Belive

როდის დაიწყო მადრიდში მტრობა?

5 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
მადრიდული დერბი ელ-კლასიკოს სანახაობით ჩამორჩება, თუმცა დაძაბულობით ნამდვილად არა. "რეალი" და "ატლეტიკო" ერთ პერიოდში დაარსდა და მათ უამრავი მიზეზი აქვთ რათა ერთმანეთი სძულდეთ. "რეალის" პირველი პრეზიდენტი კატალონიაში დაიბადა, "ატლეტიკო" კი ბასკებმა ჩამოაყალიბეს. "რეალი" უფრო ადრე გამოჩნდა ასპარეზზე, იგი "Foot-Ball Sky"-ს სახელით, 1897 წელს უნივერსიტეტ Libre de Enseñanza-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს. ეს უნივერსიტეტი საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა, რადგან ლექციებს კემბრიჯისა და ოქსფორდის კურსდამთავრებულები კითხულობდნენ. 1900 წელს, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ხულიან პაპასიოსმა ნახევარი გუნდი თავისკენ გადაიბირა და 1902 წლამდე ხელმძღვანელობდა ამ გუნდს, რომელიც სწორედ იმ პერიოდში დარეგისტრირდა და სახელად "მადრიდი" ერქვა, პირველი პრეზიდენტი კი ხუან პადროსი გახდა, ადამიანი რომელიც ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდა, და ქალაქ ბარსელონაში იყო დაბადებული. 1903 წელს, ბასკმა სტუდენტებმა რომლებიც მადრიდში სწავლობდნენ, ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი "ატლეტიკო" (რომელსაც თავიდან "ატლეტიკი" ერქვა). ამ გუნდით ხარობდა მადრიდში მცხოვრები ყველა ბასკი, სწორედ ამიტომ მოპარეს მათ ბილბაოს "ატლეტიკს" სახელიც, ფილოსოფიაც და საკლუბო ფორმის ფერებიც. 1928/29 წლების სეზონამდე "მადრიდმა" ("რეალი") ოთხჯერ ზედიზედ მოიგო თასი ხოლო 16-ჯერ რეგიონალური დივიზიონი. "ატლეტიკოს' ერთხელაც არ მოუგია თასი თუმცა სამჯერ მოიგო რეგიონალური თასი. ხოლო როდესაც ლა ლიგა ჩამოყალიბდა, იქ ბილბაოს "ატლეტიკი" ყველას ჯობდა, მათ 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი, ორჯერ კი მეორე ადგილი დაიკავეს. ხოლო ორ მადრიდულ გუნდს შორის "რეალი" უფრო წარმატებული იყო, (რომელიც ესპანურად სამეფოს ნიშნავს, ეს სახელი 1920-იან წლებში კლუბს მეფემ, ალფონს მეცამეტემ უბოძა) მათ 1932 და 1933 წლებში ორჯერ მოიგეს ლა ლიგა. გარდა სპორტული ინტერესისა ამ ორ გუნდს ერთმანეთში სამტროდ სხვა სტიმული არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ურთიერთობაში სამოქალაქო ომი ჩაერთო. ფრანკო გულშემატკივრობდა იმას ვინც უფრო ძლიერი იყო, იგი ფეხბურთს თავის სასარგებლოდ იყენებდა ომი 1936 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რესპუბლიკელების ფრთა გენერალ ფრანსისკო ფრანკოს სამხედრო-ნაციონალურმა მთავრობამ შეცვალა. "ატლეტიკოს" მთელი შემადგენლობა ამ კონფლიქტს შეეწირა, 1939 წლის შემოდგომაზე, როდესაც ლა ლიგის ჩემპიონატი გაგრძელდა, მას ფეხბურთელები არ ჰყოფნიდა. თუმცა კლუბმა გამოსავალი იპოვა: სარაგოსას ავიაციის საკმაოდ ძლიერ გუნდს გაერთიანება შესთავაზა (ამ გუნდში თვითმფრინავის პილოტები თამაშობდნენ) ასე გაჩნდა კლუბი Atletic Aviacion. "ატლეტიკო" მოულოდნელად გაძლიერდა და ზედიზედ ორი ტიტული მოიგო - 1940 წელს (როდესაც ფრანკოს ბრძანებით ყველა ესპანურ სპორტულ გუნდს ბოლოში ასო "O" დაემატა რათა ესპანურ ენას მორგებოდა, შედეგად Atletic Aviacion-ი Atletico Aviacion გახდა.) და 1941 წელს. "ატლეტიკოს" გამარჯვებები ფრანკოს ახარებდა, ის გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდში თავისი რეჟიმის დაუმარცხებლობას ხედავდა. მთავარ მხარდაჭერას ფრანკოს არმია უცხადებდა, ეკლესიასთან ერთად. როდესაც ფრანკოსა და ფეხბურთზე ლაპარაკობენ, ყველა ფიქრობს რომ იგი "რეალის" გულშემატკივარი იყო, 1940-იანი წლების შუაში და ბოლოში "ატლეტიკოს" რთული პერიოდი დაუდგა, წინა პლანზე "ვალენსიამ" და "ბარსელონამ" გადმოინაცვლეს და ფრანკომაც თავისი ფსონი დედაქალაქის მეორე გუნდზე დადო. მას გემოვნება 1950-იან წლებში შეეცვალა, როდესაც მადრიდის "რეალის" სახით მონსტრმა გამოიღვიძა, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძინა და ევროპა შეაზანზარა. ეს არ მოხდებოდა ალფრედო დი სტეფანოს გარეშე. ერთი ვერსიით (რომელიც ძალიან უყვართ "რეალის" მოძულეებს) დი სტეფანომ კონტრაქტი ერთდროულად ორ კლუბთან, "რეალთან" და "ბარსელონასთან" გააფორმა, თუმცა ფრანკოს გავლენის საფუძველზე "რეალში" დარჩა. როგორც ამბობენ, კატალონიელთა პრეზიდენტს, ენრიკე მარტი კარეტოს, მისი ტექსტილის კომპანიის ფინანსური შემოწმებით დაემუქრნენ თუ დი სტეფანოს არ დათმობდა. მეორე ვერსიით კი (რომელიც "რეალის" გულშემატკივრებს უყვართ) ფედერაციამ გადაწყვიტა რომ დი სტეფანო ორივე გუნდის მაისურს მოირგებდა ოღონდ მორიგეობით, რაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობას არ მოეწონა და საერთოდ დაანებეს თავი დი სტეფანოს. თუმცა ფაქტი ერთია, დი სტეფანო ფენომენალურად მოუხდა "რეალს". 1954 წლიდან 1969 წლის ჩათვლით მან 12-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, 6-ჯერ კი ჩემპიონთა თასი. იგი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, მასზე ფანები გიჟდებოდნენ. ფრანკოს კი "რეალის" წარმატება უზომოდ ახარებდა, იგი ფიქრობდა რომ მადრიდელების დომინაცია ევროპაში მისი პოლიტიკური მართვის სტილის იმიჯს მაღლა აწევდა. ფეხბურთში მადრიდელთა წარმატებამ მართლაც ბუნდოვანი სიტუაცია შექმნა, ევროპის რამდენიმე მმართველმა სულ დაივიწყა რომ ფრანკოს ხელისუფლებაში მოსვლას მხარს ბენიტო მუსოლინი და თვით ადოლფ ჰიტლერი უჭერდნენ. მართალია ფრანკო ქვეყნის მართვის სტილით მათ არ ჰგავდა (მაგალითად სამუდამოდ არ აპირებდა ხელისუფლებაში დარჩენას და მემკვიდრეც ნაპოვნი ჰყავდა) თუმცა რამდენიმე მსგავსება მაინც იყო: ოპოზიციური პრესის განადგურება, ოპონენტების თვალთვალი, საკუტარი თავის გაკულტება. ფრანკოს არ უყვარდა ფეხბურთი, თუმცა მას საკუთარი მიზნებისთვის კარგად იყენებდა. მაგალითად მაშინ როდესაც ესპანეთში რთული სიტუაცია იყო, ტელევიზორში სულ ფეხბურთი გადიოდა, ფეხბურთს კი ტელევიზორში ერთი გუნდი თამაშობდა - მადრიდის "რეალი" - ქვეყნის საუკეთესო ელჩი, სწორედ ამ ფრაზას ხმარობდა ფრანკო. "რეალისა" და ფრანკოს ასეთი ურთიერთსიყვარული "ატლეტიკოს" ძალიან აღიზიანებდა, ისინი დერბისას შემდეგ სიმღერას მღეროდნენ "el equipo del gobierno, la vergüenza del país" (ხელისუფლების საყვარელი გუნდი, ქვეყნის სირცხვილი) რეჟიმი 1975 წელს დაეცა, თუმცა "რეალს" ხელისუფლებისადმი სიყვარულში დღესაც ადანაშაულებენ. 2014 წელს კატალონიურმა ტელეარხმა, TV3-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო სადაც "რეალისა" და ხელისუფლების ურთიერთობაზეა ყურადღება გამახვილებული. "რეალი" მდიდრებისთვის - "ატლეტიკო" ღარიბებისთვის - ასე იყო ადრე "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის სოციალური განსხვავებაც იყო, "რეალს" მდიდრები გულშემატკივრობდნენ, ამაზე მეტყველებს "რეალის" უამრავი ტიტული, და პრესტიჟულ უბანში განთავსებული სტადიონი. "ატლეტიკოს" პირველი სტადიონი "რონდა დე ვალიეკასი" მადრიდის მუშათა კლასის საცხოვრებელ უბანში მდებარეობდა. მეორე "ვისენტე კალდერონი" ქალაქის განაპირას ლუდსახარშთან მდინარე მანსანარესთან მდებარეობდა. გუნდის ერთ-ერთი მეტსახელი sentimiento de rebeldía (მეამბოხეების მაშველი) იყო. კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამ ლეგენდას ადასტურებს. "ატლეტიკოს" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ანტონიო რივერას განცხადებით, დიეგო სიმეონე სრულ შესაბამისობაში მოდის გუნდის ფილოსოფიასთან და მძიმე შრომის სიყვარულთან. მისი განცხადებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუშათა კლასი რომელიც მიჩვეულია მსგავს ცხოვრებას გუნდთან ბევრ საერთოს პოულობს. თუმცა ახლა ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, კლუბებს ახალი გულშემატკივრები უჩნდებათ, რომელთათვის მთავარი სტატისტიკაა, "ატლეტიკოს" მიღწევებიც დიდი ხანია გასცდა ესპანეთის საზღვრებს. მადრიდული დერბი დღესაა - ეს არის კლასიკური მატჩი, ბრძოლა თასისთვის და კამათი ფრანკოს შესახებ.

სხვა სტატიები