Belive

ყველაზე გულახდილი ინტერვიუ, რომელიც სალაჰს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ვილიარეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. ვილიარეალში, "კერამიკაზე" გამართულმა მატჩმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც 5 გოლი გავიდა. პირველი ტაიმის 2:0 გამარჯვების შემდეგ, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ "ვილიარეალი" მატჩის სასურველი შედეგით დასრულებას შეძლებდა, თუმცა მეორე ტაიმში მატჩის სადავეები "ლივერპულმა" იგდო ხელთ და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მერსისაიდულმა გრანდმა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ჯერ მდინარე მერსიში, შემდეგ კი ბალეარის ზღვაშიც ჩაძირა და 2 შეხვედრის ჯამში, 5:2 დაამარცხა.

ლივერპული 2:0 ვილიარეალი (მიმოხილვა)

რულის შეცდომით მანემ ისარგებლა – ლივერპული წინ გადის | VIDEO

"ლივერპულმა" უკანასკნელ 5 წელში მესამედ მოიპოვა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გამარჯვებულს - პარიზში დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონზე მოწყობილ სტუდიაში, მოჰამედ სალაჰი სპორტული სატელევიზიო არხის წამყვანებს ესაუბრა. პრემიერ ლიგის ლეგენდებთან საუბარი, უკვე შეფასდა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი ინტერვიუ, რომელმაც მოჰამედ სალაჰის სიდიადეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონის, ისტორიული 4 ტიტულის მოპოვების შესაძლებლობასა და პირადი მიზნების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

სასურველი მეტოქე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში

"გულწრფელად გითხრათ, ფინალში "რეალთან" დაპირისპირება მსურს. "მანჩესტერ სიტი" ძალიან რთული მეტოქეა - მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშეთ. ვფიქრობ, პირადად მე "რეალის" წინააღმდეგ თამაში მირჩევნია. "რეალის" წინააღმდეგ ერთ ფინალში უკვე დავმარცხდით და იმედია ამჯერად ჩვენ გავიმარჯვებთ".

პირადი მიზნები

"სეზონის დასაწყისში საკუთარ თავს ყოველთვის ვუსახავ მიზნებს. ყოველთვის ვიცი, თუ რისი მიღწევა მსურს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. წინასწარ ვიცი, თუ როგორ მსურს სეზონის განვითარება. დიახ, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ. სიმართლე გითხრათ, ღიად არასდროს მისაუბრია, მაგრამ სეზონის დაწყებამდე საკუთარ თავს 40 გოლის გატანა და 10-15 საგოლე გადაცემის შესრულება მოვთხოვე". "საგოლე გადაცემები უკვე საჭირო რაოდენობით შევასრულე - ახლა ფოკუსირება გოლებზე უნდა მოვახდინო! ტრენტი გამიბრაზდება, რომ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა შევასრულე, თუმცა ჩვენი წარმატებისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი".

ისტორიული 4 ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა

"რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გეგმებში შედიოდა. შესაძლოა, სეზონის დასაწყისში ამ შედეგზე არ ვფიქრობდით, რადგან ფოკუსირებას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაზე ვახდენ, მაგრამ ახლა ყველაფრის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ და რატომაც არა.? ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ, დავიწყე ფიქრი, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩემპიონთა ლიგაზე ურთულეს ჯგუფში მოვხვდით და იდეალურად ვიასპარეზეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე დავიწყე ფიქრი, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია".

სხვა სტატიები