Belive

რეალის ფიტნეს-მწვრთნელმა განმარტა, რატომ ატარებენ ფეხბურთელები ვარჯიშზე ნიღბებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,რეალ მადრიდის'' ფიტნეს-მწვრთნელმა, ანტონიო პინტუსმა, გუნდში ვარჯიშის უნიკალური მეთოდი დანერგა. წინასასეზონო მზადებისას, ,,სამეფო გუნდის'' ფეხბურთელები ბაზაზე ფუტურისტული ნიღბებით დარბიან, რასაც Goal.com-მა სტატია მიუძღვნა. ნიღაბი, რომელმაც ბევრს პოპულარული ფილმის, ,,ბნელი რაინდის'', ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი - ბეინი გაახსენა, სიმაღლეზე ვარჯიშის ეფექტის სიმულაციისთვის გამოიყენება. ტესტის შედეგები პინტუსს დაეხმარება, შეადგინოს სავარჯიშო გეგმა, რომელიც თითოეულ ფეხბურთელზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სპეციალისტი მსგავს მეთოდს იყენებს - მადრიდელებს ასეთი ფიტნეს ტესტი 2022 წლის იანვარში, ,,ატლეტიკ ბილბაოსთან'' მატჩის წინაც ჩაუტარდათ.



პინტუსმა Real Madrid TV-სთან ინტერვიუში განმარტა თუ როგორ მუშაობს მისი უნიკალური მეთოდი:
,,ტესტი ტარდება მე-5 ფენის მქონე ნიღბის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჰიპოქსიის (მდგომარეობა, როდესაც მთელი ორგანიზმი ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას) ვარჯიში. ეს არის ტესტი, რომელიც შექმნილია მოთამაშეების აერობული და ანაერობული ზღვრებისა და მათი ამჟამინდელი სიმძლავრის გასარკვევად. ნიღაბი მუშაობს, რათა გაანალიზოს ჟანგბადისა და ნახშირწყლების ოდენობა ორგანიზმში. მათი პროცენტული მაჩვენებლის ცოდნა, მნიშვნელოვანია იმ მომენტისათვის ფეხბურთელის მდგომარეობის შესაფასებლად. შედეგები გვეხმარება, ვარჯიშების პერსონალიზებაში ან, სულ მცირე, გვიქმნის წარმოდგენას, როგორ მუშაობს გუნდი. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ნოემბრის შესვენება ჩემთვის კარგი იქნება, რადგან შესაძლებლობა მექნება, უფრო მეტი ვიმუშაო იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც შედარებით ჩამორჩებიან. რადიკალურად განსხვავებული მეთოდებით მივუდგები ამ ორ ჯგუფს - მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელებს და დამრჩენებს,'' - პინტუსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

,,რეალი'' ზაფხულის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, ამერიკაში, ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ გამართავს. კარლო ანჩელოტის გუნდი 27-ში ,,ამერიკას'' შეხვდება, 31-ში კი - ,,იუვენტუსს''.


სხვა სტატიები