Belive

პსჟ - ნაპოლი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე C ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" მიიღებს.  "ნაპოლი" ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციას 3-3 ქულით "ლივერპული" და "პსჟ" ინაწილებენ. პარიზელებს საკუთარ მოედანზე, "პარკ დე პრენს"-ზე 30 ივლისის შემდეგ არ წაუგიათ. 9 შეხვედრაში გაიტანეს 37 ბურთი და გაუშვეს მხოლოდ 4. ყველა ტურნირზე ერთად, გუნდმა ბოლო 15 შეხვედრიდან მოიგო 13 თამაში და მხოლოდ 2 წააგო. საფრანგეთის "ლიგა 1"-ში პარიზელებს კონკურენტი არ ყავთ. 10 ტურის შემდეგ გუნდს მაქსიმალური, 30 ქულა აქვს. უახლოეს მდევარ "ლილს" 8 ქულით უსწრებს. სავარაუდოა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებს. დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო გუნდს დანი ალვეში, ტიაგო სილვა და კურჟავა ვერ დაეხმარებიან. დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი გამოტოვებს. რაც შეეხება "ნაპოლის", იტალიელებიც კარგ ფორმაში არიან. მცირე დანაკლისი მათაც აქვთ. ვერ ითამაშებს გულამი. ასევე საეჭვოა ვერდისა და იუნესის თამაშიც. ნეაპოლელებმა ყველა ტურნირზე ერთად, ბოლო 10 შეხვედრაში 7 მოიგეს, 2 წააგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. გაიტანეს 20 ბურთი და გაუშვეს 6. რაც შეეხება "სერია ა"-ს, "ნაპოლი" მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩება. "პარი სენ-ჟერმენსა" და "ნაპოლის" UEFA-ს ეგიდით ერთმანეთში ორი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, მეორე კი პარიზელების გამარჯვებით დამთავერდა. ბურთების შეფარდებაც, შესაბამისად, მათ სასარგებლოდაა 2:0-თან. საინტერესოა "პსჟ"-ს ლიდერის, ედინსონ კავანის თამაში. ურუგვაელი ფეხბურთელი 3 სეზონის განმავლობაში, სწორედ "ნაპოლის" ღირსებას იცავდა. ნეაპოლელების მაისურით კი 103 შეხვედრაში 78 ბურთი გაიტანა. დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები