Belive

რეალის ლეგენდები, რომელთაც ბერნაბეუზე ფანებმა დაუსტვინეს

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გარეთ ბეილის "რეალში" გადასვლა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტრანსფერად და ახდენილ ოცნებად შეფასდა თუმცა უელსელი ვარსკვლავისათვის მოვლენები არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. გახშირებულმა ტრავმიანობამ ბეილის მადრიდულ კარიერას დაღი დაასვა - მოედნის მიღმა გაკეთებულმა განცხადებებმა და ქცევებმა კი შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბის გულშემატკივართა აგრესია კიდევ უფრო გაზარდა. უკანასკნელ სკანდალში ბეილი სანაკრებო პაუზის დროს გაეხვა. ევრო 2020-ზე გასვლას ბეილი უელსის დროშით აღნიშნავდა, რომელზეც ეწერა: "უელსი, გოლფი, მადრიდი". "ბლანკოსის" ფანებმა ბეილი არ დაინდეს და ლა ლიგის ეგიდით, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მას მუდმივად უსტვენდნენ. ბეილის მადრიდულ კარიერაში შესაძლოა ეს ყველაზე მძიმე დღედ შეფასდეს. "რეალ სოსიედადთან" გამართული მატჩის შემდეგ, ბეილი იმ ლეგენდებს შეუერთდა, რომელთაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფანებმა დაუსტვინეს - მათი ჩამონათვალი კი საკმაოდ შთამბეჭდავია. ალფრედო დი სტეფანო
690
ელოდით ჩამონათვალში ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს ხილვას? - რა თქმა უნდა არა! დი სტეფანო თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, რომელსაც "რეალის" მაისური მოურგია თუმცა ფანების რისხვას ვერ გადაურჩა. "მადრიდისტების" რისხვა 1962 წელს, ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე, ქალის წინდებში გამოწყობილი დი სტეფანოს პოსტერმა გამოიწვია. "რეალის" ფანები დი სტეფანოს გამუდმებით უსტვენდნენ თუმცა ლეგენდამ იმ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუ 
"ბლანკოსის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე, რომელმაც არაერთი რეკორდი დაამხო თუმცა რონალდუს 2016/17 წლების სეზონში რეგულარულად უსტვენდნენ. ზინედინ ზიდანი იძულებული გახდა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საჯარო გამოსვლებში დაეცვა. იკერ კასილასი
"რეალის" ყველა დროის საუკეთესო კიპერი და ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი. კასილასი 2015 წელს გახდა "ბლანკოსის" ფანების მსხვერპლი - უკმაყოფილო გულშემატკივრები კასილასს გამუდმებით უსტვენდნენ. ემილიო ბუტრაგენიო 
"რეალის" მმართველი ბორდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იძულებული გახდა გარეთ ბეილი დაეცვა. 1994 წელს ბუტრაგენიო თავად გახდა მადრიდელი ფანების მსხვერპლი - ისევე როგორც სხვა ვარსკვლავებს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა მასაც უსტვენდა. სამწუხაროდ ეს არაა სრული ჩამონათვალი იმ ვარსკვლავებისა, რომელთაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" საკუთარი გულშემატკივრები უსტვენდნენ. კაკა, კარიმ ბენზემა, ფერნანდო იერო, გუტი, ჰუგო სანჩესი, მარტინ ვასკესი, მანუელ ველასკესი, ხუანიტო და მიჩელი "რეალის" ფანებმა არ დაინდეს.

სხვა სტატიები