Belive

როინ კვასხვაძე: "მოტივაცია და რწმენა არ გვაკლია, ისტორიული შანსი გვაქვს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ"

3 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
2020 წლიდან, "დინამო თბილისის" კარის უსაფრთხოებაზე გამოცდილი მეკარე როინ კვასხვაძე ზრუნავს. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა და სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. 8 ტურის შემდეგ, კვასხვაძემ ყველაზე ცოტა - 3 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ (6) შეინახა. ახალ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილებაზე, მიმდინარე სეზონზე, საკლუბო თუ სანაკრებო პერსპექტივებზე და სხვა საინტერესო დეტალებზე 31 წლის კარის დარაჯი Live.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს. კარანტინის გამო საფეხბურთო სეზონი შეჩერდა და გუნდებს სრულფასოვნად მომზადებაში ხელი შეეშალათ. როგორია ამჟამად ამ მხრივ თქვენი მდგომარეობა?  კარანტინში დროის უმეტესი ნაწილი ცხადი სახლში გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად კლუბიდან პროგრამებს ვიღებდით და ცხადია ეს მინიმალური იყო რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რეგულაციები დაგვეცვა და ფორმა შეგვენარჩუნებინა. ჩვენ გუნდური ვარჯიში შედარებით ადრე დავიწყეთ და ეს ფორმაში შესვლაში მეტწილად დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ყველაფერს წესების დაცვით ვაკეთებდით და ამაში ისიც დაგვეხმარა, რომ "დინამოს" ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი პირობა აქვს.
No description available.
2020 წლიდან "დინამოში" თამაშობ, სადაც ქუთაისის "ტორპედოდან" გადმოხვედი. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ალბათ ის ფაქტორიც დაგეხმარებოდა, რომ თბილისურ გუნდში ნაცნობი მოთამაშეები და მწვრთნელები დაგხვდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალ გუნდში გადასვლისას, გარემოზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამ მხრივ კი დინამოში ძალიან კარგი და მეგობრული სიტუაცია დამხვდა. ცხადია, როცა "დინამოში" გადმოდიხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აქ არანაკლებ ისტორიული კლუბიდან მოვედი. როცა გადაწყვეტილებას იღებ, ყველა ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე "დინამოში" გადმოსვლისას ისიც დამეხმარა, რომ გუნდში ჩემთვის ნაცნობი მწვრთნელი და ფეხბურთელები იყვნენ, რომელთანაც საკმაოდ დიდი დრო მქონდა გატარებული. გადაწყვეტილებების მიღებისას საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. სამწუხაროა, რომ ქუთაისის "ტორპედო" ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი გამოსწორდება. რაც შეეხება "დინამოს", ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წევრი ვარ და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს ამ გუნდის წარმატებაში შევიტან. "ტორპედოში" 4 და მრავალფეროვანი სეზონი ჩაატარე. იყო ბევრი წარმატება და წარუმატებლობაც. მთლიანობაში, როგორ გახსენდება ქუთაისურ გუნდში გატარებული დრო? იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისელი ვარ და ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, შესაბამისად "ტორპედოში" გატარებული წლები ძალზედ მნიშვნელოვანია. შვიდწელიწადნახევარი "ზესტაფონში" გავატარე და ცხადია, ამ გუნდთანაც ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, თუმცა მინდა გამოვყო "ტორპედო", ვინაიდან ამ გუნდმა განსაკუთრებული ემოციები მაჩუქა. ისტორიული მომენტების შემოქმედები გავხდით, მოვიგეთ საქართველოს მასშტაბით ყველა ტიტული და ვითამაშეთ ევროპის ლიგის პლეი ოფში. ბოლოს, გუნდს პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამ პრობლემებმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა. მთელი გუნდის, ქალაქის და გულშემატკივრების ერთად დგომით ეს პერიოდი დავძლიეთ. ქომაგები კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ყველანი ვცდილობდით, რომ გუნდი გადარჩენილიყო და დღევანდელ დღემდე მოსულიყო. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ამ ადამიანს მადლობას მოვუხდი. ქართული ფეხბურთი ქუთაისის "ტორპედოს" გარეშე არ წარმომიდგენია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ჩვეულ სიმაღლეებს დაუბრუნდება.
No description available.
ახლა უკვე "დინამოს" წევრი ხარ, სადაც წელს ბევრი სიახლეა. 8 ტურის შემდეგ გუნდი ლიდერთა შორისაა, როგორ შეაფასებ მიმდინარე სეზონს? "დინამო თბილისი" მიმდინარე სეზონში ახალი გუნდია. შესაძლოა, ფეხბურთელები ერთმანეთს ვიცნობთ და ერთად სხვადასხვა გუნდებში აქამდეც გვითამაშია, თუმცა ახლა ახალ გუნდში, ახალ მწვრთნელთან შევიკრიბეთ, და ბოლომდე შესათავაზებლად გარკვეული დრო დაგვჭირდება. გარდა ამისა, არიან ლეგიონერები რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებენ. ამავე დროს, ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და ფილოსოფია აქვს. წინა სეზონში, ჩისკოს ხელში "დინამო" განსხვავებულს ფეხბურთს თამაშობდა, კახა ჩხეტიანის კი სხვანაირი ხედვა აქვს. ამრიგად, ახალი სქემის ჩამოყალიბება და მორგება დროს საჭიროებს, რადგანაც ყველაფერი ავტომატიზმამდე უნდა დავიდეს და ფეხბურთელებს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდეს. შესაძლოა, არასტაბილურობა თავს იჩენს ხოლმე, მაგრამ ამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ ძირითადი ბირთვის შენარჩუნების შემთხვევაში, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიოს როგორც შიდა, ისე ევროსარბიელზე. ევროტურნირები ახსენე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება. როგორია განწყობა, მზადების პროცესი და შანსები? რა თქმა უნდა თამაში, მონდომება და გამარჯვება ყველასთან შეიძლება, თუმცა გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი იქნება, რომ გარკვეულ ეტაპებზე, ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა მდგომი გუნდი არ შეგვხვდეს. იყო შემთხვევები, როცა საქართველოში "ტოტენჰემი" და სხვა გაცილებით მაღალი კლასის მქონე გუნდები ჩამოდიოდნენ, რომლებიც თავის მხრივ, უფრო დიდი კონკურენციის და ხარისხის მქონე ჩემპიონატებში თამაშობენ. წინ კიდევ ორი-სამი კვირა გვაქვს, ნელ-ნელა დავიწყებთ მომზადებას და იმედია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს უკვე კარგ ფორმაში შევხვდებით. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შესაძლებლობების უნდა ირწმუნოს, უნდა დავიჯეროთ, რომ ძლიერები ვართ და წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ამის პრეცედენტები წარსულში არსებობს, მთავარია უშუალოდ მატჩებს კარგი ფორმით და დანაკლისის გარეშე შევხვდეთ. ბოლო წლებში, ქართულმა გუნდებმა პლეი-ოფში ითამაშეს, მაღალი შედეგები აჩვენეს და ამით გულშემატკივარს მეტი მოლოდინი და მოთხოვნა გაუჩინოს, ეს ფეხბურთელებზეც გადმოდის და ჩვენც ვფიქრობთ: რატომაც არა?! ყველაფერი შესაძლებელია.
No description available.
ბოლოს ეროვნულ გუნდზეც გკითხავ. ახლოვდება შემოდგომა და მთავარი სანაკრებო დაპირისპირება. როგორია განწყობა ბელარუსთან დაპირისპირებამდე? ეს მართლაც ისტორიული შანსია. საქართველოს ნაკრებს უნიკალური მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს. ბიჭები ერთმანეთთან ვურთიერთობთ, სოციალურ ქსელში საერთო სასაუბროც გვაქვს და თითქმის ყოველდღე, ამ მატჩზე ვსაუბრობთ. ყველა ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია და როცა ერთმანეთს ვემშვიდობებით ერთა ლიგაში გამარჯვებას ვუსურვებთ. მთელი საფეხბურთო სამყარო და მთლიანად ქვეყანა ამ მატჩებს ელოდება და ბიჭების განწყობის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. ყველა კარგად ვიაზრებთ თუ რა დონის დაპირისპირება გველოდება, რამხელა შანსია ჩვენს წინაშე. მინდა ქომაგებს ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რწმენა და მოტივაცია ძალიან დიდი გვაქვს, მოუთმენლად ველით უშუალოდ მატჩის დღის დადგომას, გულშემატკივრის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს ყველაფერი ისე მოხდება, რომ საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის მხარდაჭერით ითამაშებს.
როინ კვასხვაძე: „მეკარეობა ჩვენი ...
ფოტო: "დინამო თბილისი", საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები