Belive

რობერტ ლევანდოვსკის წარმატების 5 მთავარი საიდუმლო

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელი, ახალ-ახალი რეკორდებით, ფეხბურთის გულშემატკივრებს ხშირად აოცებს. სწორედ ამიტომ, ბუნდესლიგაში ეცადნენ, გაერკვიათ, რა იყო მისი წარმატების 5 მთავარი საიდუმლო.

ფიტნესი უპირველეს ყოვლისა


,,თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა პატარა და გამხდარი იყო ბავშვობაში’’,- იხსენებს კამილ ბაჩეკი, ლევანდოვსკის ახალგაზრდული კლუბის ყოფილი თანაგუნდელი პოლონეთში. ის დღევანდელი ლევანდოვსკისგან ძალიან განსხვავდებოდა. შეიძლება ითქვას, ძალიან ვღელავდით, რომ რამე დაემართებოდა. ლევანდოვსკის რაღაც ნამდვილად დაემართა - თუმცა, ცუდი არაფერი. დღეს მას სახლში პირადი სპორტული დარბაზი აქვს, სადაც დასვენების დღეებშიც კი ვარჯიშობს. პოლონელს მუდმივად ეხმარება თავისი მეუღლე, ანა, კარატეს მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც ამჟამად კვებისა და ფიტნესის ექსპერტობაც შეითავსა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლევანდოვსკი საკუთარი თამაშის მხოლოდ ფიზიკურ მხარეზე არ მუშაობს. მან კარგად იცის, რომ მატჩის წინ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა. ,,ხშირად, სპეციალური სავარჯიშოებით, ჩემი კონცენტრაციის უნარის გავარჯიშებას ვცდილობ, თავდამსხმელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია’’, - განუცხადა პოლონელმა ფორვარდმა ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამოცემას. როგორც ჩანს, ეს ხერხი ნამდვილად ამართლებს, რადგან თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბაიერნში მისი გოლების 19%, მატჩების 76-ე წუთის შემდეგ გადის.

მითხარი რას ჭამ და გეტყვი ვინ ხარ შენ


მკაცრად გაწერილი სავარჯიშო რეჟიმის გარდა, ლევანდოვსკი არანაკლებ ყურადღებას კვების რაციონის შედგენას უთმობს. მას კონკრეტულად აქვს განსაზღვრული, საკვებად რა, როდის და რატომ უნდა მიიღოს. ,,22 წლის ვიყავი, როცა ჩემი კვების რაციონი მთლიანად შევცვალე. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ კიდევ უფრო დიდხანს მეთამაშა. მაშინ არ ვიცოდი, დამეხმარებოდა თუ არა ეს, მაგრამ არ დავნებდი და ფაქტია, გამომივიდა. იმ ყველაფერს, რისი კეთებაც მაშინ დავიწყე, დღეს ჩემთვის წარმატება მოაქვს’’, - თქვა თავდამსხმელმა 2020/21 წლების ევროპის ოქროს ბუცის ჯილდოს მიღებისას. პოლონელის მეუღლე განმარტავს, რომ ისინი არ იღებენ ლაქტოზას, ხორბლის ფქვილს, თეთრ შაქარსა და შემწვარ საკვებს. „ჩვენ ჯერ დესერტს ვჭამთ, ან ჯერ ნახშირწყლებს და შემდეგ ცილას. ხანდახან კი მხოლოდ უმი საკვებითა და ცოტა ხორცით ვიკვებებით’’.


ძილის ძალა


დატვირთული ვარჯიშისა და კვების შემდეგ, ნებისმიერს სჭირდება კარგი ძილი. გამონაკლისი არც რობერტ ლევანდოვსკია. თუმცა, მან ძილიც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, რასაც მის წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია, სხვა დონეზე აიყვანა და ძილის თერაპევტი დაიქირავა. მაღალი ხარისხის ლეიბის გარდა, ლევანდოვსკის საძინებელი სრულად აღჭურვილია იმისთვის, რომ ფეხბურთელმა სრულფასოვნად გამოიძინოს. მას საძინებელში შეუძლია სრულად გამორთოს დღის სინათლე, გააგრილოს ოთახი მაქსიმუმ 21 გრადუსამდე (თუნდაც ზაფხულში). პოლონელის საძინებელში ვერ ნახავთ ტელევიზორს. რაც შეეხება სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, ყველაფერი აუცილებლად გამორთული უნდა იყოს. უფრო მეტიც, თერაპევტის რჩევებზე დაყრდნობით, პოლონელს დასაძინებლად სპეციალური პოზიციაც კი აქვს შერჩეული: ,,მე უნდა დავიძინო მარცხენა მხარეს, რადგან მე ვარ მემარჯვენე და მაქვს უფრო ძლიერი დარტყმა მარჯვენა ფეხით”, - ამბობს ის.


პრაქტიკა სრულყოფილებისთვის


ფეხბურთში საყოველთაოდ მიღებული ანდაზის მიხედვით, ,,პენალტებისთვის არ უნდა ივარჯიშო’’. თუმცა, ლევანდოვსკი ცალსახად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას . პენალტების შესრულების ლევანდოვსკისეული ტექნიკა უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ის არაფერს ტოვებს შემთხვევით, გამუდმებით ასწორებს და აუმჯობესებს თავის დარტყმას, რათა გახდეს ბუნდესლიგის ისტორიაში  ერთ-ერთი საუკეთესო.

ჯანსაღი გონება = ჯანსაღი სხეული


ლევანდოვსკის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მის გონებრივ შესაძლებლობებსაც შეაქვს. ბაიერნის 9 ნომერმა, 2018 წელს ვარშავის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, სპორტული მომზადებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მისი დისერტაციის სათაური კი შემდეგი იყო: ,,გზა დიდებისკენ". ,,მისი თეზისი მოგვითხრობს პოლონელის საფეხბურთო კარიერაზე, დაწყებული იმ დროიდან, როცა ის ახალგაზრდა, ქუჩაში მოთამაშე ფეხბურთელი იყო და რომელიც შემდგომ საერთაშორისო ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი გახდა’’, - განუცხადა AFP-ს მისმა გამომცდელმა, მარეკ რიბინსკიმ.

და ბოლოს, ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელისგან განსხვავებით, ლევანდოვსკი არ არის ვიდეო თამაშების მოყვარული. იგი უპირატესობას სპორტული გიგანტების ავტობიოგრაფიების კითხვას ანიჭებს. ,,მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, უსაინ ბოლტი - ისინი სუპერვარსკვლავები არიან, რომლებმაც თავიანთი სპორტი ჩამოაყალიბეს. მინდა, ვნახო, შემიძლია თუ არა მათგან რაიმეს სწავლა.” - ამბობს ფეხბურთელი. ვინ იცის, იქნებ მომავალმა თაობებმა ამ კონკრეტულ საკითხავ სიას, ლევანდოვსკის ბიოგრაფიაც მიამატონ.

სხვა სტატიები