Belive

ყველაფერი, რაც დღევანდელი ელ კლასიკოს შესახებ უნდა ვიცოდეთ

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
დღეს, 1 მარტს, 23:59-ზე, მადრიდი, ესპანეთი და სრულიად საფეხბურთო სამყარო, სრულიად განსხვავებული რიტმზე გადაერთვება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება, "ელ კლასიკო" გაიმართება. ორივე გუნდისთვის, გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდი ალბათობით, ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებული სწორედ დღეს გამოვლინდება. იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდს წინ ისეთი მეტოქეები ელოდებათ, როგორებიც "რეალ სოსიედადი," "ატლეტიკო," "ხეტაფე" და სევილია არიან, დღევანდელი დერბი საჩემპინო მარათონში უდიდეს როლს ითამაშებს.
1581021310_623866_1581021354_noticia_normal
აღსანიშნავი ფაქტია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაცილებით კარგად თამაშობს, ვიდრე საშინაო არენაზე: "ბლაუგრანამ" "ბერნაბეუზე" ჩატარებული გასული 4 მატჩიდან, ოთხივეს მოგება შეძლო. ასევე ნიშანდობლივი ფაქტია, რომ მადრიდის "რეალს" "ლა ლიგაში" ბარსელონა უკვე წლებია, არ დაუმარცხებია: 2016 წლის 2 აპრილის შემდეგ, "ლა ლიგის" ეგიდით "ელ კლასიკო" 7-ჯერ გაიმართა, თუმცა მადრიდელებს გამარჯვება ერთხელაც არ უზეიმიათ. იმ შემთხვევაში, თუკი "რეალი" დღესაც არ გაიმარჯვებს, გუნდი საკუთარ ისტორიაში მორიგ ანტირეკორდს დაამყარებს.
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს - კიკე სეტიენი "რეალს" კარგად იცნობს, თუმცა ასეთი დონის დაპირისპირებაში, "სამეფო კლუბთან" მას დაპირისპირება პირველად უწევს. ესპანელი სპეციალისტი "რეალს" აქამდე 8-ჯერ შეხვედრია (2 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი) და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არცთუ ურიგო შედეგი აქვს დაფიქსირებული. ახალი მწვრთნელის სტილი "ბარსელონას" ფილოსოფიასთან უფრო მეტადაა კავშირში, ვიდრე ამას ერნესტო ვალდერდე ახერხებდა. გუნდი ბურთის კონტროლზე, მეტოქეზე დომინირებაზე და აქტიურ პრესინგზეა ფოკუსირებული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამის ფონზე, "ბარსელონა" განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა. ყოველი შემთხვევისთვის, "ნაპოლისთან" მატჩი (1:1) სწორედ ამას მოწმობს, სადაც ნეაპოლელებმა გაცილებით ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს. "ნაპოლი" სხვაა, "რეალი" კი სხვა: კატალონიელები მადრიდში გაასმაგებული მოტივაციით თამაშობენ და ზოგადად, უკანასკნელი წლების განმავლობაში, დერბიში უპირობოდ ლიდერობენ: 12 მატჩიდან, "ბარსელონამ" 8 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ესპანური Marca-ს თანახმად, ზიდანი და სეტიენი გუნდებს მოედანზე სწორედ ასეთი ტაქტიკითა და შემადგენლობით გამოიყვანენ 

ერთი სიტყვით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში "რეალისთვის" თითქოს დამატებითი ძალაა, თუმცა "ბარსელონასთან" შეხვედრისას, შეიძლება ითქვას რომ პირიქითაც ხდება. მეორე მხრივ, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, ზიდანისთვის ამ მატჩში გამარჯვება მოტივაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია და მეტიც, ფრანგი ღიად აცხადებს, რომ "ლა ლიგაში" გამარჯვება მისთვის პრიორიტეტულია.

ვინ ვერ ითამაშებს?

ორივე გუნდს წინა ხაზში საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს: "რეალის" მხრიდან, გუნდს ვერ დაეხმარება ედენ აზარი (კოჭის ტრავმა), როდრიგო (წითელი ბარათი, რომელიც მან "კასტილიაში" თამაშისას მიიღო) და მარკო ასენსიო, რომელმაც ტრავმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო და სეზონის გამოტოვება მოუწია. შეტევითი პოტენციალის სისუსტე განსაკუთრებით გამოიკვეთა "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაში, სადაც გვარდიოლას შეგირდებმა ბენზემას განეიტრალება შეძლეს, ხოლო ვინიციუს ჯუნიორმა კი, საგოლე პასის გაკეთების მიუხედავად, ვერ დაგვანახა, რომ ლიდერის ფუნქციის შეთავსება შეუძლია. რაც შეეხება "ბარსელონას" - ლუის სუარესი, უდავოდ, "ბლაუგრანასთვის" დიდი დანაკლისი იქნება. ურუგვაელს მუხლის ტრავმა აწუხებს. მის გარდა, "ბარსელონას ასევე უსმან დემბელე და სერხი რობერტოც გამოაკლდებიან.  

სხვა სტატიები