Belive

რაიოლა რეალში რევოლუციას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი დროით შეწყდა. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სატრანსფერო აქტივობაზეც იქონიოს გავლენა, თუმცა ელიტური ტრანსფერების ეპიცენტრში კვლავ მინო რაიოლა იმყოფება. რაიოლას კლიენტებს შორის, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჭარბობენ, რომლებიც ევროპის ტოპ კლუბების მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი არიან. შესაძლოა რამდენიმე ვარსკვლავმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიოლა "რეალის" ბიზნეს გეგმაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. "ჩემი და "რეალის" ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერია. "ბლანკოსთან" კარგი ურთიერთობა მაქვს - ვიმედოვნებ, ერთ დღეს რომელიმე ტოპ ფეხბურთელს "რეალის" ფორმას მოვარგებ. ამ წუთისათვის "რეალში" ალფონს არეოლა მყავს - თუმცა ეს მხოლოდ იჯარაა. მინდა რომ ამ ზაფხულს რომელიმე ვარსკვლავი "რეალის" ფეხბურთელი გავხადო. ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისათვის ეს საამაყო მომენტი იქნება, რადგანაც "რეალი" დიდებული კლუბია", - აღნიშნა MARCA-სთან საუბარში მინო რაიოლამ. რაიოლას მესიჯი შესანიშნავად გაიგეს "ბლანკოსის" ბოსებმა, რომლებიც მოუთმენლად ელიან სეზონის განახლებას და სურთ რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი განახორციელონ. რაიოლას კლიენტების პარალელურად (ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯიჯი დონარუმა, რომელუ ლუკაკუ, მარკო ვერატი) მადრიდული გრანდის ბოსები 3 ტოპ ფეხბურთელით ინტერესდებიან.

3 ვარსკვლავი "რეალის" სატრანსფერო რადარზე


ერლინგ ჰოლანდი

19 წლის ვარსკვლავი "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. მადრიდელები ჰოლანდის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან - მინო რაიოლასთან ახლო კავშირმა კი ტრანსფერის განხორციელებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. "ბლანკოსის" წარმომადგენლები ჰოლანდს თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ მაგრამ ეჭვობდნენ შეძლებდა თუ არა იგი ტოპ დონეზე ასპარეზობას. "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულმა მატჩებმა, "რეალის" წარმომადგენლებს ეჭვები გაუქარწყლა. ზიდანის ფორმაციის "რეალში" კიდევ ერთი 9-ნომრის ყოფნის აუცილებლობამ, მადრიდელები ჰოლანდის ტრანსფერში დაარწმუნა.

პოლ პოგბა 

ფრანგი ვარსკვლავის "რეალში" გადასვლა გასულ ზაფხულს აქტიურად განიხილებოდა. გარეთ ბეილისა და ხამეს როდრიგესის ტრანსფერების ჩაშლამ, "რეალს" პოგბას ტრანსფერისათვის ფინანსები არ დაუტოვა. პოგბას ტრანსფერში რაიოლა აქტიურად იყო ჩართული - მიუხედავად მისი ძალისხმევისა ტრანსფერი არ შედგა. ამ ზაფხულს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კიდევ 1 წელი აკავშირებს, რაც მის სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

მატეის დე ლიხტი

მესამე სახელი, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" აქტიურად განიხილავენ მატეის დე ლიხტია. "ბიანკონერის" ახალწვეული ტურინულ გრანდს ბოლომდე ვერ შეეწყო. კორონავირუსისგან მიყენებული ფინანსური ზარალის აღმოსაფხვრელად, "იუვენტუსის" ბოსები რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას მოინდომებენ - ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურმა მცველმა "იუვენტუსის" მესვეურებს ტრანსფერის თხოვნით მიმართა და "რეალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა.

სხვა სტატიები