Belive

როგორი იქნებოდა გაერთიანებული იუგოსლავიის ნაკრები დღეს ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
1991-99 წლებში იუგოსლავია შინა ომების შედეგად რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. ხორვატია, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სლოვენია, მაკედონია და მონტენეგრო. ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, რომელიც ერთ დროს ერთიან იუგოსლავიას წარმოადგენდა. თანამედროვე ფეხბურთში ექვსივე სახელმწიფო საკუთარ ნაკრებს წარმოადგენს. რამდენიმე მათგანს კი ძალიან ძლიერი ნაკრებიც კი ჰყავს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო თერთმეტეულს ხსენებული სახელმწიფოებიდან. მეკარე - იან ობლაკი (სლოვენია) მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა და საოცარ პროგრესს განაგრძობს.
1
ცენტრალური მცველი - სტეფან სავიჩი (მონტენეგრო) კიდევ ერთი "როხიბლანკოს" ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ საიმედო მცველი გახლავთ. წლების მანძილზე მონტენეგროელი ფეხბურთელი დიეგო სიმეონესგან უამრავ რამეს სწავლობდა.
ცენტრალური მცველი - დუიე კალეტა-ჩარი (ხორვატია) "მარსელის" ცენტრალური მცველი, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა. დუიე მხოლოდ 23 წლის გახლავთ და წინ დიდი კარიერა ელოდება.
ცენტრალური მცველი - ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი) "ფიორენტინას" 22 წლის ფეხბურთელი, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება. ნიკოლათი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება და ფეხბურთის ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ჩამშლელი ნახევარმცველი - მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია) სტაბილური ნახევარმცველი, რომელიც მრავალი წელია "ინტერის" ღირსებას იცავს. ბროზოვიჩი 2018 წლის "მუნდიალზე" ხორვატიის ნაკრებში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა იყო.
ცენტრალური ნახევარმცველი - მირალემ პიანიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა) ტურინის "იუვენტუსის" ნახევარდაცვის "ტვინი." პიანიჩს ნაკრებში სულ მალე 100 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდება. მირალემი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი გახლავთ.
ცენტრალური ნახევარმცველი - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი) "ლაციოს" ნახევარმცველი, რომელზეც აგებულია მთლიანად რომაული კლუბის თამაში. მის გარეშე "ლაციო" ფაქტიურად წარმოუდგენელია.
შემტევი ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) მადრიდის "რეალის" და ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავი. ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს შეძლო და მოიგო ოქროს ბურთი. ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რონალდუსა და მესის ჰეგემონია დაამხო. მოდრიჩი უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრების მთავარი ძალა გახლდათ. მის გარეშე, როგორც ნაკრები, ასევე მადრიდის "რეალიც" რთულად წარმოსადგენია.
თავდამსხმელი - დუსან ტადიჩი (სერბეთი) ვარსკვლავური "აიაქსის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა. წინა სეზონში ტადიჩმა ყველა ჩემპიონატზე ერთად ჯამში 38 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
თავდამსხმელი - ედინ ჯეკო (ბოსნია-ჰერცოგოვინა) ამჟამად "რომას" ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ჯეკო იმ "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა, რომელმაც ბოლო ტურში, ისტორიული ჩემპიონობა მოიპოვა "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ. ხსენებულ შეხვედრაში 91-ე წუთზე ანგარიში სწორედ ბოსნიელმა ფეხბურთელმა გაათანაბრა.
თავდამსხმელი - ლუკა იოვიჩი (სერბეთი) მადრიდის "რეალის" ახალწვეული, რომელიც იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. "აინტრახტში" იოვიჩის კარიერა შესანიშნავად ვითარდებოდა, თუმცა "სამეფო კლუბში" ადაპტაციის გავლა სერბს საკმაოდ გაუჭირდა.
მაშ ასე, რომ არა იუგოსლაავის შინა ომები და სახელმწიფოებად დაყოფა, დღეს გაერთიანებულ იუგოსლავიას საოცრად ძლიერი ნაკრები ეყოლებოდა.

სხვა სტატიები