Belive

რეკორდები, რომლებიც შესაძლოა რონალდუმ ევრო 2020-ზე დაამყაროს

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
11 ივნისიდან ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთთვიანი ზეიმი იწყება – ევრო 2020, სადაც ევროპის 24 უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. კრიშტიანუ რონალდუ ევრო 2020-ზე იქნება ფეხბურთელი, რომელსაც არაერთი რეკორდის დამყარება შეეძლება. გთავაზობთ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომელშიც ლეგენდარულ პორტუგალიელს საკუთარი სახელის და გვარის ოქროს ასოებით მიწერის შანსი ექნება.

მოთამაშეები, რომელთაც უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატის 4 ტურნირზე



პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე 4-ჯერ ითამაშეს. კრიშტიანუს გვერდით არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლოთარ მათეუსი, პიტერ შმეიხელი, ალესანდრო დელ პიერო, ედვინ ვან დერ საარი, ჯანლუიჯი ბუფონი, პეტერ ჩეხი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ა.შ. საყურადღებოა, რომ კრიშტიანუ იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევრო 2020-ზე მონაწილეობით ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე



კრიშტიანუ რონალდუს პირველი სანაკრებო გოლი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე აქვს გატანილი, მაშინ, როდესაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა (2004). მას შემდეგ, რონალდუმ 21 შეხვედრის მანძილზე კიდევ 8 გოლი გაიტანა. კრიშტიანუს ევროპის ჩემპიონატზე ამჟამად უკვე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა ამ ჭრილში ერთპიროვნული ლიდერი არ არის, ვინაიდან, მის მსგავსად, მიშელ პლატინისაც 9 გოლი აქვს გატანილი, რომელმაც ხსენებული 9-ვე გოლი 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა.

ყველაზე მეტი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით)



36 წლის პორტუგალიელს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 3 შეხვედრის ჩატარება ესაჭიროება, რათა ჯანლუიჯი ბუფონის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს გადააჭარბოს. ამ უკანასკნელს ევროპის ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რონალდუს კი 56.

ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატის ერთ მატჩში



ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 7-მა ფეხბურთელმა მოახერხა ერთ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის შესრულება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კრიშტიანუ მათ რიგებში არ შედის - შესაძლოა, ევრო 2020 ამ მხრივ მისთვის ბოლო შანსიც კი იყოს.

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ფინალში გოლი გაუტანია



ერთადერთი 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა შეძლო ბერნდ ჰიოლცენბაინი იყო, რომელიც გოლის გატანის დღეს, 30 წლის და 103 დღის იყო. თუ პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ზე ფინალში ითამაშებს, 2021 წლის 11 ივლისს რონალდო ზუსტად 36 წლის და 156 დღის იქნება, რაც ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ახალი სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

კაპიტნის რანგში მოგებული ევროპის ჩემპიონატი



იკერ კასილასი ამ მხრივ რეკორდსმენია, მაშინ როდესაც 2008 და 2012 წლებში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროსარბიელზე გაიბრწყინა, სწორედ კასილასი იყო კაპიტნის სამკლავურით წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელები ევრო 2020-ის მოგებას მოახერხებენ, რონალდუ კასილასს გაუთანაბრდება და ისტორიულ მაჩვენებელს გაიმეორებს.

რეკორდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის:


ყველაზე მეტი თამაში ევროპის ჩემპიონატზე - 21 ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) - 40  გატანილი გოლი ყველაზე მეტ ევროპის ჩემპიონატზე - რონალდუ ერთადერთია, რომელსაც 3-ზე მეტ (4) ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაუტანია. 

სხვა სტატიები