Belive

რომან ფიფია: "ასზე მეტიდან ერთმა ლეგიონერმა გაამართლა; ესპანელებს პრობლემები ჰქონდათ"  

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"დინამო თბილისს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავკაცი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს. "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე რომან ფიფიამ გუნდში არსებული სიახლეების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. "ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარმოგიდგენთ. ეს პირადად ჩემთვის და მთელი კლუბისთვის დიდი პატივია.  მინდა მადლობა გადავუხადო ესპანელ სამწვრთნელო შტაბს, რომელტა ხელშიც "დინამო" ჩემპიონი გახდა. მათ წასვლის სურვილი თავად ჰქონდათ და ამის რამდენიმე მიზეზიც ჰქონდა. ჩისკოს ლიცენზიის პრობლემა ჰქონდა. ფელის ვისენტეს სოციალური პრობლემები ჰქონდა, რაც შეეხება ჩისკოს, მასთან განშორება სამწვრთნელო ლიცენზიის დროულად ვერ აღების გამო მოგვიწია. ვეცადეთ არსებული პრობლემები მოგვეგვარებინა, თუმცა ამ მხრივ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. სამაგიეროდ, გვყავს ახალი, ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელსაც ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ. კახასთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროგრესი და განვითარება, ამიტომ ნდობას ვუცხადებთ ახალ მწვრთნელს და იმედებს ვამყარებთ. აკადემია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. აღნიშნულით კახაც დაინტერესებულია და ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებას გეგმავს. რაც შეეხება ლეგიონერებს, ბოლო წლებში ცუდი პრაქტიკა გვაქვს. საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო ათწლეულში საქართველოში უთამაშია, ჩისკო იყო. მის გარდა თითქმის 100-ზე მეტი ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ, რომელთა ანაზღაურებაც 5 000 დოლარიდან დაწყებული 30 000-მდე იზრდებოდა, თუმცა უმეტესმა მათგანმა ვერ გაამართლა. გარდა ამისა, პრობლემა იყო ქვეყნის დონე, რაც უცხოელ ფეხბურთელებს არ მოსწონდათ და რის გამოც უარს ამბობდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე, ამიტომაც ლეგიონერების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დაკვირვებით უნდა ვიმუშაოთ. 9 წელია, რაც "დინამოს" მესაკუთრე ვარ. ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. ყველა მწვრთნელი, რომელმაც "დინამოსთან" ერთად წარმატებას მიაღწია, თავისი სურვილით წავიდა და ვერცერთ მათგანს ძალით ვერ გავაჩერებდი. დაინტერესებული ვართ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დამატებით და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა აუცილებლად ვიმუშავებთ",-თქვა რომან ფიფიამ.

სხვა სტატიები