Belive

რა მისწერა ფერგიუსონმა კანტონას კარიერის დასრულების შემდეგ? (18.08.1997)

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ინტერნეტში სერ ალექს ფერგიუსონის წერილი გავრცელდა, სადაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ერიკ კანტონას წერილს სწერს. ძვირფასო ერიკ, რამდენიმე თვე გავიდა იმის შემდეგ, რაც ბოლოს ერთმანეთს ველაპარაკეთ. შენდამი პატივისცემისა და დაფასების ნიშნად, წერილის მოწერა გადავწყვიტე. როდესაც ვარჯიში განვაახლეთ, შენს გამოჩენას ველოდებოდი. ეს იმედს უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას. როდესაც ბოლოს მოტრემში (სოფელი ინგლისში) ერთმანეთს შევხვდით, თვალებში გეტყობოდა, რომ "მანჩესტერში" შენი ყოფნის პერიოდი დასრულებული იყო. თუმცა ვფიქრობ რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩემი და მამაშენის რჩევა უნდა გაგეთვალისწინებინა და ცოტა ხნით დაგესვენა. მინდა ყოველთვის გახსოვდეს, რომ ფორმის შენარჩუნება საჭიროა. როდესაც მოედანს 32 წლის ასაკში დავემშვიდობე და მწვრთნელის კარიერა დავიწყე, მთელი კონცეტრაცია ვარჯიშზე და ფეხბურთელების გაწვრთნაზე გადავიტანე. შედეგად, 6 წლის შემდეგ გავაანალიზე, რომ ფორმა დაკარგული მქონდა და კვლავ ვარჯიშს შევუდექი, თუმცა ეს თვითმკვლელობას ჰგავდა. ასე რომ, ვარჯიში უნდა გააგრძელო. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის შედეგებით ინტერესდებოდი. როგორც ხედავ, ყველაფერი კარგად მიდის. შენს შემცვლელად, ტედი შერინგემი შევიძინეთ, თუმცა ჯერჯერობით მას იმ სივრცის მოძებნა უჭირს, რაც "ტოტენჰემში" ჰქონდა, ამიტომ უფრო სიღრმიდან თამაშობს. ასე რომ, გარკვეული მუშაობა გვჭირდება. ფეხბურთელებს ხანდახან უჭირთ გააზრება, თუ რამდენად რთულია ჩვენს შემადგენლობაში თამაში, რადგან მოწინააღმდეგეები "მანჩესტერთან" დაპირისპირებას თასის ფინალად აღიქვამენ. იმედი მაქვს, რომ შერინგემი გაამართლებს. წინასასეზონო სამზადისმა ცუდად არ ჩაიარა. აზიურმა ტურმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, "ინტერის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე "ჩელსის" ნამდვილად ვაჯობეთ, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. როგორც სეზონის ბოლოს ვილაპარაკეთ, ჩვენ ტოპ კლასის თავდამსხმელი გვჭირდება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ფინანსური პრობლემები საუკეთესო ფეხბურთელის შეძენაში ხელს ყოველთვის გვიშლის, რაც ჩვენი სახელფასო სტრუქტურის დამსახურებაა. ეს კი ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რადგან უმაღლეს დონეზე ყოფნისას, გუნდს საუკეთესო ფეხბურთელების დამატება სჭირდება, რათა სხვებმა პირველობა არ წაგვართვან. ჩემპიონთა ლიგა ჯერ მოგებული არ მაქვს და ეს მაბრაზებს - უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ამ საკითხს სხვანაირად შევხედავდი. წინსვლა უნდა განვაგრძო და მენტალური ბარიერი არ შევიქმნა. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ფეხბურთელების და მსურს, რომ მათი რწმენა არასოდეს დავკარგო. კვლავ ვიმედოვნებ, რომ ახალ კანტონას აღმოვაჩენ! ეს ჩემი ოცნებაა! წერილის დასასრულს, მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ მალე დავსხდებით, ვისაუბრებთ, დავლევთ ან ერთად ვისადილებთ. ვიცი რომ გუნდმა საერთო სადილის შესახებ წერილი მოგწერა და იმედი მაქვს რომ მოსვლას მოახერხებ. თუმცა ეს მთავარი არ არის - მინდა შეგახსენო, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელი იყავი და რამდენად მადლიერი ვარ იმისთვის, თუ რა სამსახური გამიწიე. ამას არასოდეს დავივიწყებ და იმედი მაქვს რომ შენც ასევე ფიქრობ. შენ მანჩესტერში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები. თუკი მოულოდნელად ჩაიზე მესტუმრები, უბრალოდ მეგობრულად რომ ვისაუბროთ, ეს ჩემთვის ყველაფერზე აღმატებული იქნება. ერიკ, თუ დაგჭირდები, იცი სად უნდა მიპოვო. შენ ჩემი ფეხბურთელი აღარ ხარ და იმედი მაქვს იცი, რომ ჩემი სახით მეგობარი გყავს. წარმატებები, ღმერთმა დაგლოცოს. მარად შენი, ალექს ფერგიუსონი.

სხვა სტატიები