Belive

რეალი მოდრიჩთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი სპორტული გამოცემა MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 35 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მომდევნო სეზონსაც "რეალში" გაატარებს. "რეალი" და მოდრიჩი თანამშრომლობას გააგრძელებენ, ხორვატი ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ლუკა გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება. MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონში მოდრიჩის დამაჯერებელი თამაშიდან გამომდინარე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხორვატი ნახევარმცველის გუნდში დარჩენა "რეალის" ფრანგ თავკაცს ზინედინ ზიდანსაც სურდა, რომელიც მოდრიჩს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევს. კლუბში დარჩენა თავად მოთამაშესაც სურს, რის გამოც ანაზღაურების შემცირებაზეც დათანხმდა. მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა. "რეალთან" ერთად მან 4-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, ხორვატიის ეროვნული ნაკრები ლუკას კაპიტნობით ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან 4:2 დამარცხდა. სწორედ მოდრიჩი იყო ერთ-ერთი გამორჩეული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2018 წელს ხორვატი ნახევარმცველი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

ესპანეთის მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, მის ანგარიშზეა 1 საგოლე გადაცემაც.  

სხვა სტატიები