Belive

როგორი იქნება ნიუკასლის ახალი პროექტის სატრანსფერო პოლიტიკა?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ნიუკასლს" ახალი მფლობელები ჰყავს. საუდის არაბეთის წარმომადგენელი საინვესტიციო ფონდი მალე "კაჭკაჭებს" სრულუფლებიანად გადაიბარებს და ცვლილებესაც დაიწყებს. იქამდე, ვიდრე "ნიუკასლში" რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, ბრიტანულ მედიაში არაერთი ვერსია ჩნდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კლუბი და რომელი მთავარი ფიგურები ჩაიბარებენ გუნდს. საკმაოდ სარწმუნო ვერსიას ერთ-ერთი ბრიტანელი "ინსაიდერი" ჟურნალისტი ავრცელებს, რომლის თანახმადაც კლუბი აქცენტს არა "მანჩესტერ სიტის" ან "პსჟ-ს", არამედ "რედ ბულისა" და "ლაიფციგის" მოდელზე გააკეთებს.
Image Credit: PA
"ნიუკასლის" ახალი ხელმძღვანელები, არ აპირებენ, რომ თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავები დაიმატონ და მორიგი გალაქტიკოსი შექმნან. პირიქით, ისინი შეეცდებიან გამორჩეული ტალანტები შედარებით იაფად დაიმატონ და შემდეგ, მათში ჩადებული ინვესტიციით შედეგის თვალსაზრისით, წარმატებას მიაღწიონ. საინტერესოა ისიც, რომ "ნიუკასლის" ახალ მმართველებს სურთ გუნდში არამხოლოდ ახალი, მაღალკვალიფიციური მწვრთნელი მიიყვანონ, არამედ ისეთი ფიგურა დაასაქმონ, რომელიც სამენეჯერო საქმიანობასაც თავს კარგად  გაართმევს და ზუსტად განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ფული - ამ პოზიციისთვის იდეალური კანდიდატი კი "ლაიფციგის" პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რალფ რაგნიკია.
Image credit: PA
მოლაპარაკებების პროცესი 63 წლის გერმანელ სპეციალისტთან ჯერ არ დაწყებულა. იგი ამჟამად სპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებას მოსკოვის "ლოკომოტივში" ხელმძღვანელობს. ამ საქმიანობას იგი 2021 წლის 6 ივლისიდან ასრულებს და რკინიგზელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ჯერჯერობით, "ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელად ისევ სტივ ბრიუსი რჩება, რომლის გუნდსაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში ჯერჯერობით მატჩი არ მოუგია და 7 ტურში ნათამაშები 3 ფრის მეშვეობით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები