Belive

ქართული ტრიუმფი ევროსარბიელზე - ყველაფერი ერთა ლიგისა და ევრო 2020-ის შესახებ

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D-დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. D1 ჯგუფში, ჯვაროსნებმა 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და D-დივიზიონის საუკეთესო პირველადგილოსნის სტატუსი მოიპოვეს. UEFA-ს ერთა ლიგის D-დივიზიონის ოთხივე ქვეჯგუფის გამარჯვებული ცნობილია. საქართველო, ბელორუსი, კოსოვო და მაკედონია ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებელ პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ერთმატჩიან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, D-დივიზიონის საუკეთესო პირველადგილოსანი (საქართველო) ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ბელორუსს უმასპინძლებს, მაკედონია კი საკუთარ კედლებში კოსოვოს დამარცხებას შეეცდება. ნახევარფინალში გამარჯვებული ნაკრებები ერთმანეთს ასევე ერთმატჩიან ფინალში დაუპირისპირდებიან. ფინალის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი. ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 2020 წლის მარტში, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ფინალის მასპინძელი ნაკრების გამოსავლენი წილისყრა 2019 წლის ნოემბერში გაიმართება.
UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფს მიღმა საქართველს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც შეეძლება. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დუბლინში, 2 დეკემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები კი 2019 წლის 21 მარტს აიღებს სტარტს და იმავე წლის 19 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში მონაწილე 55 ქვეყნის ნაკრები 10 ქვეჯგუფში გადანაწილდება. ცნობილია, რომ 5 ქვეჯგუფი 5-გუნდიანი იქნება - 5 ქვეჯგუფი კი 6-გუნდიანი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად მე-4 კალათში მოხვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად, ქვეჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოხვდება მე-4 კალათის 9 ნაკრები (უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეტი, სლოვენია, ლიეტუვა) ვერ იასპარეზებს.
UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა თუ რომელ კალათებში გადანაწილდა 55 ნაკრები.

კალათები

UEFA-ს ერთა ლიგის კალათა (4): შვეიცარია*, პორტუგალია*, ჰოლანდია*, ინგლისი* კალათა 1 (6): ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი კალათა 2 (10): გერმანია, ისლანდია, ბოსნია & ჰერცოგოვინა*, უკრაინა*, დანია*, შვედეთი*, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი კალათა 3 (10): სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია*, ნორვეგია*, სერბეთი*, ფინეთი*, ბულგარეთი, ისრაელი კალათა 4 (10): საქართველო*, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა კალათა 5 (10): მაკედონია*, კოსოვო*, ბელორუსი*, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები კალათა 6 (5): ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო * UEFA-ს ერთა ლიგის ქვეჯგუფების გამარჯვებულები  

სხვა სტატიები