქალაქ მანჩესტერის საავადმყოფოებსა და დაწესებულებებს მოხმარდება. წყაროს მტკიცებით, "წითელი ეშმაკების" ქველმოქმედებას სხვა კლუბებიც მიბაძავენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის კლუბები და ფეხბურთელები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ყოფილი ფეხბურთელები პრემიერ ლიგის კლუბებს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ საკუთარ ვარსკვლავებს თვითიზოლაციისაკენ მოუწოდეს და შეუნარჩუნეს კოლოსალური ხელფასები, ხოლო მომსახურე პერსონალი უვადო შვებულებაში - ანაზღაურების გარეშე გაუშვეს. ედი ჰოუი გახდა პრემიერ ლიგის პირველი მენეჯერი, რომელმაც ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადა. მოგვიანებით მას ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი - გრემ პოტერიც შეუერთდა.
კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა "ტოტენჰემი". ლონდონურ გრანდს ვარსკვლავებისთვის ხელფასის შემცირებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემს" საკუთარი ფეხბურთელების ხელფასის მხოლოდ 2.77%-ით შემცირება სჭირდება იმისათვის, რომ კლუბის 550 მომსახურე პერსონალს წლიური ანაზღაურება (£30.000) გადაუხადოს. მომხდარით შეშფოთებულია "სპურსის" ყოფილი მწვრთნელი. ჰარი რედნაპმა "სპურსის" მფლობელი გააკრიტიკა და მოუწოდა კლუბის მომსახურე პერსონალს არ შეუმციროს ანაზღაურება და ამ რთულ პერიოდში დახმარება გაუწიოს. "კლუბის მფლობელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მან გადაწყვიტა, რომ მომსახურე პერსონალს ხელფასი 20%-ით შეუმციროს. წარმოუდგენელია", - აღნიშნა ჰარი რედნაპმა.

პრემიერ ლიგის TOP 5 მაღალანაზღაურებადი მოთამაშე

ფეხბურთელი ყოველკვირეული ანაზღაურება
დავიდ დე ხეა £375,000
რაჰიმ სტერლინგი £300,000
მესუთ იოზილი £300,000
პოლ პოგბა £290,000
კევინ დე ბრუინე £280,000

კლუბების საქციელით უკმაყოფილოა გარი ლინეკერიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით კლუბების მფლობელები ფეხბურთელებს ექსტრემალურად რთულ სიტუაციაში აყენებენ. ლინეკერის მტკიცებით, საღ აზრსაა მოკლებული ის გარემოება, რომ ვარსკვლავებს მოუწოდო შინ დარჩენისკენ და შეუნარჩუნო კუთვნილი ანაზღაურება იმ დროს, როდესაც კლუბის მომსახურე პერსონალს 20%-ით უმცირებ ანაზღაურებას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრემიერ ლიგის მესვეურები და კლუბების წარმომადგენლები მორიგ ვიდეო კონფერენციას გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კონფერენცია რამდენიმე დღეში შედგება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე უცნობია პრემიერ ლიგის განახლების თარიღიც. პრემიერ ლიგის მესვეურების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია: "დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ ლიგა მაისის დასაწყისში არ განახლდება. 2019/20 წლების სეზონი განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნებული ვიქნებით უსაფრთხოებაში."

ასევე იხილეთ: კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

 

სხვა სტატიები