Belive

"ყოველთვის ამ მიზნის მისაღწევად ვშრომობდი, ნაკრები მთავარი მოტივაციაა" - გურამ გიორბელიძის ემოციები ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის მიერ პირველად შედგენილ განაცხადში რამდენიმე ახალწვეულია, მათ შორის ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე, რომელმაც ამ სიახლის შემდეგ პირველი კომენტარი Live.ge-სთან გააკეთა. "ნაკრებში მოხვედრა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. სულ ამისთვის ვშრომობდი, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ ამ მიზანს მივაღწიე, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. რა თქმა უნდა, სურვილი და მოლოდინი მქონდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეროვნულ გუნდში მოვხვდებოდი, რადგან ავსტრიაში წამოსვლის შემდეგ 6 თვე გამიცდა. თუმცა, მწვრთნელი დამეხმარა, ნდობა გამომიცხადა და სათამაშო პრაქტიკა მომცა. ჩემი მხრივ, მაქსიმალურად შევეცადე, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო, მალე აღმედგინა ფორმა და სასურველ კონდიციებში დავბრუნებულიყავი. მიხარია, რომ ასე მოხდა.  როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, წარმოუდგენელი ემოცია დამეუფლა და ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, ეროვნულ გუნდში თამაში უდიდესი მოტივაციია და წარმატებისკენ სწრაფვას ნაკრებში მოხვედრა კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. თანაც, ჩვენი მეტოქე გუნდები ვარსკვლავური შემადგენლობით იქნება დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოწვევა და გამოცდილება იქნება", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა. "ჯვაროსნები" 2021 წელს 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთთან გასამართი პირველი ტურის მატჩით დაიწყებენ.

სხვა სტატიები