Belive

პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მეკარე

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ინგლისის პრემიერლიგაში მაღალი დონის უამრავ მეკარეს უთამაშია, თუმცა შემოგთავაზებთ 10 საუკეთესოს  

#10 ნევილ საუტოლი

უელსელი მეკარე, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები „ევერტონის“ შემადგენლობაში აქვს გატარებული. მას საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა, რადგან ლივერპულური კლუბი არ ბრწყინავდა და მათ კართან ბევრი სახიფათო მომენტი იქმნებოდა. საუტოლმა 1995 წელს 5 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. სწორედ ამ პერიოდში გუნდმა ასოციაციის თასი მოიგო. ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა.

#9 ჯო ჰარტი

ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი გამოირჩეოდა არასტაბილური თამაშით. ამის გამო პეპ გუარდიოლამ ის „მანჩესტერ სიტი“-დან გაუშვა, თუმცა იგი მაინც პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა.  ჯო ჰარტი წლების მანძილზე ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავდა და ბევრი კარგი ბურთიც აქვს მოგერიებული.
 

#8 დევიდ ჯეიმსი

კიდევ ერთი ინგლისელი მეკარე დევიდ ჯეიმსია. ისიც არასტაბილური  იყო, თუმცა წლების განმავლობაში საიმედოდ იცავდა როგორც ინგლისის ნაკრების კარს, ისე იმ 5 კლუბის ღირსებას, რომლებშიც ერთად 572 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ჯეიმსმა პროფესიონალური კარიერა 2014 წელს დაასრულა.

#7 ბრედ ფრიდელი

„ნოტინგემ ფორესტი“, „სანდერლენდი“, „ნიუკასლი“, „ლივერპული“, „ბლექბერნი“ და „ტოტენჰემი“. ეს ის კლუბებია, რომლებშიც ამერიკელი მეკარე, ბრედ ფრიდელი თამაშობდა. 2000 წელს ის პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეკარედ ითვლებოდა. გარდა ამისა, ფრიდელი არის პრემიერლიგის იმ 5 მეკარეს შორის, რომლებსაც მეტოქის კარში ბურთი აქვთ გატანილი.
 

#6 შეი გივენი

ლეგენდარული ირლანდიელი მეკარე, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი „ნიუკასლ“-ში აქვს გატარებული. გივენი ამ გუნდის წარმატებასაც მოესწრო და წარუმატებლობასაც. მისი მეკარეობა ხანდახან კამათსაც იწვევდა, იყო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა საბოლოოდ ყველა შეთანხმდა, რომ გივენი მართლაც გამოირჩეოდა. „ნიუკასლის“ შემდეგ მან კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელა. შეი გივენი პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო თერთმეტ მეტრიანის ამღებ კიპერად ითვლებოდა.

#5 ედვინ ვან დერ სარი

„ის ჩემი საუკეთესო შენაძენია“ - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის, რომლის ადრესატიც ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარე, ედვინ ვან დერ სარია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი არა პრემიერლიგაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ოთხჯერ აქვს პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოგებული. „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისი შეძენა ჯერ კიდევ 1999 წელს სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
 

#4 დავიდ დე ხეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი მეკარე, დავიდ დე ხეაა, რომელიც ამ კლუბის ღირსებას ახლაც იცავს. ესპანელი მეკარე პრემიერლიგაში 2011 წელს გადავიდა. ამ პერიოდში კი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში 246 თამაშის ჩატარება მოასწრო. დღესდღეისობით დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯია.
 

#3 დევიდ სიმენი

ინგლისელი მეკარე, რომლის ზედმეტსახელიც „უსაფრთხო ხელები“ იყო. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო „არსენალში“ თამაშობდა და ამ გუნდის ლიდერადაც ითვლებოდა. სიმენი ცნობილია თავისი სწრაფი რეაქციით. კარის ხაზზე თამაშში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. მისი ფიცხი და ფეთქებადი ხასიათი მის ლიდერულ თვისებებს ავლენდა.

#2 პეტერ ჩეხი

ლეგენდარული ჩეხი მეკარე პრემიერლიგის საუკეთესო კარის დარაჯებში მეორე საპატიო პოზიციას იკავებს. ის გამორჩეულია ყველა ასპექტში. პოზიციურ თამაშში, გამოსვლაში, თერთმეტ მეტრიანების მოგერიებაში, კარის ხაზზე და ფეხით თამაშში. პეტერ ჩეხი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ლონდონის „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა კი „არსენალის“ ღირსებას იცავს.
 

#1 პეტერ შმეიხელი

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დანიური ფეხბურთის ლეგენდა, პეტერ შმეიხელი ითვლება. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ამ კლუბში 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. მას ლიდერის თვისებები ჰქონდა და მუდმივად ამტკიცებდა თავის უმაღლეს კლასს. „მეკარეს ხანდახან შეუძლია თამაშის მოგება, მაგრამ შმეიხელს მოგებული აქვს იმდენი მატჩი, რამდენიც არცერთ სხვა მეკარეს“ - ეს სიტყვები რაიან გიგზს ეკუთვნის.
  ესეთი იყო პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეთა ათეული. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში ბევრი უმაღლესი დონის კიპერია, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ.

სხვა სტატიები