რა დაკარგა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შედეგად

12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართულ უპრინციპულეს შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო “ჯვაროსნების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

“დინამო არენაზე” გამართული უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელსაც სრულიად საქართველო უდიდესი მოლოდინით ელოდა შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საპირისპიროდ, ეროვნული სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია.

რა დაკარგა გულშემატკივარმა

უკანასკნელ პერიოდში ერთა ლიგის D-დივიზიონის ტრიუმფით დასრულების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისე როგორც არასდროს მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს – მიზანს, რომლის გარშემოც სრულიად ერი გაერთიანდა და გაჩნდა სიამაყის შეგრძნება.

ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების (1:0) შემდეგ, გულშემატკივარმა ირწმუნა, რომ წარმატების მიღწევა რეალურად შეგვეძლო და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონისა და COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, დროებით მაინც შევძლებდით სასიხარულო ამბის მიმართ ყურადღების გადატანას.

ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს გადაჭედილი “დინამო არენა” და ტრიბუნებიდან წამოსული მუხტი კარგად ახსოვს. 1979 წლის 3 ოქტომბერს, 110.000 გულშემატკივრის თვალწინ “დინამო თბილისმა” ლეგენდარული “ლივერპული” გაანადგურა (3:0). ამდენივე გულშემატკივარი დაესწრო 1995 წლის 29 მარტს საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირებას.

COVID-19-თან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო, 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გულშემატკივართა დასწრება აიკრძალა. ტრიბუნებზე უჩვეულო სიცარიელე და სიმშვიდე სუფევდა, რომელსაც მინიმალური რაოდენობით მყოფი ქართველი სპორტული ჟურნალისტები არღვევდნენ და ნაკრების გამხნევებას ცდილობდნენ.

თავდაუზოგავი შრომით გაჩენილი სიამაყის შეგრძნება, ფინალურ დაპირისპირებაში განცდილი მარცხით დაიკარგა და კვლავ იმედგაცრუებამ დაისადგურა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხმა მომავალ თაობაში გაჩენილი მოტივაცია, რომ ბრძოლით და ჟინით შესაძლოა წარმატების მიღწევა მნიშვნელოვნად შეარყია.

რა დაკარგა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ნებისმიერი ფეხბურთელისათვის საამაყოა. სპორტსმენთა უმრავლესობას ხშირად არ ეძლება შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის ღირსება ევრო სარბიელზე – ან მსოფლიო მუნდიალზე დაიცვას.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. საერთაშორისო ასპარეზზე მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენს ფეხბურთელებს შესაძლებლობა ექნებოდათ ტოპ სარბიელზე წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები და შესაძლოა არაერთი მათგანის კარიერა სხვაგვარად განვითარებულიყო და საკლუბო დონეზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელებულიყო.

რა დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა

პრემიები UEFA-სგან! გაინტერესებთ რას მიიღებდა საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში? 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალში დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მიიღებდა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 9.25 მილიონი ევროთი დაჯილდოვდებოდა.

აღნიშნულ თანხას, ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე იღებს. 9.25 მილიონ ევროს ემატება ბონუსები, რომლებსაც ნაკრები ფინალურ სტადიაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიიღებს – ფინალურ სტადიაზე, თითოეული მოგება 1.5 მილიონი ევროთი ფასდება, ფრე – 750.000 ევრო. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ბონუსი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები C-ჯგუფში ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის წინააღმდეგ იასპარეზებდა.

(1001)

რა დაკარგა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შედეგად

სტატიის ავტორი
-