Belive

როგორ დაუბრუნა კლოპმა ლივერპულს გამარჯვებულის მენტალიტეტი

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2015 წლის 4 ოქტომბერს, მერსისაიდულ დერბიში „ევერტონთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, „ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა ბრენდან როჯერსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება ნამდვილად არ იყო ის რეზულტატი, რომელსაც „ლივერპულის“ ხელმძღვანელები ჩრდილო-ირლანდიელი სპეციალისტისაგან ითხოვდნენ. როჯერსის დასჯიდან 3 დღეში, მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრები სასიამოვნო ინფორმაციამ აღაფრთოვანა. იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც სკაუზერებს მომავალი დიდებისა ტიტულების მოპოვების იმედი დაუბრუნდათ. „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, კლოპის დებიუტი „ტოტენჰემთან“ გასვლით დაპირისპირებაში შედგა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. ინგლისის პრემიერლიგაში პირველი სამი ქულა კი იურგენ კლოპმა „ჩელსის“ დამარცხებით (3:1) მოიპოვა. გერმანელი სპეციალისტის მეთაურობით პირველი ტიტულის მოპოვებასთან „ლივერპული“ 2016 წლის 28 თებერვალს იყო ახლოს, თუმცა ინგლისის ლიგის თასის ფინალში, მერსისაიდელები თერთმეტმეტრიანების სერიაში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდნენ. იურგენ კლოპის მეთაურობით „ლივერპულის“ პირველი ქამბექი, განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა. ევროპა ლიგის ეგიდით, „ლივერპული“ კლოპის ყოფილ გუნდს, „დორტმუნდს“ დაუპირისპირდა და განმეორებით გამართულ შეხვედრაში, „ენფილდზე“ შეკრებილი პუბლიკა სასწაული ქამბექის მომსწრე გახადა. დორტმუნდელები 3:1 დაწინაურდნენ, თუმცა დრამატული მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
ევროპა ლიგაზე „დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ, მერსისაიდელებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში „ვილიარეალი“ დაამარცხეს, ფინალში კი „სევილიასთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 1:3. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფინალის წაგება „ლივერპულს“ ჯერ კიდევ წინ ელოდა. მომდევნო სეზონში, იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში „რეალთან“ დამარცხდა. „რეალთან“, რომელმაც ისტორია გადაწერა და უეფას უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. მერსისაიდული გრანდის გერმანელი სპეციალისტის მიერ წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკა ცალკე აღნიშვნის ღირსია. საფეხბურთო მიმომხილველებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იურგენ კლოპი ახალგაზრდა ტალანტებს ანიჭებს უპირატესობას. ბუნდესლიგაში განხორციელებულ ტრანსფერებს რომ არ შევეხოთ, მარკო გრუჯიჩისა და ენდრიუ რობერტსონის „ლივერპულში“ მისვლა, სწორედ რომ კლოპის დამსახურებაა. აღნიშნული ტრანსფერები არაერთი სკეპტიკოსის თვალში იწვევდა უკმაყოფილებას, თუმცა იურგენ კლოპის ხელში ენდრიუ რობერტსონი მერსისაიდელთა დაცვის უცვლელ წევრად იქცა. ჟორჟინიო ვეინალდუმი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი - კლოპმა 2017 წელს აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა, რის შედეგადაც მერსისაიდელებმა გაცილებით უფრო დიდი აქცენტი ბურთის შენარჩუნებასა და სწრაფ შეტევებზე გააკეთეს. 2018 წელს კლოპის მიერ განხორციელებულმა ტრანსფერებმა კი ნათლად გამოაჩინა „ლივერპულის“ ძლევამოსილება. გერმანელი სპეციალისტის ტაქტიკიდან გამომდინარე, „ლივერპულის“ სათამაშო სტილი მკვეთრად შეიცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მერსისაიდული გრანდი ყველასაგან გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, რომელშიც აგრესიულ პრესინგს, მოედნის მაქსიმალურ კონტროლსა და ელვისებურ შეტევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, ვირჯილ ვან დეიკის, ნაბი კეიტას, ფაბინიოს, ალისონისა და შაჩირის შესაძენად, 2018 წელს კლოპმა 230 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, რითაც გასულ სეზონში, დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზში გაჩენილი პრობლემები, კლოპმა აღნიშნული 5 ტრანსფერით სრულად აღმოფხვრა.
  თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ საუკეთესო ფორმაში იმყოფება და არაერთი მიმომხილველის აზრით, ტიტულისათვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება. მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრები კვლავ მოლოდინში არიან და სჯერათ, რომ სწორედ კლოპის მეთაურობით შეძლებს „ლივერპული“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის მოგებას. მიმდინარე სეზონში, ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით გამართული ექვსივე შეხვედრა „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელები ყველა მატჩში მოედანზე ტოტალურად დომინირებდნენ და მეტოქეს მინიმალური რაოდენობით აძლევდნენ სახიფათო შეტევის განხორციელების შანსს. მერსისაიდელთა შემტევი ტრიო (სალაჰი, ფირმინო, მანე) კი მოწინააღმდეგეს სწრაფი შეტევებით აწიოკებდა. პრემიერლიგაში ტრიუმფალურ სვლას, „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტიც შემატა. ქვეჯგუფის პირველივე შეხვედრაში, „ლივერპული“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. იურგენ კლოპის მეთაურობით, ის მთავარი კომპონენტი გამოსწორდა, რომელშიც მერსისაიდელები ყოველთვის მოიკოჭლებდნენ. გრანდებთან დაპირისპირებაში, „ლივერპული“ აგრესიული თამაშით გამოირჩეოდა თუმცა სეზონის მანძილზე შედარებით სუსტ და დაბალი კალიბრის გუნდებთან ქულებს ანიავებდა - კლოპის „ლივერპულმა“ კლასის ხარჯზე არაერთ შეხვედრაში შეძლო გამარჯვება და დაბალი ეშელონის გუნდებთან მინიმალური რაოდენობით გაანიავა ქულები. მრავალი მიმომხილველის აზრით, „ლივერპულში“ ახალი ერა დაიწყო, იურგენ კლოპის ერა, რომელიც მერსისაიდულ გრანდს პრემიერლიგის სანუკვარი ტიტულისაკენ მიიყვანს, რომელსაც სკაუზერები უკვე 30 წელია ელოდებიან.
 

სხვა სტატიები