Belive

რა დაემართა ფეხბურთელს, რომელსაც რონალდუ მასზე უკეთესად თვლიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2003 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იმ დროისათვის ამომავალი პორტუგალიელი ვარსკვლავი ფაბიო პაიმს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა. "თვლით რომ კარგი ფეხბურთელი ვარ? თქვენ უბრალოდ დააკვირდით ფაბიო პაიმს", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ. 16 წლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია - ფაბიო პაიმი კი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ფაბიო პაიმს 12 გრამი კოკაინი ამოუღეს. რა დაემართა ფეხბურთელს, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მასზე უკეთესად მიიჩნევდა?  კარიერის საწყის წლებში, ფაბიო პაიმს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში, 14 წლის პაიმმა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გაიბრწყინა. 19 წლის ფაბიო პაიმი სუპერაგენტის, ჟორჟე მენდეშის ხელშეწყობით "ჩელსის" რიგებში აღმოჩნდა. მისი კარიერა ახალ ეტაპზე უნდა განვითარებულიყო, თუმცა პაიმმა ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და მხოლოდ "ჩელსის" რეზერვების შემადგენლობაში მიეცა რამდენიმე მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა. პაიმმა 4 თვეში "ჩელსი" დატოვა.
"რიო ავეში" და "რეალ მასამაში" იჯარით გატარებული წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, 2010 წელს "სპორტინგმა" ფაბიო პაიმსს კონტრაქტი გაუწყვიტა. ახალგაზრდა შემტევმა, რომელიც ერთ დროს კრიშტიანუ რონალდუმ მასზე უკეთეს ფეხბურთელად დაასახელა კარიერა პორტუგალიის მესამე დივიზიონში მოასპარეზე კლუბში გააგრძელა. "ტორენსეში" ფაბიო პაიმი კვლავ წარუმატებლად ასპარეზობდა. მესამე დივიზიონის კლუბის მაისური მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მოირგო. მომდევნო 8 წლის განმავლობაში პაიმი უშედეგოდ ცდილობდა სახელის მოხვეჭას. ჩინეთი, ანგოლა, მალტა, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ყატარი და ბრაზილია - პაიმმა 7 ქვეყანაში სცადა ბედი თუმცა უშედეგოდ.
"ის ამ სამყაროდან არაა. დღეს ჩვენი შედარება წარმოუდგენელია. წარსულში შესაძლებელი იყო." "რაღაც კომპონენტში მე მასზე მეტის გაკეთება შემეძლო მაგრამ მე არასდროს მქონია ის რაც მას ჰქონდა. მას ჰქონდა მისწრაფება, სურვილი და ჟინი გამხდარიყო ის ვინც დღესაა. იგი საოცრად შრომისმოყვარე იყო." "მინიმუმ მისი დონის ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ განვითარებისთვის საჭირო სხვა თვისებები არ გამაჩნდა." "დღევანდელი გადმოსახედიდან ვისურვებდი, რომ შედარებით ნაკლებად ნიჭიერი ვყოფილიყავი და სხვა შესაძლებლობებით მდიდარი. ამ შემთხვევაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. თუმცა უნაკლო არავინაა. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ნიჭიერება საკმარისი იქნებოდა - სამწუხაროდ შევცდი", - აღნიშნა ფაბიო პაიმმა.

სხვა სტატიები