Belive

რაფა, მადლობა ამ წლებისთვის | რამოსის წერილი ვარანს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალს" რამოსი და ვარანი ერთად დატოვებდნენ? უცვლელი დაცვის ცენტრი, კარგად შეთამაშებული ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდული კლუბის დაცვის ცენტრს წლების განმავლობაში ერთად ამაგრებდნენ. რამოსი "რეალში" 2005 წელს,  €27 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ "სევილიას" ახალგაზრდა მცველი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ ესპანელმა მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად, რამოსი მარჯვენა ფლანგს ამაგრებდა, მოგვიანებით კი დაცვის ცენტრში გადაინაცვლა. თავისი ხასიათიდან და თამაშის სტილიდან გამომდინარე, რამოსი სძულდა თითქმის ყველა მეტოქე გუნდის გულშემატკივარს, სამაგიეროდ თვალნათლივ ჩანდა, რომ საკუთარი გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებდა.
6103ba434266d

რაც შეეხება ვარანს - "რეალმა" ახალგაზრდა ფრანგი €11.25 მილიონად, "ლენსიდან" შეიძინა. ამბობენ, რომ მისი შეძენის რეკომენდატორი ზინედინ ზიდანი იყო. თავდაპირველად, მას დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა - სხვადასხვა დროს, მის კონკურენტებს რამოსი, პეპე, რაულ ალბიოლი, რიკარდუ კარვალიუ და სხვები წარმოადგენდნენ, თუმცა თავად ზიდანი აცხადებდა, რომ ვარანს ზრდისთვის დრო სჭირდებოდა და რომ იგი იმედებს აუცილებლად გაამართლებდა. ვარანს ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში: ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კატალონიელებს "რეალი" რამოსისა და პეპეს გარეშე ეთამაშებოდა. მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ის ფაქტი, რომ რიკარდუ კარვალიუ კარგ ფორმაში არ იმყოფებოდა. დაცვის ლიდერის ფუნქციის ჩაბარება ახალგაზრდა ფრანგს მოუწია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი თამაში ჩაატარა: გარდა იმისა, რომ გუნდი რამდენჯერმე გოლისგან იხსნა, მატჩის მიწურულს, მეტოქის კარის აღება თავადაც შეძლო.

იხილეთ ვიდეო


რა ხდება "რეალში" და რატომ უშვებს გუნდი დაცვის ბურჯებს - ეს უცნობია. ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ალაბა-მილიტაოს დუეტი იმავე სიმაღლეზე ითამაშებს. თუმცა დროა, მივიღოთ ახალი რეალობა და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ახალ პროექტზე - გუნდის განახლება/გადახალისებაზე მუშაობა. ვარანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ კლუბში გადასვლა მას სერხიო რამოსმა საჯაროდ, ორიგინალურად მიულოცა:
"ძვირფასო რაფა, მადლობას გიხდი ამდენი წლის მეგობრობისა და გვერდში დგომისთვისთვის. გისურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო ამბები გელოდება. თუკი ერთმანეთს შევხვდებით, იმედი მაქვს, რომ შენი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდის მხარეს დაიჭერ", - აღნიშნა ახლა უკვე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა. თავის მხრივ, ვარანმა Instagram-ზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა: "ბოლო დღეების განმავლობაში, ემოციებით ვარ სავსე. 10 შესანიშნავი წლის შემდეგ, ვტოვებ კლუბს, თუმცა "რეალი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება. დამშვიდობების დროა. არასოდეს დამავიწყდება ერთად მოგებული ტიტულები, ჩვენ მოლოდინსაც კი გადავაჭარბეთ. განსაკუთრებული იყო "ლა დესიმას" მოგება. მადლობა მადრიდს - ქალაქს, სადაც ჩემი ორი შვილი დაიბადა", - წერს ვარანი.

სხვა სტატიები