Belive

პრემიერ ლიგის ტოპ-10 რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
პრემიერ ლიგის ისტორიაში არაერთი განსაკუთრებული რეკორდი დამყარდა. საკლუბო თუ ინდივიდუალურ დონეზე, ინგლისის რანგით უმაღლეს საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატში უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი შეიქმნა - მათი ავტორები კი სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. რეკორდებთან ერთად, რამდენიმე ანტირეკორდიც დამყარდა. გთავაზობთ პრემიერ ლიგის ტოპ-10 განსაკუთრებულ მოვლენას, რომლის გამეორებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს - ან ერთადერთ დაფიქსირებულ შემთხვევად დარჩეს.

"არსენალი"

რეკორდი: პრემიერ ლიგის წაუგებელი სერია (49 მატჩი)

არსენ ვენგერის მეთაურობით, "მეთოფეებმა" 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ოქტომბრამდე ფანტასტიკური ასპარეზობით დაგვამახსოვრეს თავი. ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგის 49 შეხვედრა ჩაატარა მარცხის გარეშე. "მეთოფეების" 49-მატჩიანი წაუგებელი სერია "ოლდ ტრაფორდზე", "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხით (2:0) შეწყდა. "არსენალის" მიერ დამყარებული რეკორდი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასამხობად მიიჩნევა.
111111111

"ბრაიტონი"

ანტირეკორდი: ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი (18:0 Vs. "ნორვიჩი")

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ევროპაში ფეხბურთისთვის ნაკლებად ეცალათ. მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გახვეული ევროპისა და ლონდონის დაბომბვების მიუხედავად, პრემიერ ლიგა არ შეწყვეტილა. 1940 წელს, შობის დღეს "ნორვიჩთან" გასვლითი შეხვედრის გასამართად "ბრაიტონის" მხოლოდ 5 ფეხბურთელი გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბრაიტონს" "ნორვიჩის" სარეზერვო გუნდის წევრები და გულშემატკივრები დაემატნენ და ასე გაიმართა მატჩი, რომელიც სტუმართა განადგურებით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, საბოლოო ანგარიში 18:0 დაფიქსირდა.

"ლივერპული"

რეკორდი: სეზონში დაგროვებული ყველაზე მეტი ქულა ჩემპიონის ტიტულის გარეშე (97)

2018/19 წლების სეზონში, მერსისაიდულმა გრანდმა პირადი საკლუბო რეკორდი დაამყარა და პრემიერ ლიგა 97 ქულით დაასრულდა. მიუხედავად დაგროვებული რეკორდული რაოდენობის ქულებისა "ლივერპული" ჩემპიონი ვერ გახდა - "მანჩესტერ სიტიმ" 98 ქულა დააგროვა და ტიტულს დაეუფლა. გასულ სეზონში "ლივერპულს" ნანატრი ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ 1 ქულა დააკლდა - მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მერსისაიდელები 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონები გახდებიან თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა საჩემპიონო მსვლელობა არ შედგეს.

"ვულვზი"

რეკორდი: ყველაზე დიდი ხნით დაკავებული მთავარი მწვრთნელის პოსტი ( ჯეკ ადენბრუკი - 36 წელი, 10 თვე)

ყველაზე დიდი ხნით ერთი კონკრეტული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა უამრავ თქვენგანს სერ ალექს ფერგიუსონი (27) და არსენ ვენგერი (22) გახსენდებათ - ამ ორმა ლეგენდარულმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეს საკუთარი სახელები თუმცა ჯეკ ადენბრუკის რეკორდი ვერ მოხსნეს. ჯეკ ადენბრუკი "ვულვზის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 1885 წლის აგვისტოდან - 1922 წლის ივნისამდე იკავებდა - 36 წელი და 10 თვე ნამდვილად შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული სეზონების რაოდენობის მიხედვით, ადენბრუკი საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში შედის.

"კრისტალ პალასი"

რეკორდი: ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (ჯონ ბოსტოკი - 15 წელი და 287 დღე)

თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად თუ ვიხილავთ 15 წლის ფეხბურთელის დებიუტს. 15 წლისა და 287 დღის ჯონ ბოსტოკი "კრისტალ პალასის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოსტოკს "სელჰურსტ პარკზე" "უოტფორდის" წინააღმდეგ თავის გამოსაჩენად 20 წუთი მიეცა - 1 კვირის შემდეგ კი "კარდიფის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა.

"ლესტერი"

რეკორდი: ყველაზე მაღალი კოეფიციენტი პრემიერ ლიგის მოგებაზე (5000/1)

კლაუდიო რანიერიმ და "ლესტერმა" ოცნება რეალობად აქციეს. რამდენიმე ერთგული გულშემატკივრის გარდა, ინგლისში ვერავინ წარმოიდგენდა რომ "მელიები" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდნენ. გავლენიანმა ბრიტანულმა საბუკმეკერო კანტორებმა "ლესტერის" საჩემპიონო შანსები ყველაზე მაღალი კოეფიციენტით (5000/1) შეაფასეს - სეზონის დაწყებამდე გულშემატკივრებმა "ლესტერის" ჩემპიონობაზე რამდენიმე ფუნტი განათავსეს და სეზონის ბოლოს სოლიდური თანხა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ "ლესტერის" მიერ ჩადენილი სასწაულის შემდეგ, ბრიტანულმა საბუკმეკერო კანტორებმა კოეფიციენტების დაწესების სისტემა შეცვალეს, რის შემდეგაც ასეთი მაღალი კოეფიციენტი არც ერთ გუნდს აღარ აქვს.

"მანჩესტერ სიტი"

რეკორდი: "ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (ბილი მერედიტი - 49 წელი და 245 დღე)

ლეგენდარულმა ბილი მერედიტმა "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მერედიტმა უკანასკნელი მატჩი 49 წლისა და 245 დღის ასაკში გამართა. რამდენად წარმოგიდგენიათ თანამედროვე ფეხბურთში 50 წლის მოთამაშე?

"ჩელსი"

რეკორდი: ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობა (ფრენკ ლამპარდი - 164 შეხვედრა)

2001 წლის 13 ოქტომბრიდან 2005 წლის "ბოქსინგ დეი"-მდე ფრენკ ლამპარდმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "არისტოკრატების" ლეგენდამ პრემიერ ლიგის ზედიზედ 164 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სავარჯიშო მოედანზე თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ლამპარდი იდეალურ ფიზიკური ფორმაში იმყოფებოდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რეკორდი: ყველაზე მეტი მატჩი (რაიან გიგზი - 963) რაიან გიგზი - არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის", არამედ პრემიერ ლიგის ლეგენდა. "წითელი ეშმაკების" რიგებში გატარებული 23 წლის განმავლობაში გიგზმა 963 მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული 13-ჯერ გახდა. სერ ბობი ჩარლტონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 758 შეხვედრა ჩაატარა და იგი მეორე ადგილზე იმყოფება.

"ლივერპული"

რეკორდი: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი (რობი ფაულერი - 4 წუთი და 33 წამი)

მერსისაიდული გრანდის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი რობი ფაულერი გახდა, რომელმაც 1994 წელს, "არსენალს" 4 წუთსა და 33 წამში სამი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი სადიო მანე გახლავთ, რომელამც რეკორდი "საუთჰემპტონის" მაისურით დაამყარა თუმცა ამ წუთას "ლივერპულის" ვარსკვლავია.

სხვა სტატიები