Belive

"რეაბილიტაციისთვის საკმაო პერიოდი დასჭირდა და გუნდს ვერ დაეხმარა" - დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, დინამო თბილისმა ჯანო ანანიძის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა. ვინაიდან მიმდინდარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს. დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც", - წერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალური გვერდი.

ცოტა ხნით ადრე, "დინამოს" დატოვების გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

მოგესალმებით... საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი. გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის დინამოდან წამოსვლის მიზეზსა და ფორმაზე მესაუბრა. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, დინამოდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა მინდა სიმართლე იცოდეს.

მინდა გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირად საუბარში. ჩემთვის ისიც გასაკვირი იყო, დინამოს ერთ-ერთმა ახალმა ხელმძღვანელმა დამირეკა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ახლოს ვიცნობ.

გულწრფელად ვიტყვი, გული იმაზე დამწყდა, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი. მიმაჩნია, რომ არც მწვრთნელისგან და არც კლუბისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი, რადგან მის ნათქვამს უფრო მეტი წონა ექნებოდა, ვიდრე ნებისმიერი ხელმძღვანელისას.

კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობას ვერ გარისკავდა. საქმე ისაა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ, თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია. კლუბში მითხრეს, რომ შეკრებაზე ჩემი ხარჯით წავსულიყავი, თუ ფორმას დავიბრუნებდი, ამის შემდეგ ვისაუბრებდით ახალ კონტრაქტზე.

ნურავინ ეცდება, რომ ეს ამბავი ფინანსურ მხარეს მიაწეროს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა დიდი საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებითა და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბსა და ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს.

სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელიც ნათლად მეტყველებს შედეგებზე. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგანაც განვითარებაზე საუბრისას ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება.

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა "დინამოში" გატარებულ არასრულ 9 თვეში ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ეროვნული ლიგის მესამე წრეში "დინამო ბათუმთან" - 0:1 წაგებულ შეხვედრაში.

სხვა სტატიები