Belive

რა თანხა უჯდება რეალს აზარის ერთი წუთი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ედენ აზარი "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ ბელგიელის კარიერა წარმატებულად ნამდვილად ვერ აეწყო. 28 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატში "ალავესთან" შეხვედრისას აზარმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. აღნიშნული ტრავმა ბელგიელი შემტევისთვის რიგით მე-8 გამოდგა მადრიდში გატარებული 16 თვის განმავლობაში. 2020-21 წლის სეზონში აზარმა შესაძლო სათამაშო წუთებიდან მხოლოდ 25% ითამაშა, ხოლო 2019-20 წლების სეზონში 33.6%. მას შემდეგ, რაც აზარი "რეალში" გადმოვიდა, მთლიანად შესაძლო სათამაშო წუთებიდან მხოლოდ 31.8% გაატარა მოედანზე. AS-ის მონაცემების მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდელებს ბელგიელი შემტევის ტრანსფერი ლონდონის "ჩელსიდან" 100 მილიონი ევრო დაუჯდათ და აზარმა მხოლოდ 28 შეხვედრა ჩაატარა, გამოდის, რომ აზარის მოედანზე გატარებული 1 წუთი სამეფო კლუბს 72 000 ევრო უჯდება. 29 წლის შემტევმა ესპანეთის ჩემპიონატში მას შემდეგ, რაც "რეალს" შეუერთდა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. საინტერესო ფაქტია, რომ ლონდონის "ჩელსიში" გატარებული 7 წლის მანძილზე ფორვარდმა დაზიანება 12-ჯერ მიიღო, ხოლო "რეალში" წელიწადსა და 4 თვის განმავლობაში უკვე მერვედ დაშავდა. შეიძლება ითქვას, რომ აზარის ტრანსფერმა სამეფო კლუბში ვერ გაამართლა, ბელგიელი ხშირადაა ტრავმირებული და გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვს.  

სხვა სტატიები