Belive

რატომ გაუშვა რეალმა მსოფლიოში გამორჩეული განაპირა მცველები მხოლოდ €60 მილიონად?

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ცნობილი ფაქტია, რომ "მადრიდის რეალში," ზინედინ ზიდანს განაპირა მცველების პრობლემა არ აქვს: დანი კარვახალი მარჯვენა ფლანგის შეუცვლელი წევრია და რიგ შემთხვევებში, მას უნივერსალი, ლუკას ვასკესი ან უკანა ხაზის თითოეულ პოზიციაზე მოთამაშე ნაჩო ანაცვლებენ. მარცხენა ფლანგზე კი, განაპირა მცველისთვის ყველა საჭირო უნარით აღჭურვილ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ფორმიდან ამოვარდნილ მარსელოს, ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის ახალგაზრდა ფერლან მენდი ეცილება. აქედან გამომდინარე, დასაშვებია, რომ ზიდანი ყოფილ მადრიდელებს, აშრაფ ჰაკიმისა და ტეო ერნანდესის ადგილს გუნდში ვერ ხედავდა - თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სერია ა-ს ორი გამორჩეული განაპირა მცველის გაშვებით, მადრიდულმა გრანდმა, სარგებელი ფინანსური თვალსაზრისითაც ვერ მიიღო. ლეგენდარულ ბრაზილიელს, "ფენომენად" წოდებული რონალდოს არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან უთამაშია და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა, მარტივი არაა. თუმცა აშრაფ ჰაკიმის მიმართ, ბრაზილიელს საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.
"ხანდახან ვფიქრობ: რონი, წარმოიდგინე მასთან ერთად რომ გეთამაშა, ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევდით. ჰაკიმის სახით, ინტერმა გამორჩეული ფეხბურთელი შეიძინა და მისი გაყიდვა, რეალის მხრიდან, შეცდომა იყო", - აღნიშნა ფენომენმა.
კარვახალთან კონკურენციაში მარცხის მიუხედავად, ჰაკიმის წასვლა "რეალიდან" მაინც უცნაურად ჩანდა. მაროკოელი ფეხბურთელი მზარდი ტალანტი იყო, რომელმაც "დორტმუნდში" დიდი პროგრესი განიცადა. ჰაკიმიმ ორი წელი იჯარის წესით გერმანიაში გაატარა და კონტეს ყურადღება მიიქცია: იტალიელი მიიჩნევდა, რომ მის ფავორიტ, 3-5-2 ფორმაციას, ჰაკიმი იდეალურად მოერგებოდა და ამიტომაც, მაროკოელის ტრანსფერს "უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია" უწოდა. ტრასნფერმა გაამართლა: 22 წლის ჰაკიმიმ, მიმდინარე სეზონში, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ინტერი იმიტომ ავირჩიე, რომ კონტეს ფილოსოფია ჩემს სათამაშო სტილთთან ზუსტად თავსდება. კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც მებრძოლი სული აქვს და მისი შინაგანი ენერგია ფეხბურთელებს გადაეცემათ", - აღნიშნა ჰაკიმიმ.

maxresdefault (2)

რაც შეეხება ტეო ერნანდესს: ერთ დროს, ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ერნანდესმა, "რეალში" ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა "მილანში" მას სრული ნდობა გამოუცხადეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი ფეხბურთელი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი სტილის მარცხენა მცველია. დღეს, ტეოს ადგილს "რეალში" ფერლან მენდი იკავებს: ნიჭიერი, ტექნიკური არსენალით აღჭურვილი ფრანგი, რომელსაც მიმდინარე სეზონში სტატისტიკურად, თავი არ გამოუჩენია. რაც შეეხება ერნანდესს, მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. დამატებით, საინტერესო სტატისტიკასაც გაგაცნობთ: 23 წლის ფრანგმა, ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი დუელი (184) მოიგო და შესრულებული დრიბლინგის კომპონენტში მე-2 ადგილს იკავებს (51). თავის მხრივ, დიდი მხარდამჭერი "მილანში" ტეო ერნანდესსაც ჰყავს: დეკემბერში, "ლაციოსთან" გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგთან პაოლო მალდინი მივიდა. მალდინი თავშეკავებული პიროვნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლეგენდარული იტალიელი ემოციებს ვერ მალავდა.

ერთი სიტყვით, "მადრიდის რეალში" თაობათა ცვლის რთული პროცესია დაწყებული - გუნდის ძირითადი ბირთვი მობერებულია და ზიდანს ყურადღება, თანდათანობით, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადააქვს. სწორედ ამ პროცესში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდმა 60 მილიონ ევროდ, ორი ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა - ერნანდესი და ჰაკიმი შესაძლოა დიდ ფეხბურთელებად იქცნენ, მაგრამ მათი სახელი "სამეფო კლუბს" აღარ დაუკავშირდება.

სხვა სტატიები