Belive

ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული ტრანსფერის დასასრული - კავანიმ პსჟ დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
"ნაპოლიში" გატარებული 3 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 138 შეხვედრაში 104 გოლის გატანა შეძლო - ედინსონ კავანი პარიზულ გრანდს შეუერთდა. 2013 წლის 16 ივლისს, "პსჟ"-მ იმ დროისათვის ფრანგული რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა - ედინსონ კავანის სანაცვლოდ, პარიზელებმა €64 მილიონი გადაიხადეს. ახალი გამოწვევის წინაშე დამდგარ კავანის, გუნდში ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი დახვდა.

კავანი/იბრამიჰომიჩი - მომაკვდინებელი პარიზული დუეტი და ლეგენდის ჩრდილში ყოფნა

"პარი სენ-ჟერმენში" გადასულ ედინსონ კავანის გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დახვდა, რომელიც პარიზულ გრანდს 1 სეზონით ადრე შეუერთდა და პირველივე წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში 35 გოლის გატანა შეძლო. კავანისა და ზლატანის დუეტი საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან წყვილად ითვლებოდა - "პსჟ"-ს ძლევამოსილი შემტევების წინააღმდეგ მოწინააღმდეგე გუნდის დაცვა უძლური იყო, რაც პარიზული გრანდის დომინირებას კიდევ უფრო აძლიერებდა.
მოწინააღმდეგეებისათვის მომაკვდინებელი დუეტის მიუხედავად, ზლატანის პარიზში ყოფნის პერიოდში გუნდის ლიდერად მთავარ შემტევ ძალად, სწორედ შვედი ვარსკვლავი ითვლებოდა. კავანისა და ზლატანის დუეტი 3 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა - სამივე სეზონის ჯამში ზლატანმა ყველა ტურნირზე გაცილებით უფრო მეტი გოლის გატანა შეძლო.

ზლატანის ტრანსფერი - კავანის "ოქროს ხანა"

2222
2016 წლის 1 ივლისს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, პარიზულ გრანდში ედინსონ კავანის "ოქროს ხანა" დაიწყო. ზლატანის გარეშე ედინსონ კავანი "პსჟ"-ს ლიდერად ჩამოყალიბდა - 2016-17 წლების სეზონი კავანისთვის ყველაზე შედეგიანი გამოდგა. "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 50 შეხვედრაში ურუგვაელმა ვარსკვლავმა 49 გოლი გაიტანა. 2017-18 წლების სეზონში, კავანი კვლავ მთავარ შემტევ ძალას წარმოადგენდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 40 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 2016-17 წლების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებისა და ზედიზედ ორჯერ მოპოვებული ბომბარდირის  (2016-17/2017-18) ტიტულის პარალელურად, 2018 წლის იანვარში კავანიმ 157-ე გოლი გაიტანა და პარიზული გრანდის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა.

კავანი/მბაპე/ნეიმარი - დაპირისპირება ბრაზილიელ ვარსკვლავთან

2017-18 წლების სეზონში "პსჟ"-ს 1 წლიანი იჯარით კილიან მბაპე შეუერთდა. ამომავალი ფრანგმა ვარსკვლავმა პირველივე წელს 44 შეხვედრაში 21 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც პარიზელებმა მბაპეს ტრანსფერი განახორციელეს. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში მბაპე პარიზელთა ლიდერად იქცა და ორივე სეზონში კავანიზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ურუგვაელი ვარსკვლავის გავლენები თანდათან შესუსტდა - 2017 წელს "პსჟ"-მ ყველა დროის რეკორდი დაამყარა და €222 მილიონის სანაცვლოდ ნეიმარი შეიძინა. ნეიმარის გუნდში მისვლისთანავე ორ ვარსკვლავს შორის დაძაბულობა გაჩნდა - ლიდერად ჩამოყალიბების სურვილით "პსჟ"-ში მისულ ნეიმარს პარიზში ლიდერის სტატუსით მყოფი კავანი დახვდა. ნეიმარისა და კავანის დაპირისპირების თაობაზე არაერთი გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი წერდა. დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა, მედია საშუალებებს თავად ვარსკვლავებმაც მისცეს. მატჩის დროს თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების თაობაზე კავანისა და ნეიმარს შორის დაწყებული დაპირისპირება დიდ სკანდალად იქცა.

  2019-20 წლების სეზონში კავანიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად შეწყვეტილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მიუხედავად, პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას კვლავ განაგრძნობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე "პსჟ"-ს წარმომადგენლებმა კავანის კონტრაქტის დროებით გახანგრძლივების თაობაზე მიმართეს, რის შედეგადაც ურუგვაელი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას შეძლებდა - თუმცა კავანიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. 2020 წლის 30 ივნისს, კავანიმ "პსჟ" ოფიციალურად დატოვა. "პსჟ"-ს მაისურით კავანი ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი, ხუთჯერ საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული და ოთხჯერ საფრანგეთის თასის მფლობელი. "პარი სენ-ჟერმენში" გატარებულ 7 სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 301 შეხვედრაში კავანიმ 200 გოლი გაიტანა. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კავანის სამსახურით "რომა" და "ინტერი" აქტიურად ინტერესდებიან. თავისუფალი აგენტის სტატუსით, მსგავსი დონის შემტევის გაფორმება ნებისმიერი ევროპული გრანდის ინტერესში შედის.

სხვა სტატიები