Belive

რა ჯანდაბა ხდება ბარსელონაში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეს უკვე მეტისმეტია, "ბარსელონას" საფეხბურთო დეგრადაცია "რეალის" ქომაგებისთვისაც კი არ არის კარგი სანახავი. ჰო, ამისი ყურება უკვე შეუძლებელი გახდა: ოფიციალური სტატისტიკით, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ზედიზედ მეორე მატჩში, კატალონიელებმა მეტოქის კარში ერთხელ ვერ დაარტყეს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გუნდმა ორივე მატჩი ანგარიშით 0:3 წააგო და ქომაგს იმისი ოდნავი იმედიც კი ვერ გაუღვივა, რომ ფრეს მაინც გამოკრავდა ხელს. ნგრევა როსელმა დაიწყო, მერე კი ბულდოზერზე ბართომეუ შემოჯდა. მესის ხელფასი ვერ გადაუხადეს, სუარესი კონკურენტს ბუცების ფასად მიყიდეს, კოუტინოს ვალს დღემდე იხდიან, €135 მილიონიანი დემბელე ხან ექიმის პალატაშია, ხანაც PlayStation-ს გათენებამდე თამაშობს.

ფინანსური პრობლემები სათამაშო დონეზე აისახა: იმ გუნდში, სადაც მეტოქეებს მესი, რონალდინიო, ვილა, ეტო'ო, ნეიმარი, სუარესი, იბრაჰიმოვიჩი, ანრი ატერორებდნენ, დღეს ლუკ დე იონგი და მემფისი ბურთს ფეხს აცილებენ. რონალდ კუმანს უცნაური ექსპერიმენტები უყვარს. ცოტას თუ ახსოვს, რომ "ვალენსიაში" ყოფნისას, არისმენდის მარცხენა მცველად ათამაშებდა და ამისთვის, ესპანური მედია კუმანს თითის გაშვერით დასცინოდა. ბოლო მატჩში კი, ნიდერლანდელმა "ბარსელონა" 3-5-2 ტაქტიკით (?!?!?!) ათამაშა და ფრენკი დე იონგი, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბენფიკასთან მატჩში" ნახევარდაცვაში სიმყარე შეჰქონდა, დაცვის ცენტრში ჩამოსწია.

კი, გუნდის რესურსი გაცილებით შესუსტებულია, მაგრამ... სად გინახავთ, გუნდი ზედიზედ 2 თამაშში 1-ხელ მაინც, მეტოქეს კარს ვერ უმიზნებდეს? ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "ბარსელონას" პირველად დაემართა, თანაც, ვიმეორებ, ზედიზედ ორჯერ. შედეგად, დასკვნა ასეთია: პრობლემა მხოლოდ ფინანსურ პრობლემებსა და ვარსკვლავების გაშვებაში არ მდგომარეობს, რონალდ კუმანი კი ის ადამიანია, რომელმაც ჭაობში თავის გადარჩენა არ იცის და გუნდის დახრჩობამდე სულ ცოტა დროღა რჩება.

სხვა სტატიები