Belive

პრევიუ: ბარსელონა-რეალი

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

ბარსელონა-რეალი

დრო: 18 დეკემბერი, სამშაბათი, 23:00 საათი მსაჯი: ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი (ესპანელი, 37 წლის) სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა, ესპანეთი) სატურნირო მდგომარეობა უპრინციპულეს დაპირისპირებას, რომელსაც თვალს მსოფლიოს ყველა წერტილიდან მილიონობით ადამიანი ადევნებს, გუნდები თანაბარი სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. მეტოქეებს 35 ქულა აქვთ და ცხრილში პირველობისთვის იბრძვიან. უპირატესობა კატალონიელთა მხარესაა, რომელთაც ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ. მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონამ" 11 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3-ჯერ დამარცხდა. ერთადერთი წაგებაა "ბლანკოსების" ანგარიშზე, თუმცა "რეალმა" მოგება 5-ჯერ ვერ მოახერხა, 3 ქულა კი 10-ჯერ მოიპოვა. რაოდენ ფრთხილ ან ნაკლებად აგრესიულ ფეხბურთსაც არ უნდა ანიჭებდეს მწვრთნელი უპირატესობას, როცა გუნდში ლეო მესის და ლუის სუარესის დონის თავდამსხმელები არიან, "ბლაუგრანასგან" ჩემპიონატში ყველაზე მეტი (43) გოლის გატანა გასაკვირი აღარ არის. სამაგიეროდ, კარის მშრალად შენახვა კატალონიელებს უჭირთ მათ უკვე 20 გოლი გაუშვეს და ამ კომპონენტში გასწრების შესაძლებლობა 5 გუნდს მისცეს. ზიდანის ბიჭებს ბურთების შეფარდების საკმაოდ კარგი (ლიგაში მეორე) შედეგი აქვთ, მათ მეტოქის კარი 33-ჯერ აიღეს, თავად კი 12 ბურთი მიიღეს, ამაზე ცოტა მხოლოდ იან ობლაკს და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" აქვს. სათამაშო ფორმა "ბარსელონას" ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა კატალონიელებმა ბოლო ტურში, "რეალ სოსიედადთან" ნათამაშები ფრით (2:2) მიჯრით მოგებების სერია შეწყვიტეს. საშინაო კედლებში "ბარსას" დამარცხება თითქმის წარმოუდგენელია, მათ "კამპ ნოუზე" ბოლო 30 შეხვედრიდან არცერთი წაუგიათ, 26 კი მოიგეს. "ბარსელონამ" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. "ბარსამ" ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში სულ მცირე 4 ბურთი შეაგდო. ბოლო 6 საშინაო დაპირისპირებაში, კატალონიელებმა ორივე ტაიმის მოგება მოახერხეს. "ბარსელონას" ბოლო 7 საშინაო მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. "რეალი" ყველა ტურნირზე 11 მატჩია არ დამარცხებულა, ბოლოს მათ "მალიორკასთან" (0:1) წააგეს, რაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი მარცხია. "სამეფო კლუბი" მეტოქის მოედანზე ბოლო 5 მატჩში არ დამარცხებულა. უშუალოდ ლა ლიგაში ზინედინ ზიდანის გაწვრთნილებმა ბოლო 7 მატჩი წაუგებლად განვლეს. ურთიერთშეხვედრები ბოლო 2 ელ კლასიკო "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს "რეალმა" "ბარსელონა" 2019 წელს დაამარცხა, მას მერე კი გუნდებმა ერთმანეთში 6-ჯერ ითამაშეს. ბოლო 11 დაპირისპირებიდან მადრიდელებმა მხოლოდ 2 მოიგეს. "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 16 მატჩში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. 2002 წლის შემდეგ კლასიკოში უგოლო ფრე არ დაფიქსირებულა, მას შემდეგ 50 მატჩი შედგა. "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 15 კლასიკოში გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა. ფაქტები მატჩის შესახებ მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც საშინაო მატჩებში ქულათა მაქსიმუმი აქვს დაგროვებული (21) - 7/7 მოგება. "ბარსელონას" ბოლო 6-დან 5 მატჩში ანგარიშის გამხსნელი გოლი აქვს გატანილი. ლეო მესი მადრიდელებს პრობლემებს ტრადიციულად შეუქმნის - ის შესანიშნავ ფორმაშია და ლა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ჩემპიონატის ეგიდით ნათამაშებ 25 კლასიკოში მან მეტოქეს 18-ჯერ გაუტანა. არგენტინელთან ერთად, მოახლოებულ დაპირისპირებაში ლა ლიგის ამ სეზონის მეორე საუკეთესო ბომბარდირი ქარიმ ბენზემაც ითამაშებს - ორივე მათგანის ანგარიშზე 12 გოლია. დანაკლისი ბარსელონა: ვერ ითამაშებენ - უსმან დემბელე, არტური. რეალი: ვერ ითამაშებენ - მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი, ედენ აზარი, მარსელო. შესაძლოა ვერ ითამაშოს - ხამეს როდრიგესი. სავარაუდო შემადგენლობა ბარსელონა: ტერ შტეგენი - ალბა, ლენგლე, პიკე. რობერტო -რაკიტიჩი, დე იონგი, ბუსკეტსი - გრიზმანი, სუარესი, მესი. (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანელი, 55 წლის) რეალი: კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი - ბენზემა, ბეილი. (4-3-1-2). მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (ფრანგი, 47 წლის). მსაჯი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი გამოცდილი ესპანელი არბიტრია, რომელსაც ფეხბურთელების გაფრთხილების არ ერიდება. 37 წლის რეფერიმ ბოლო 18 მატჩიდან 17-ში ფეხბურთელებს მინიმუმ 4 ბარათი უჩვენა. ამ სეზონში ერნანდესმა "ბარსელონას" ერთი მატჩი უკვე განსაჯა, "ლევანტესა" და კატალონიელების დაპირისპირებაში მან ბარათი 8-ჯერ გამოიყენა. ალეხანდრო ერნანდესს კარიერაში სამი ელ კლასიკო აქვს განსჯილი და ყველა მათგანში მინიმუმ 4 ბარათი ნაჩვენები. მატჩისწინა კომენტარები "დიდებული გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მათ ლეო მესი ჰყავთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ძლიერი იარაღები. ელ კლასიკოს სათამაშოდ მოედანზე გასვლა რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა. ფეხბურთელობის დროს კლასიკოს წინ განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ასეთი მატჩებისთვის ღირს ცხოვრება. საინტერესოა ისიც, რომ სტადიონზე "ბარსელონასთან" ერთად მისვლა მოგვიწევს. ეს განსაკუთრებული მომენტია",-ზინედინ ზიდანი. პროგნოზი "ბარსელონას" ერნესტო ვალვერდეს ხელი უფრო და უფრო მეტად ეტყობა, ტრადიციულ სათამაშო სტილს კი ნელ-ნელა ღალატობს, რის გამოც "ბლაუგრანას" თამაში უწინდებურად ფეერიული აღარაა, თუმცა 10 ნომრით დანიშნული ვარსკვლავი ჯერაც ყველაზე მეტად კაშკაშებს. რაც შეეხება "სამეფო კლუბს" მათ "მეფის" გაშვების, წინა სეზონის არეულობის და ბუმერანგივით დაბრუნებული ზიდანის შემდეგ, საკადრისი სტაბილურობა აღიდგინეს და კვლავაც ფავორიტთა სიაში ეწერებიან. თანაც ეს მაშინ, როცა გუნდი გაახალგაზრდავების გზაზეა, ლიდერთა უმეტესობა კი კლასიკოს ლაზარეთიდან უცქერს. იმ სტატისტიკის გათვალისწინებით, რომელიც "ბარსელონას" ბოლო წლებში საშინაო კედლებში აქვს, მეტად სავარაუდოა, რომ კატალონიელები გამარჯვებას მოახერხებენ, თუმცა შეხვედრის სტატუსიდან და გუნდების სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გოლის გატანა ორივე გუნდმა უნდა მოახერხოს.

სხვა სტატიები