Belive

რამაზ სვანაძე: "შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თუმცა ამ გუნდს პერსპექტივა აქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის ბოლო შეხვედრაში, "დინამო არენაზე", ესტონეთთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრით კმაყოფილები არ ვართ. რეალურად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით.  მთლიანობაში, ძალიან რთული შეკრება გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ბიჭები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ გუნდს მომავალი და პერსპექტივა აქვს, ამიტომ წინ უნდა ვიყუროთ.  ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ამ რთულ მომენტში გუნდს გავძღოლოდი, სტრესული სიტუაციიდან გამოვსულიყავით და ის შემართება და ხალისი დაგვებრუნებინა. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, მე არანაირი სხვა ამბიცია არ მქონია. ამჟამად, 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ვიქნები იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება.  იმედის საფუძველს ის ახალი თაობა მაძლევს, რომელიც საქართველოში მოდის და რომელსაც განვითარების პერსპექტივა აქვს. მესმის გულისწყრომა, მაგრამ რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ეს ნიკა კვეკვესკირმა უკვე გააკეთა, რომელიც ჩემთან ერთად პრესკონფერეცნიაზე იყო. პრობლემა არის ის, რომ სტრესიდან ვერ გამოვედით და ამ სტრესს შეეწირა C დივიზიონის დარჩენილი ორი შეხვედრაც.  ჩვენი პროფესიის ნაწილია ის, რომ წაგებული მატჩის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო და ასე მოიქცა ვლადიმირ ვაისმაც, რომელსაც სამომავლო კარიერაში წარმატებას ვუსურვებ. მე არასრული ორი დღე მქონდა და ამ პერიოდში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას ფიზიკურად ვერ შევძლებდი.  ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვდნენ და ბევრი შრომის შედეგად, შესაძლებელია საქართველოს ნაკრებში ფორმაცია შეიცვალოს", - თქვა სვანაძემ. საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები