Belive

რას წარმოადგენს საბურთალოს მომავალი მეტოქე არარატ-არმენია?

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ზაგრების "დინამოსთან" ორმატჩიან დუელში 0:5 დამარცხების შემდეგ საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება სადაც თბილისელების მეტოქე სომხეთის ჩემპიონი, "არარატ-არმენია" იქნება. "არარატ-არმენია" სულ რაღაც 2 წლის წინ, 2017 წელს დაარსდა "ავან აკადემიის" სახელით, ერევნის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე.  2018 წელს კლუბის პატრონობა საკუთარ თავზე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა აიღო და გუნდს ახალი სახელი დაერქვა - მოსკოვის "არარატი". იგეგმებოდა გუნდის რუსეთის ლიგაში მონაწილეობა, თუმცა ახლადდაარსებულმა კლუბმა სერთიფიცირება ვერ გაიარა. ამის შემდეგ კლუბს "არარატ - არმენია" დაერქვა და 2017-18 წლების სეზონში სომხეთის პირველ ლიგაში იასპარეზა და შემდეგ პრემიერ ლიგაშიც აღზევდა. გასულ სეზონში კლუბის სადებიუტო სეზონი უმაღლეს ლიგაში წარმატებული აღმოჩნდა. 2019 წლის 30 მაისს "არარატ-არმენიამ" "ბანანცი" 1:0  დაამარცხა და სომხეთის ჩემპიონობა მოიპოვა. კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ "აიკ"-ს დაუპირისპიდა, საშინაო გამარჯვების შემდეგ (2:1) სტუმრად ერევნელები 1:3 დამარცხდნენ, და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვნენ, სადაც გიბრალტარულ "ლინკოლნს" ორი მატჩის ჯამში 4:1 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე "საბურთალოსკენ" გაიკვალეს გზა. კლუბში ბევრი ლეგიონერია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს გამოვყოფთ, ეს 31 წლის ჰოლანდიელი შემტევი ფურდიელ ნარსინგია. მას სხვადასხვა დროს ერედივიზიონის რამდენიმე კლუბში უთამაშია, მათ შორის არიან "ზვოლე" და "გრააფსხაპი", ახალგაზრდული კარიერა კი ნარსინგმა "ალკმაარში" გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნარსინგის ძმა ლუსიანო ნარსინგი, საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელია. სხვადასხვა დროს მას "პსვ-ში" და "სუონსიში" უთამაშია, ამჟამად კი "ფეიენოორდის" ღირსებას იცავს.ასე რომ, თუ "დინამო თბილისი" "გაბალას" გასცდა რისი საკმაოდ დიდი შანსიც არსებობს, დიდი ალბათობით თბილისში ორივე ძმა ნარსინგი ითამაშებს სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. "არარატ-არმენია" საშინაო მატჩებს ერევნის აკადემიის სტადიონზე ატარებს, რომელიც მხოლოდ 1500 მაყურებელს იტევს.
ერევნული კლუბის მთავარი მწვრთნელი 45 წლის სპეციალისტი ვარდან მინასიანია, ხოლო კაპიტანი 31 წლის რუსი მცველი დმიტრი გუზი. გუნდებს შორის პირველ მატჩს 6 აგვისტოს ერევანი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი მატჩი 1 კვირის შემდეგ თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები