Belive

როგორ ეხმარება "გოლი" ნიუკასლს ფეხბურთელების შეძენაში

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დენი კენონის ფილმს, სახელწოდებით "გოლი," საქართველოში "შტანგა გოლის" სახელით იცნობენ, სადაც მთავარ მოქმედ გმირს, სანტიაგო მუნიესს, ჯოტია ცაავა ჰქვია. 2005 წელს გამოშვებული ფილმი დრამაა, თუმცა ქართულად გადათარგმნილმა ფილმმა, კომედიის ჟანრში გადაინაცვლა. 15 წლის წინ გამოშვებული ფილმი, ფეხბურთელობაზე მეოცნებე მოზარდებზე დიდ გავლენას დღემდე ახდენს და მათ არწმუნებს, რომ წარმატების მიღწევა, დიდი სირთულეების მიუხედავად, შესაძლებელია. ამისი დასტურია პარაგვაელი მიგელ ალმირონი, რომელიც "ნიუკასლის" ერთ-ერთი უკანასკნელი შენაძენია. რაფა ბენიტესის გაწვრთნილმა გუნდმა 25 წლის პარაგვაელის სანაცვლოდ, "ატლანტა იუნაიტედს" რეკორდული თანხა, £21 მილიონი გადაუხადა. ალმირონის თქმით, მისი კუმირი ბავშვობიდან სანტიაგო მუნიესი იყო (მისთვის სანტიაგო, ჩვენთვის - ჯოტია).
maxresdefault (2)

მიგელ ალმირონის მსგავსად, "ნიუკასლის" მოქმედმა ფეხბურთელმა, ისააკ ჰეიდენმაც აღნიშნა, რომ მოზარდობის პერიოდში, მისი საყვარელი ფილმი "გოლი" იყო: "ფეხბურთი უზომოდ მიყვარდა. შემეძლო ტელევიზორის ეკრანისთვის თვალი მთელი დღის განმავლობაში არ მომეწყვიტა. როდესაც "გოლს" ვუყურე, ვიფიქრე, რომ სენტ ჯეიმს პარკი შესანიშნავი სტადიონი იყო, სადაც გოლების გატანას მეც სანტიაგო მუნიესივით ვიზეიმებდი. ამ ფილმმა მე "ნიუკასლთან" პირდაპირ დამაკავშირა." აღნიშნა ჰეიდენმა Northern Echo-სთან საუბრისას.
ლონდონის "ჩელსის" კარში, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ავტორი, პაპის დემბა სისე ამბობს, რომ "გოლი" ადამიანებს "ნიუკასლის" შემადგენლობაში თამაშს ანდომებს. სისეს თქმით, მას ეს სურვილი 2012 წელს გაუჩნდა. ამ ფილმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატეს ხონას გუტიერესმა და ისლამ სლიმანიმ. ვისაც ეს ფილმი ქართულად დუბლირების გარეშე უნახავს, თავისუფლად დაეთანხმება "ნიუკასლის" ფეხბურთელებს. ეს იყო ფილმი რთულ ცხოვრებაზე, ოცნებაზე, შესაძლებლობაზე და ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც დამწყებმა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს. სანტიაგო მუნიესი საფეხბურთო მექაში არსაიდან მოხვდა და 1 სეზონში "ნიუკასლის" გმირად, ბევრისთვის კი კუმირად და მისაბაძ მაგალითად იქცა.  

სხვა სტატიები