Belive

როგორ დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი? - დავით მუჯირმა სანიოლის თანაშემწეების შესახებ ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში ისაუბრა. „ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. იძულებითი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს. ეს გვაფიქრებს, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც დღეს ჩვენს ნაკრებს სჭირდება.  ის ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, რომ შეჩერებულიყო. თუმცა, ასაკის მიუხედავად, უკვე სერიოზული სანაკრებო და საკლუბო გამოცდილება აქვს – ავარჯიშებდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, მუშაობდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად. ეს დიდი ნდობაა. მერე იძულებითი პაუზა ჰქონდა. ახლა კი შესაბამის შემოთავაზებას ელოდა. ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო. ეს კონტრაქტშია ჩაწერილი და თავადაც სურს, რომ ხშირად ჩამოვიდეს. თუმცა, ჩვენი ნაკრები სპეციფიკურია, რადგან ბევრი ლეგიონერი გვყავს. სხვათა შორის, მან ნაკრების წევრების და კანდიდატების შესწავლა უკვე დაიწყო და გამიკვირდა, როდესაც კონკრეტულ გვარებს უშეცდომოდ ამბობდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ყაზაიშვილი კორეის ვიცე-ჩემპიონ გუნდში ჩაირიცხა და წარმატებებს ვუსურვებ", – ამბობს დავით მუჯირი. დავით მუჯირმა სამწვრთნელო შტაბის ფორმაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვილი სანიოლის მხოლოდ ერთი უცხოელი თანაშემწე ეყოლება: "სანიოლს საქართველოში მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს. ის საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვა და მუშაობას შეუდგება". ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს პირველად 25 მარტს, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, სტოქჰოლმში ჩასატარებელ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.

სხვა სტატიები