Belive

რა მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიო ჩემპიონატი არაბული სამყაროსთვის?

1 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

ყველა ადამიანმა, რომელმაც ბოლო პერიოდში Qatar Airways-ის თვითმფრინავით იმგზავრა, სავარძლის წინ განთავსებული მონიტორიდან ფიფა-ს ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს სიტყვები მოისმინა: "კატარსა და ზოგადად, შუა აღმოსავლეთს, აქვს საშუალება, მსოფლიოს საკუთარი თავი გააცნოს". რა გამოდის - ეს მსოფლიო ჩემპიონატი არამარტო კატარს, არამედ მთელ რეგიონს წარმოდგენს?

"არაბული სამყარო" ძალიან ფართო ცნებაა: იწყება მაროკოდან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე ვრცელდება (აღქმას გააჩნია, შესაძლოა, ავღანეთამდეც). თუკი "არაბულ სამყაროში" მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მოვიაზრებთ, სადაც სალაპარაკო ენას არაბული წარმოადგენს, გეტყვით რომ მისი არეალი 13 მილიონ კვადრატულ კილომეტრსა და თითქმის 430 მილიონ ადამიანს მოიცავს.

ისტორიისა და გეოგრაფიის კარგად არმცოდნე ადამიანები შეცდომას უშვებენ, როდესაც "არაბულ სამყაროს" ქვეყნებს ერთ, ჰომოგენურ ბლოკად წარმოიდგენენ: მავრიტანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პორტუგალიასა და ლიეტუვას შორის, ღია საზღვრების მქონე სამყარო კი მათ შორის მკვეთრ სხვაობას ვერ შლის.

მეორე მხრივ, ცნება "არაბული/მუსლიმური სამყარო" ძალიან ბუნდოვანიც არაა და გარკვეულ ტერიტორიებზე, ხალხთა მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენს. ამ ქვეყნებს ენა და რელიგია აერთიანებს და არცაა გასაკვირი, რომ ისინი კატართან გაცილებით მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე თეთრკანიან და მეტწილად, ქრისტიანულ სამყაროსთან.

კავშირისა თუ სხვაობის ძიებაში, რელიგიის ელემენტი უმნიშვნელოვანესია: ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი მუსლიმურ სახელმწიფოში ტარდება, რაც ამ რეგიონის ისტორიაში ახალ ფურცელს წერს.

GetPaidStock.com-63847aedf24a7

მეორე მხრივ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2017 წელს, ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ – საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათი საერთო განცხადების თანახმად, „კატარი ბაჰრეინის შიდა საქმეებში ერეოდა, არღვევდა სტაბილურობას სამეფოში და მხარს უჭერდა ტერორისტულ საქმიანობას“.  

ბაჰრეინმა დოჰასთან შეწყვიტა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც და კატარის მოქალაქეებს სამეფოში ჩასვლა აუკრძალა. ოფიციალურმა კაირომ კატარი ეგვიპტის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა, ხოლო არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა მას ბრალი „მუსლიმთა საძმოს სახით ტერორისტული, ექსტრემისტული და სექტანტური ჯგუფების მხარდაჭერაში დადო“. საუდის არაბეთმა კატარს იემენში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა აუკრძალა ოფიციალური დოჰას მხრიდან, ალ-ყაიდას და ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო. ქვეყანაში კატარული ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისებიც დახურეს.

2021 წლის იანვარში, პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა მომხდარმა ნათლად აჩვენა, რომ შეხედულება, საერთო არაბული სამეგობროს შესახებ, სიმართლეს არ წარმოადგენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე მინდორზე ბრაზილიის ნაკრების მიერ ნათამაშები ფეერიული ფეხბურთი. კატარი მსოფლიო ჩემპიონატს იყენებს იმისთვის, რომ არაბულ სამყაროში მეტი დომინაციის შესაძლებლობა მიიღოს.

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და მისი თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალმება და ხელის ჩამორთმევა იხილეთ? 2013 წლის შემდეგ, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეზღუდული იყო, რადგან ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთი დაადანაშაულა თავის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ახლა კი, მსოფლიო ჩემპიონატი თითქოს მედიატორის ფუნქციით აღიჭურვა, კატარმა კი რეგიონში ახალი სტატუსი მიიღო.

ERDOO

რას ამბობენ გულშემატკივრები?

არაბულ სამყაროში ხალხის განწყობა პოზიტიურია - ცხადია იგულისხმება ფეხბურთის იმ ქომაგების კრებული, რომლებსაც კატარში არსებული მასობრივი შრომითი ექსპლუატაცია არ შეხებია. "არაბული ვუდსტოკი" ტყუილად ხომ არ უწოდეს - დოჰაში ხდება ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა: ტუნისელები, საუდელები, მაროკოელები, სირიელები და სხვები ერთ ქალაქში ზეიმობენ.

"კატარის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენთვის ახალი კარი გახსნა. ჩემს ცხოვრებაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატს ვესწრები. ევროპაში უხეშად გვეპყრობიან, აქ კი ყველა თავისი ცხოვრების ბედნიერი წუთებით ტკბება", - ამბობს საუდელი მაშაალი.

ტუნისელი ღაზის თქმით, არაბული და მუსლიმური ქვეყანა მისი წარმომადგენელიცაა.

მაროკოელი აბდული ამბობს, რომ მის ირგვლივ მისი ძმები იმყოფებიან.

სირიელი მუიადი, რომელიც წლების წინ, ომის გამო, ამანში (იორდანიის დედაქალაქი) გამოიქცა, ფიქრობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მთელი რეგიონისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს: "ეს არის ექსპერიმენტი, ჩვენ კი ვამაყობთ, რომ კატარმა ეს შანსი მიიღო. თუკი ყველაფერი 100%-ით კარგად ჩაივლის, ფიფა შანსს უფრო მეტ არაბულ ქვეყანას მისცემს", - თქვა მან.

ვის წარმოადგენს ეს მსოფლიო ჩემპიონატი? კატარს? შუა აღმოსავლეთს? არაბულ ქვეყნებს? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე რთული გასაცემია. გარკვეულწილად, იგი უფრო მკაფიოდ ზრდის დისტანციას დასავლეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და ამ კუთხით, კატარი 2022 ხიდის როლს ვერ ასრულებს, თუმცა ფეხბურთის შუა აღმოსავლეთში ჩატანით, ფიფა-მ შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც მუსლიმურ სამყაროს ერთი კონკრეტული იდეის ირგვლივ აერთიანებს, რომელიც კატარს გარეთ მაცხოვრებლებსაც საერთო მიკუთვნილებას უჩენს, აძლევს მათ სიხარულისა და სიამაყის მიზეზს.

მეორე მხარეა უფრო ფართოდ დანახული ადამიანთა უფლებები, რომელსაც შუა აღმოსავლეთის ავტორიტარული რეჟიმი ფეხით თელავს. მიმდინარე წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, 74-გვერდიანი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კატარში ათასობით ადამიანი იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით მიგრანტ მუშებს ექცეოდნენ და რომ მათ მონურ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, დამსაქმებელი კომპანიებისგან ფიფა-მ და კატარის უმაღლესმა კომიტეტმა დიდი ფულადი სარგებელი მიიღეს.

6500-ზე მეტი გარდაცვლილი მუშა სტადიონების მშენებლობისას: ეს ბრიტანული Guardian-ის მონაცემებია (2010-2021). რეალურად, არსებობს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე, ბნელი მხარე, რომელიც ძალადობას, ადამიანთა ექსპლუატაციას, დახურულ კარს მიღმა გაჩარხულ მსხვილ კორუფციულ გარიგებებსა (რომელსაც მხოლოდ ფიფა-სა და უეფა-ს მაღალჩინოსნების პოსტები შეეწირა) და საეჭვოდ გაბერილ ხარჯს ($250 მილიარდამდე ინვესტიცია) მალავს.

მოგვწონს თუ არა, კატარი 2022 ჩვენი რეალობაა, რომელმაც კიდევ უფრო მეტად აჩვენა, თუ რამდენად არის სპორტი და პოლიტიკა გადახლართული. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ფეხბურთის მოყვარულებს იმისი გარკვევაც გვიწევს, თუ რა ხდება მოედნის მიღმა - თუმცა უახლესმა ამბებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, "თუ რამდენად ღრმაა კურდღლის სორო" და ვინ დგას ფეხბურთის სათავეში - თუ მეტი გაინტერესებთ, Netflix-ის FIFA Uncovered-ის ყურებას გირჩევთ.

1200x-1

სხვა სტატიები