Belive

რამოსს რეალის შეთავაზება არ აკმაყოფილებს - მანჩესტერი ესპანელის დასამატებლად მზადაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" კაპიტნის სერხიო რამოსის დამატებას შეეცდება. 34 წლის ესპანელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად "წითელი ეშმაკები" ცენტრალური მცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდებიან. ესპანეთის ნაკრების კაპიტანს ინგლისური გრანდი 2-წლიანი კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა არსებობს შანსი, რომ რამოსი "ბლანკოსების" შემადგენლობაშიც დარჩეს - "თეთრები" თავიანთ თილისმას კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობენ. "რეალმა" რამოსს ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა, თუმცა ესპანელმა მიღებულ წინადადებაზე უარი თქვა, ვინაიდან მას ამჟამინდელი ყოველწლიური ანაზღაურება - 13.4 მილიონი ევრო არ აკმაყოფილებს. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სერხიო რამოსს პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უკავშირებენ - 2015 წელს მისი გადაბირება ლუი ვან გაალსაც სურდა. რამოსი "რეალში" 2005 წელს, "სევილიადან" 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 667 შეხვედრაში 100 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რამოსმა ესპანეთის დედაქალაქურ კლუბში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის და 5-ჯერ ლა ლიგის. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ის ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები