Belive

რეკორდები, რომელიც შესაძლოა ლივერპულმა დარჩენილ 7 ტურში დაამყაროს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

30 წლიანი მოლოდინი დასრულებულია, "ლივერპული" კი ინგლისის ჩემპიონი. პრემიერლიგის ისტორიაში პირველად, თანაც 7 ტურით ადრე ტრიუმფი ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა იურგენ კლოპის გუნდს წინ კიდევ რამდენიმე შეხვედრა და რეკორდების მთელი არმია აქვს, რომლის დამყარებაც მის შეგირდებს თავისუფლად შეუძლიათ. მოდით, ყველა მათგანს გავეცნოთ. ამჟამად, მერისისადელებს 31 ტურში აღებული 86 ქულა აქვთ, თუმცა მათ "მანჩესტერ სიტის" 2017/18 წლების არანორმალური შედეგის - 100 საჩემპიონო ქულის დაგროვება ძალუძთ. კლოპოს ბიჭები ყველა დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაში, თავს 107 ქულას მოუყრიან, თუმცა მათ 2 მარცხის დათმობის უფლებაც აქვთ, ამ შემთხვევაში მათი მონაგარი 101 ქულა იქნება და ეს ახალი რეკორდის დასამყარებლად სრულებით საკმარისი იქნება. კიდევ ერთი შედეგი, რომელიც პეპ გვარდიოლას პირველ საჩემპიონო სეზონში "ქალაქელებმა" დააგროვეს, უახლოეს მდევარ, თანაქალაქელ "იუნაიტედთან" 19-ქულიანი სხვაობა იყო, რაც პირველ და მეორე ადგილებს შორის ისტორიაში ყველაზე დიდი დაშორება გახლდათ. ახალგაჩემპიონებული "ლივერპული" მეორეადგილოსან "სიტის" 23 ქულით უსწრებს.

სულ მცირე 5 შეხვედრის მოგება და "ლივერპული" "სიტის" 38-ტურიან ჩემპიონატში ყველაზე მეტი (32) მატჩის მოგების რეკორდსაც მოუხსნის. იმ შემთხვევაში, თუ "წითლები" "არსენალს", "ნიუკასლს" და "მან. სიტის" გასვლით მატჩებს მოუგებენ, როგორც საშინაო, ისე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში აღებული 3 ქულების რეკორდულ რაოდენობასაც უწევენ. რეალურად, იურგენ კლოპის მანქანას ყველა ჩამოთვლილი რეკორდის დამყარების საკმაოდ კარგი შანსი აქვს. ვნახოთ, ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი "ენფილდის" ბინადრებს ტიტულის წინა მფლობელთან "ეტიჰადზე" ელით.

სხვა სტატიები