Belive

რეალის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
1992 წლის შემდეგ, "ბლანკოსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა იასპარეზა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე "სამეფო კლუბის" ღირსება ისეთმა სახელოვანმა ვარსკვლავებმა დაიცვეს, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, რაული, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა და სხვა. გთავაზობთ "რეალის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ჩემპიონთა ლიგაზე.
1

1. მეკარე: იკერ კასილასი

"რეალის" ყველა დროის საუკეთესო მეკარე. "სამეფო კლუბის" მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე კასილასს დებიუტი ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ჰქონდა. "ბლანკოსის" მაისურით ჩატარებულ 725 შეხვედრაში, კასილასმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მადრიდული გრანდის დიდებათა დარბაზში.

2. მარჯვენა მცველი: დანი კარვახალი

შესაძლოა კარვახალი საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე ნაკლებად გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ "ბლანკოსის" განაპირა მცველმა არაერთ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. კარვახალის ბრწყინვალე პერფორმანსმა "რეალი" არაერთხელ იხსნა. განაპირა მცველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ოთხჯერ დაეუფლა.

3. ცენტრალური მცველი: სერხიო რამოსი

"ბლანკოსის" ლიდერი და ლეგენდარული კაპიტანი. 2005 წლის შემდეგ, "რეალის" არაერთ ტრიუმფში რამოსმა ლომის წვლილი დაიდო. 2014 და 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი სერხიო რამოსი გახდა.

4. ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო

1989 წელს, ფერნანდო იერო "სამეფო კლუბს" ნახევარმცველის სტატუსით შეუერთდა, თუმცა 2003 წელს, კარიერა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაასრულა. უნივერსალური ფეხბურთელი და "რეალის" ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი, ლიდერული უნარებით იყო დაჯილდოვებული. "ბლანკოსის" მაისურით ჩატარებულ 601 შეხვედრაში, იერომ 127 გოლის გატანა შეძლო.

5. მარცხენა მცველი: მარსელო

ბრაზილიელი ვარსკვლავი, რომელმაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ლეგენდარული რობერტო კარლოსი დაჩრდილა. ბრწყინვალე დაცვითი შესაძლებლობების პარალელურად, მარსელო შეტევაშიც აქტიურობით გამოირჩევა. მარსელომ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო გოლის გატანა და "რეალის" არაერთი წარმატებული შეტევა წამოიწყო.

6. ცენტრალური ნახევარმცველი: კლოდ მაკელელე

უნივერსალური და გამორჩეული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც "რეალის" დაცვასა და თავდასხმას უდიდესი კომფორტი შეუქმნა. ფერნანდო იერომ აღნიშნა: მაკელელე წლების განმავლობაში "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ხალხს მისი შემჩნევა უჭირდა.

7. ცენტრალური ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩზე საუბრის დროს, მხოლოდ იმ გარემოების აღნიშვნაც კმარა, რომ ხორვატმა ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დომინაციას დაუსვა წერტილი. მოდრიჩის მადრიდული კარიერა საკმაოდ მძიმედ დაიწყო და 2012 წელს ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა, თუმცა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოდრიჩი "რეალის" ერთ-ერთ ლეგენდად იქცა.

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი

2002 წელს, "ლევერკუზენის" კარში გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გასროლად ითვლება. ზინედინ ზიდანმა "ბლანკოსში" ეპოქა შექმნა, რომელსაც ამჯერად მწვრთნელის რანგში აგრძელებს. ბრწყინვალე მეპასე და ნახევარდაცვის ჯადოქარი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

9. ფორვარდი: რაული

740 მატჩში გატანილი 323 გოლი - "რაული" მადრიდული გრანდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცხრიანად ითვლება. ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და ორ ფინალში შეძლო გოლის გატანა. რაულმა ჩემპიონთა ლიგაზე 71 გოლის გატანა შეძლო (66 "რეალი", 5 "შალკე")

10. ფორვარდი: კარიმ ბენზემა

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის კარიმ ბენზემა მეხუთე ადგილზე იმყოფება. 2018 წელს, რონალდუს წასვლის შემდეგ, ბენზემა მადრიდელთა მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. ბენზემას 65 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ამ შედეგით, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის, რაულსა და რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება.

11. ფორვარდი: კრიშტიანუ რონალდუ

"რეალის" საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე შეუძლებელია. მადრიდში გატარებული 8-წლიანი კარიერის მანძილზე, რონალდუმ არაერთი რეკორდი დაამხო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. კრიშტიანუ რონალდუ "რეალის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა - 438 მატჩი, 450 გოლი.

12. სათადარიგო შემადგენლობა: კეილორ ნავასი, მიჩელ სალგადო, რაფაელ ვარანე, რობერტო კარლოსი, ფერნანდო რედონდო, ხაბი ალონსო, რონალდო. 

სხვა სტატიები