Belive

პსჟ Vs. მანჩესტერ სიტი (პრევიუ)

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. ფრანგული და ინგლისური გრანდების დაპირისპირება 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ინგლისის ლიგის თასის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ სიტი" პარიზში ამაღლებული განწყობით ჩადის. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზეც შეეცდება წარმატებული სვლის გაგრძელებას. ადგილობრივ ჩემპიონატებში ორივე გრანდი ბრწყინვალედ გამოიყურება. პარიზელებმა და მანჩესტერელებმა უკანასკნელ წლებში არაერთი ტიტულის მოპოვება შეძლეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მათთვის კვლავ აუხდენელ ოცნებად რჩება. აღსანიშნავია, რომ პარიზელები ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობენ - "პსჟ"-მ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა შეძლო, თუმცა "ბაიერნთან" დამარცხდა. მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, "პარი სენ ჟერმენმა" "ბაიერნის" ბარიერი გადალახა. "მანჩესტერ სიტიმ" ნახევარფინალური საგზური "დორტმუნდის" დამარცხებით მოიპოვა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტი" მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" 10-ქულიანი სხვაობით უსწრებს და უდიდესი ალბათობით, უკანასკნელი 4-წლის მანძილზე პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს მესამედ გაიფორმებს. ინგლისში მოპოვებული ტიტულების მიუხედავად, "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს უასპარეზია. UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, "პარი სენ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ - სტატისტიკა "ქალაქელთა" სასარგებლოდ მეტყველებს. მანჩესტერელებმა 1 გამარჯვება მოიპოვეს, 2 შეხვედრაში კი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ დაპირისპირებაში, 2016 წელს, "მანჩესტერ სიტიმ" "პსჟ" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა. შემადგენლობის თვალსაზრისით, ნახევარფინალურ დაპირისპირებას ორივე გრანდი პრაქტიკულად უდანაკარგოდ ხვდება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპეს მოედანზე ხილვა საეჭო იყო, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ფრანგი ვარსკვლავი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. "პარი სენ ჟერმენის" შედეგი ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში: მოგება, წაგება, მოგება, მოგება, მოგება "მანჩესტერ სიტის" შედეგი ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში: წაგება, მოგება, წაგება, მოგება, მოგება

სხვა სტატიები