Belive

რომან აბრამოვიჩმა რასიზმზე, ჩელსის ამბიციებზე და ქალთა ფეხბურთზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა Forbes-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

იმის შესახებ, თუ რატომ უყვარს ფეხბურთი

"საქმე ისაა, რომ ფეხბურთში არ არსებობს დადგენილი ფორმულა გამარჯვებისთვის. მწვრთნელსა და გუნდს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უწევთ ყველა კონკრეტული მატჩის წინ . თითქოს ყოველ რამდენიმე დღეში გამოცდის ჩაბარება გიწევს, სადაც ფასდება თქვენ მიერ გაწეული სამუშაო. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ახლაც დიდ სიამოვნებას ვიღებ თითოეულ თამაშზე დაკვირვებით, რომლებიც მოულოდნელობებითაა აღსავსე და არასდროს იცი, რა მოხდება".

"ჩელსიში" საკუთარი მისიის შესახებ

"ამბიციები ისეთივე დიდია, როგორიც მაშინ იყო, როცა "ჩელსის" მფლობელი გავხდი. იმედი მაქვს, რომ ეს ყოველივე ჩანს იმ სამუშაოს ფონზე, რომელიც ჩვენ 17 წლის განმავლობაში გავწიეთ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, რომ ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს და აჩვენებს, თუ რისი მიღწევა შევძელით ამ წლებში, როგორც კლუბმა. ჩემი მიზანი ტიტულების მოგება და მომავლის შექმნაა. "ჩელსის" მდიდარი ისტორია აქვს და მე გამიმართლა, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. კლუბი ჩემამდეც არსებობდა და ჩემ მერეც განაგრძობს არსებობას, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ აწმყოში და შევქმნათ მომავალი. სწორედ ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიის წარმატება".

 სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის შესახებ

"რასიზმი და ანტისემიტიზმი იმ სახის ბოროტებაა, რომლის ადგილიც ჩვენს დროში და ამ მსოფლიოში არ უნდა იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც მიგზავნიან რასისტული შეურაცხყოფის მაგალითს ჩვენი ფეხბურთელების მისამართით, მე შოკირებული ვრჩები. სამარცხვინოა, რომ ამგვარი რეალობა არსებობს არა მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსგავსი სახის შეურაცხყოფის სამიზნე ხდება.  თუკი ჩვენ, როგორც კლუბი, შევძლებთ სიტუაციის შეცვლას ამ მიმართულებით - ანტისემიტიზმსა და რასიზმთან ბრძოლაში და ტოლერანტობის წახალისებაში, მე სრულად მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამას და ჩემი წვლილი შევიტანო ნებისმიერი შესაძლო ხერხით. ფრენკ ლამპარდისა და რის ჯეიმსის გამონათქვამები კამპანიის "უარი ანტისემიტიზმს" ფარგლებში უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 "ჩელსის" ქალთა გუნდისა და ქალთა ფეხბურთის შესახებ 

ქალთა გუნდი "ჩელსის" მნიშვნელოვანი ნაწილია, ის სწორედ იმას აჩვენებს, თუ რას წარმოვადგენთ, როგორც კლუბი. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც კლუბებს არ ენდომებოდათ ქალთა ფეხბურთის მხარდაჭერა და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების შეთავაზება წარმატების მიღწევისთვის. ჩემთვის ეს პრინციპის საქმეა, მაგრამ მე რეალურადაც დიდ პოტენციალს ვხედავ  ქალთა ფეხბურთში. ქალთა ფეხბურთს რომ ისეთივე მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორც კაცთა ფეხბურთს, ცხადია, რომ სპორტის ეს სახეობა ისეთივე წარმატებული იქნებოდა ბიზნესის კუთხით. ვფიქრობ, ინვესტიციები გაამართლებს.   ჩვენი ქალთა გუნდის წარმატება ნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება, თუკი გამოყოფ რესურსებს და სწორად უხელმძღვანელებ. 
მილიარდელმა "ჩელსი" 2003 წელს 140 მლნ ფუნტად შეიძინა. ამ 17 წლის განმავლობაში "არისტოკრატებმა" 18 ტიტული მოიპოვეს, 7-ით მეტი, ვიდრე მანამდე არსებობის 98 წლის მანძილზე.

სხვა სტატიები