Belive

ყველაფერი, რაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზეპ ბლატერმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარი გამოაცხადა. მომდევნო წლებში, გამოძიებამ გამოაშკარავა, რომ გადაწყვეტილებაში კორუფციულმა გარიგებებმა უდიდესი როლი ითამაშა, რის გამოც ბლატერმა პოსტი დატოვა. თუმცა შედეგი მაინც იგივეა - ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი არასაფეხბურთო ქვეყანაში გაიმართება. დღეს, 7 დეკემბერს, ციურიხში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. ცერემონიალი თბილისის დროით, 21:00-ზე გაიმართება, ბურთებს კი კალათიდან ყოფილი ფებურთელები - დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი ამოიღებენ.

ფორმატი

ყატარის საგზურისთვის 10 ჯგუფში გადანაწილებული 55 ქვეყანა იბრძოლებს, დასკვნით ეტაპზე კი 13 ქვეყანა იასპარეზებს. კენჭისყრაზე მოცემული იქნება 6 კალათა: 5 მათგანში 10 ქვეყანა იქნება მოქცეული, მეექვსეში კი - 5. როგორც აღვნიშნეთ, 55 ქვეყნის წარმომადგენელი ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება (A-დან J-ის ჩათვლით). საშინაო და გასვლითი შეხვედრები მომდევნო წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში გაიმართება.

როგორ ჩამოყალიბდება პლეი-ოფი?

პირველ ადგილზე გასული 10 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად ხვდება. დარჩენილი 3 ადგილისთვის, 3 სხვადასხვა პლეი-ოფში, მეორეადგილოსანი და ასევე, საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები იბრძოლებენ.

რომელ კალათშია საქართველო?

კალათებში გადანაწილების საკითხს FIFA-ს უახლესი რეიტინგი წყვეტს, სადაც საქართველო 89-ე ადგილს იკავებს.

კალათი 1: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები;

კალათი 2: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბერთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

კალათი 3: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვერგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

კალათი 4: ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

კალათი 5: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

კალათი 6: მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი, სან მარინო.

როდის დაიწყება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი?

ტურნირი სტარტს 2022 წლის 21 ნოემბერს, ალ ბაითის სტადიონზე აიღებს. არასამთავრობო ორგანიზაციის, Amnesty International-ის თანახმად, სტადიონის 100 მშენებელს წელს ხელფასი არ აუღია, ორგანიზატორების თანახმად კი, ალ ბაითის სტადიონი უნიკალური, ნათელი მომავლის ამსახველი ადგილი იქნება.

სხვა სტატიები