Belive

ყველა დროის საუკეთესო გუნდები, რომლებიც ისტორიას დარჩა

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
რომელია მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდი? კითხვა, რომელზეც ყველა ადამიანს ინდივიდუალური შეხედულება აქვს. რეალურად, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც არსებობს. ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, რომ პეპ გვარდიოლას პერიოდში, "ბარსელონა" მსოფლიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. უფროსი ასაკის ადამიანები კი იტყვიან, რომ 70-იან წლებში ბრაზილიისა და ჰოლანდიის შემადგენლობა მსოფლიოს ყველა გუნდს დაამარცხებდა. ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Marca-მ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდების ჩამონათვალი გააკეთა. საინტერესოა, რომელი გუნდები გამოარჩიეს ესპანელმა ჟურნალისტებმა.

ესპანეთი - 2008-2012 წლები

ქვემოთ მოცემულ ფოტოში, ევრო 2012-ის ფინალის შემადგენლობაა, სადაც ესპანელებმა იტალიას 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. "ტიკი-ტაკას" შემოქმედები ევროპასა და მთელ მსოფლიოში 6 წლის განმავლობაში დომინირებდნენ და მათთვის ბურთის ართმევა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის ნაკრების აღზევება "ბარსელონას" საუკეთესო ეპოქას დაემთხვა და ორივე გუნდი საერთო ფილოსოფიაზე, გუნდის ტოტალურ კონტროლზე იყო ორიენტირებული. მაღლა: იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, ხაბი ალონსო, სერხიო რამოსი, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე ქვემოთ: დავიდ სილვა, ანდრეს ინიესტა, ხავი, სესკ ფაბრეგასი, ხორდი ალბა
690

ბრაზილია - 70-იანი წლები

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული, უძლიერესი გუნდი. 1970 წლის ჩემპიონატამდე, ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ორჯერ (1958, 1962) ჰქონდა მოგებული. სელესაომ 1970 წელს საოცარი, ახალი სტილის ფეხბურთი ითამაშა - ისეთი, როგორიც ფეხბურთის გულშემატკივარს მანამდე არ ჰქონდა ნანახი. მაღლა: კარლოს ალბერტო, ბრიო, ფელიქსი, პიაცა, კლოდოალდო, ევერალდო. ქვემოთ: ჟაირზინიო, ჟერსონი, ტოსტაო, პელე, რიველინო.

მადრიდის რეალი - ზედიზედ 5-ჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი

უდავო ფაქტია, რომ 50-იანი წლების "რეალი" იმ დონის ფეხბურთს არ თამაშობდა, რასაც ზემოთაღნიშნული გუნდები, თუმცა მადრიდული გრანდი გასული საუკუნის შუა წლებში უპირობო ლიდერი იყო ევროპულ ფეხბურთში. "ლოს ბლანკოსი" ევროპის იმდროინდელ უმთავრეს ტურნირზე ზედიზედ 5 წლის განმავლობაში დომინირებდა, რომლის მთავარი დამრტყმელი ძალა ალფრედო დი სტეფანო იყო, რომელსაც გვერდს ხენტო და პუშკაში უმაგრებდნენ. მაღლა: ხუანიტო ალონსო, ხოსე სანტამარია, რაფაელ ლესმესი, ხუან სანტისტებანი, ხოსე მარია სარაგა. ქვემოთ: რაიმონ კოპა, ექტორ რიალი,ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში, პაკო ხენტო.

პეპ გვარდიოლას ბარსელონა

გვარდიოლას პერიოდის "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო გუნდის პრეტენზია სამართლიანად აქვს, თუმცა ეს შეფასებაც სუბიექტურია. 2008-2012 წლებში, გვარდიოლამ მესის, ხავის, ინიესტასა და სხვა ფეხბურთელების პოტენციელი მაქსიმალურად გამოიყენა და შეუჩერებელი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც 3 ლა ლიგის ტიტული და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაღლა: ერიკ აბიდალი, პედრო, ხავიეს მასკერანო, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ვიქტორ ვალდესი. ქვემოთ: ლიონელ მესი, დანი ალვეში, დავიდ ვილია, ანდრეს ინიესტა, ხავი

მიუნხენის ბაიერნი - ფრანც ბეკენბაუერის პერიოდი

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა თასი ზედიზედ 3 სეზონში (1974, 1975 და 1976) მოიგო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიუნხენურ გრანდს გოლი არცერთ ფინალში არ გაუშვია, რაც დიდწილად ფრანც ბეკენბაუერის დამსახურება იყო - ადამაინის, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მაღლა: ფრანც ბეკენბაუერი, ფრანც როთი, ფრანც კრაუტჰაზენი, უდო ლატეკი (მწვრთნელი), ჰანს-გეორ შვარცენბეკი, გერდ მიულერი, ული ჰიონესი ქვემოთ: ვილჰელმ ჰოფმანი, ჯონი ჰანსენი, ზეპ მაიერი, შნაიდერი, ბერნდ დურნბერგერი.

მადრიდის რეალი - ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მომგები გუნდი

მადრიდის "რეალი" ერთადერთი გუნდია ისტორიაში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული. ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოგება არათუ 3-ჯერ, 2-ჯერაც კი ვერცერთმა გუნდმა მოახერხა. "სამეფო კლუბმა" ზედიზედ 3 ფინალში "ატლეტიკოს," "იუვენტუსისა" და "ლივერპულის" ძლევა მოახერხა, გუნდის შემადგენლობა კი სამივე შემთხვევაში, ძირთადად ერთი და იმავე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მაღლა: კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, კარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ ქვემოთ: კაზემირო, მარსელო, დანი კარვახალი, ისკო, ლუკა მოდრიჩი

ბარსელონა - "საოცნებო გუნდი"

კატალონიელებს ევროპის თასის მოგება 1992 წლამდე არ უზემიათ - "ბლაუგრანამ" იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით, "უემბლიზე" "სამპდორია" დაამარცხა და ევროპაში პირველობა იზეიმა. მაღლა: ანდონი სუბისარეტა, მიგელ ანხელ ნადალი, რონალდ კუმანი, მიქაელ ლაუდრუპი, ჰრისტო სტოიჩკოვი. ქვემოთ: ხოსე მარი ბაკერო, ეუსებიო, პეპ გვარდიოლა, ხუან კარლოსი, ალბერტ ფერერი და ჩიკი ბეგირისტაინი.

არიგო საკის მილანი

80-იანი წლების ბოლოს, არიგო საკის "მილანი" ევროპას აზანზარებდა. გუნდმა არაერთი ტიტული მოიგო და მის შემადგენლობაში ისეთი საკულტო ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც პაოლო მალდინი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი არიან. მაღლა: პაოლო მალდინი, მარკო ვან ბასტენი, გალი, კარლო ანჩელოტი, რუუდ გულიტი, ფრენკ რაიკაარდი. ქვემოთ: რობერტო დონადონი, ფრანკო ბარეზი, ალბერიკო ევანი, ანჯელო კოლომბო, მაურო ტასოტი.

აიაქსი - გუნდი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

ჰოლანდიის ნაკრების ჩაბარებამდე, რინუს მიხელსმა სახელი "აიაქსში" გაითქვა, სადაც მან ჩემპიონთა თასი ზედიზედ 3-ჯერ (1971, 1972, 1973) მოიგო. ლეგენდარული რინუს მიხელსი "ტოტალური ფეხბურთის" მთავარი შემოქმედია და სწორედ მისი შესანიშნავი ტაქტიკური ხედვებიდან გამომდინარე, "აიაქსი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა. მაღლა: ბარი ჰულშოფი, ჰაინც შტუი, ნიკო რეინდერსი, დიკ ვან დაიკი, არნოლდ მურენი. ქვემოთ: პიტ კაიცერი, შააკ სვარტი, ვიმ სუურბირი, ველიბორ ვასოვიჩი, იოჰან კრუიფი და იოჰან ნეესკენსი.

რისი დამატება შეიძლება

ამ გუნდების გვერდით, შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ "ლივერპული" 80-იან წლებში, სადაც იან რაში, კენი დალგლიში და ალან ჰანსენი თამაშობდნენ. ასევე გამოსაყოფია საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2000-ში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ასევე გამოსარჩევია 1999 წლის "მანჩესტერ იუნაიტედი," რომლის ნახევარდაცვას როი კინი, პოლ სქოულსი, დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი აკონტროლებდნენ. "წითელ ეშმაკების" ხელმძღვანელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, 2008 წელსაც ბრწყინვალე გუნდი ჩამოაყალიბა, რომლითაც კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.    

სხვა სტატიები