Belive

როგორია ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩს წინ ძალზედ არასასიამოვნო ეპიზოდი უძღვოდა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა და ავტოკატასტროფის შედეგად გუნდის ნახევარმცველი, ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და მას ექიმების ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გუნდის ექიმმა, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიმყოფებოდით, სადაც ტოდორ ნედელევს ოპერაცია ჩაუტარდა. მადლობა ღმერთს, რომ ახლა ის უკვე გამოვიდა კომიდან, კიდურებს ამოძრავებს და თავს უკეთ გრძნობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოკატასტროფის შემდეგ ნედელევი იყო რთულ მდომარეობაში. მას ჰქონდა ამნეზიის ნიშნები და ძლიერი სისხლდენა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო შოთა ინგოროყვას, რომელმაც ძალიან მალე მოახერხა რეაგირება და მისი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, უკეთესი შედეგი მივიღეთ. როცა ის საავადმყოფოში გადავიყვანეთ, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას მარჯვენა თავის ქალის დაზიანება ჰქონდა და აუცილებელი იყო რომ მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა. ქირურგიული ჩარევის გარეშე ზუსტი დიაგნოზის გაკეთება რთული იქნებოდა. გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიგვეღო ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებით. გავესაუბრეთ მის მშობლებს და ოჯახის წევრებს და როცა მათი მხრიდან თანხმობა მივიღეთ, ოპერაცია ჩავატარეთ. კიდევ ერთხელ ჩვენგან, მისი ოჯახის წევრების მხრიდან დიდი მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა ოპერაცია. იმედი გვაქვს ტოდორ ნედელევი მალე დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას და ფეხბურთის თამაშსაც გააგრძელებს. მას საკმაოდ რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც დიდი დრო დასჭირდება აღდგენისთვის. სავარაუდოდ, ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით მას 3-4 თვის გამოტოვება მოუწევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ ფეხბურთიდან ჩამოშორება მოუწიოს, თუმცა აღსადგენად და ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმაო დრო დასჭირდება. იგი, კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩება ინტენსიურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ნეიროქირურგიულ პალატაში, რის შემდეგაც ექიმების მხრიდან მივიღებთ ინფორმაციას, თუ როდის შეეძლება მას ბულგარეთში დაბრუნება", - თქვა ბულგარეთის ნაკრების ექიმმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ივნისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები