Belive

პრემიერ ლიგის მსაჯები კორონავირუსის წინააღმდეგ!

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფილიპ ბაკინგემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირიდან, პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბების კაპიტნებს მატჩის მთავარი არბიტრები გააფრთხილებენ, რომ გოლის აღნიშვნის დროს, ფეხბურთელებმა სოციალური-დისტანცირების გაიდლაინები უნდა დაიცვან. ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავეს, რომელიც მატჩების ოფიციალურ პირებს გააცნეს. აღნიშნული პროტოკოლი და შეზღუდვები ინგლისის ასოციაციის თასის მატჩებში დაფიქსირებული დარღვევების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ასოციაციის თასზე, ფეხბურთელები გატანილ გოლებს გუნდურად აღნიშნავდნენ და ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ - გუნდების გასახდელებში კი სრული ქაოსი სუფევდა.
0_PL-footballers-risk-being-banned-if-they-continue-to-break-protocol-in-celebrations

რა მოხდება ახალი პროტოკოლის მიღების შემდეგ?

კლუბები, ფეხბურთელები და ოფიციალური პირები ვალდებული იქნებიან დაემორჩილონ სპეციალურ შეზღუდვებსა და პროტოკოლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატჩის დაწყებამდე, მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს ეკრძალებათ ხელის ჩამორთმევა, გუნდურად გოლის აღნიშვნა, ჩახუტება და მაისურების გაცვლა.

რამ განაპირობა აღნიშნული პროტოკოლის მიღება?

ბრიტანეთის ხელისუფლება დიდ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ფეხბურთელები ხშირად არღვევენ სოციალური დისტანცირების პროტოკოლს და საკმაოდ დიდია გადაცდომების შემთხვევები. კოვიდ 19-ის შემთხვევების საგრძნობი მატებისა და ბრიტანეთში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ ლიგის გაგრძელება საეჭვო იყო - საბოლოოდ, ხელისუფლებამ ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა მაინც გასცა. პრემიერ ლიგის წარმომადგენლები თითოეულ კლუბსა და მატჩის ოფიციალურ პირებს სპეციალურ წერილს გაუგზავნის, სადაც ახალი პროტოკოლი დეტალურად იქნება განმარტებული.

ახალი პროტოკოლი მხოლოდ პრემიერ ლიგას შეეხება?

არა! ინგლისის საფეხბურთო ლიგამ მისი წევრი კლუბები ახალი პროტოკოლის შესახებ უკვე გააფრთხილა. თითოეული ფეხბურთელი, რომელიც პროტოკოლს დაარღვევს მკაცრად დაისჯება. ინგლისის საფეხბურთო ლიგის მტკიცებით, ნებისმიერი სახის გადაცდომა და დარღვევა, არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ კლუბებსაც შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.

რა სიტუაციაა ამჟამად ბრიტანულ ფეხბურთში კოვიდ 19-ის თვალსაზრისით?

პრემიერ ლიგის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ტესტირების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, სიტუაცია მცირედ მაგრამ მაინც გაუმჯობესებულია. 2593 ტესტიდან, რომელიც ფეხბურთელებსა და კლუბების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა - დადებითი მხოლოდ 36 აღმოჩნდა. მანამდე ჩატარებული ტესტირების მაჩვენებელი - 40 დადებით შემთხვევას შეადგენდა. კორონავირუსის გამო გადაიდო შუა კვირაში ჩანიშნული მატჩი, რომელშიც "ასტონ ვილა" "ტოტენჰემს" უნდა დაპირისპირებოდა. გადადების მიზეზი ბირმინგემულ კლუბში შექმნილი რთული ვითარებაა. "სპურსი" "ფულემს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები