Belive

ქართული ლეგიონი: შაბათ-კვირის მიმოხილვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
საკლუბო ფეხბურთმა პაუზა აიღო და ჯერი სანაკრებო დაპირისპირებებზე მიდგა. ვიდრე, საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს, გასულ შაბათ-კვირას ქართველი ლეგიონერების მიერ ნაჩვენებ შედეგებს გადავხედოთ.

კვიპროსი

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" "აპოლონი" მიიღო და 3:1 იმარჯვა. გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშეს, მურთაზ დაუშვილი მოედანზე 66-ე, ხოლო ნიკა კაჭარავა 73-ე წუთზე შევიდა. "ანორთოსისს" 4 ტურის შემდეგ, 3 მოგებით და 1 ფრით 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თანაც ისე, რომ მეორეადგილოსან "ომონიაზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ამავე ჩემპიონატში, "პარალიმნიმ" "დოქსას" 3:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში ირაკლი მაისურაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

პოლონეთი

პოლონეთის ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" დავით სხირტლაძის "არკას" უმასპინძლა და 4:1 მოუგო. სხირტლაძემ 90 წუთი ითამაშა, მერებაშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ვისლას" 19 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ლიდერ "პოგონს" ორით ჩამორჩება, ხოლო "არკა" ბოლოდან მესამე (მე-14) პოზიციაზეა. პოლონეთშივე, მოქმედმა ჩემპიონმა გილვიცეს "პიასტმა" ვაკო გვილიას "ლეგიას" 2:0 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 17 ქულით მეცხრე ადგილზე ჩამოიწია.

რუსეთი

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივმა" ტულას "არსენალს" საშინაო კედლებში - 2:1 სძლია. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე საბა კვირკველია იყო, ხოლო სტუმართა დაცვის ცენტრში სრულად გია გრიგალავა იდგა, რომელმაც 82-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. 12 ტურის შემდეგ, "რკინიგზელები" 26 ქულით ჩემპიონატს ლიდერობენ, ტულა კი 14 ქულით მეშვიდეა. ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ყაზანის "რუბინმა" "ტამბოვს" - 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც 73 წუთი ითამაშა და მოედანზე ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ, "ტამბოვისგან" გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კი წარმოშობით ქართველი და რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძეა. ყაზანური კლუბი მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსეთის რანგით მეორე ლიგაში "ნეფთეხიმიკმა" "ჩაიკასთან" სტუმრად 2:0 იმარჯვა, შეხვედრაში პირველი გოლი მერაბ ურიდიამ გაიტანა, რომელმაც 70 წუთი ითამაშა. 26 წლის ქართველი შემტევის გუნდს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეექვსე ადგილზეა, მისი გუნდი კი ოთხეულს ასრულებს.

უზბეკეთი

უზბეკეთის ჩემპიონატში "ქიზილქუმმა" შინ ტაშკენტის "ლოკომოტივთან" ფრე - 1:1 ითამაშა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი (პენალტით) ლაშა თოთაძემ გაიტანა, მისმა თანაგუნდელმა მათე ვაწაძემ კი 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველების გუნდი ბოლოსწინა პოზიციაზეა. უზბეკეთშივე, შოთა არველაძის "ფახთაქორმა" (სოგდიანასთან 3:0) ქვეყნის შიგნით ჩატარებულ ტურნირებზე ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო და 24-ე შეხვედრაში წაუგებელი გამოვიდა.

ყაზახეთი

ყაზახეთში კახა ცხადაძის "ორდაბასმა" "ასტანას" 1:1 ეთამაშა და ამით ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლს" საჩემპიონო გზაზე ხელი შეუწყო. ამის მიუხედავად, "ტობოლმა" "ჟესტიუსთან" უგოლო ფრე ითამაშა და ლიდერ "კაირათს" 3 ქულით ჩამორჩა, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩასატარებელი. ამავე ლიგაში "თარაზმა" "ოკზეფთესს" 3:2 მოუგო. დუბლის შესრულება და საგოლე გადაცემის გაკეთება ელგუჯა ლობჟანიძემ მოახერხა, ვისაც ამ სეზონში უკვე 8 გოლი მოუგროვდა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

უნგრეთი

უნგრეთის OTP ბანკ ლიგაში მეზოკოვეშდმა "უიპეშტს" სტუმრად 2:1 მოუგო. სტუმრების მაისურით 84 წუთი ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, რომელსაც ამ სეზონში უკვე 3 გოლი აქვს, მისი გუნდი კი 18 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ზივზივაძის გადასწრების შესაძლებლობა ლაშა დვალის ფერენცვაროშს აქვს, მართალია ქართველი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია, თუმცა მისი "ფერენცვაროში" 5 მოგებითა და 1 ფრით მესამე ადგილზეა და გამოტოვებული შეხვედრის მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადასვლას მოახერხებს.

შვეიცარია

შვეიცარიაში, "ლუცერნმა" "თუნთან" სტუმრად 2:0 იმარჯვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა. "ლუცერნს" 12 ქულით მეხუთე ადგილი უკავია და ევროზონას 4 ქულით ჩამორჩება.

საბერძნეთი

საბერძნეთში, "პანიონიოსმა" კრეტას "ოფისთან" 1:4 წააგო. ერთადერთი გოლი მატჩის მეცხრე წუთზე ბაჩანა არაბულმა გაიტანა, რომელმაც სრულად ითამაშა და სეზონში მესამე ბურთი შეაგდო. გარდა ამისა, არაბულის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

დანია

დანიაში, "რანდერსმა" "ორჰუსთან" საშინაო კედლებში 2:0 მოიგო. მასპინძელთა მეორე გოლში მონაწილეობა პასით საბა ლობჟანიძემ მიიღო. საქართველოს ნაკრების შემტევმა, რომელმაც 87 წუთი ითამაშა, სეზონში 6 გოლთან ერთად 2 საგოლე პასიც მიითვალა. "რანდერსი" 20 ქულით მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ "კოპენჰაგენსა" და "მიდტიულანდს" ჩამორჩება.

უკრაინა

უკრაინაში სანდრო კობახიძის "დნიპრომ" მოქმედ ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" 0:2 წააგო. კობახიძე განაცხადში არ ყოფილა, მისი მეტოქის მცველი დავით ხოჭოლავა კი სათადარიგო იყო. შახტარს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი აქვს 10-დან 10 მოგება და 30 ქულით პირველი ადგილი.

ბელგია

ბელგიაში "ვარეგემმა" "სერკლ-ბრიუგე" 6:0 გაანადგურა. ლუკა ზარანდია მოედანზე 65-ე წუთზე შემოვიდა და ბოლო გოლში გადამწყვეტი პასი გააკეთა.

თურქეთი

თურქეთის მეორე ლიგაში "ადანასპორთან" "უმრაინეისპორთან" 1:2 წააგო. ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გიორგი არაბიძემ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და 81 წუთიც ითამაშა.

შვედეთი

შვედეთის ჩემპიონატში "გიოტებორგმა" გათამაშების ლიდერ "მალმიოს" სტუმრად ეთამაშა და 0:1 წააგო. სტუმართა რიგებში გიორგი ხარაიშვილმა მთელი მატჩი ითამაშა და 61-ე წუთზე, ამ მარცხის შემდეგ, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "გიოტებორგმა" ევროტურნირებზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

სხვა სტატიები