Belive

რობენი: "რეალიდან მხოლოდ რონალდუს გამო არ წამოვსულვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არიენ რობენის განცხადებით, წლების წინ, არამარტო კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამ არამედ მადრიდის "რეალში" არსებულმა გარემომ, მას გუნდის დატოვება გადააწყვეტინა. ჰოლანდიელის თქმით, იმ პერიოდში "ბაიერნში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რობენი ბერნაბეუზე 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. თუმცა გუნდში ფლორენტინო პერესის დაბრუნების შემდეგ, "რეალში" დიდი ცვლილებები დაიწყო - გუნდში მოვიდნენ რონალდუ, კაკა, ბენზემა, ხაბი ალონსო და სხვა მოთამაშეები. სრულიად მოულოდნელად, რობენი იმ მოთამაშეებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც გასასვლელისკენ მიუთითეს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეფასებით, მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. "გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა. არსებული სიტუაცია ჩემთვის გაუსაძლისი იყო. მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა როდესაც თამაშში პოლიტიკა ერევა და თავის გამოჩენის შანსს არ გაძლევენ, ასეთ დროს უნდა გადაწყვიტო: გუნდში უნდა დარჩე და იბრძოლო, თუ კარიერა სხვაგან გააგრძელო," აღნიშნავს რობენი. "პრობლემა მარტო რონალდუში არ იყო - გუნდში დაბრუნდა პერესი, რომელმაც სუპერვარსკვლავები მოიყვანა. "რეალმა" იმდენად დიდი ფული დახარჯა, რომ გუნდს ამ თანხის ნაწილი მაინც უკან უნდა ამოეღო. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, რადგან მთავარ მწვრთნელთან, მანუელ პელეგრინისთან, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ასევე, სეზონის წინ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდი," აღნიშნა რობენმა. რობენის თქმით, "ბაიერნში" გადასვლის აუცილებლობაში იგი მარკ ვან ბომელმა და ლუის ვან გაალმა დაარწმუნეს. "მე მათ ვესაუბრე და მათ ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონიეს. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო," განაცხადა რობენმა.

სხვა სტატიები