Belive

ტეჰელნე არენა - რომელ სტადიონზე ითამაშებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2022/23 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვანის" წინააღმდეგ, სტუმრად, სლოვაკეთში გამართავს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. საინტერესოა, თუ რომელ სტადიონზე ითამაშებს აჭარული კლუბი 2022 წლის ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში. "ტეჰელნე არენა" რომელზეც ვლადიმირ ვაისის, გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს, საკმაოდ ახალია და უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე, რომელიც კომპაქტური და თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისია, საშინაო მატჩებს სლოვაკეთის ნაკრებიც მართავს.
TEHELNÉ POLE (Bratislava) - All You Need to Know BEFORE You Go
იგი 22500 მაყურებელზეა გათვლილი და ცნობილი სლოვაკი ბიზნესმენის ივან კმოტრიკის ინიციატივითა და სლოვაკეთის მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგადაა აშენებული. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში "სლოვანის" წინსვლას ხელი შეუწყო და ამ კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს. ახალი სტადიონი 2019 წელს გაიხსნა და მან იგივე სახელწოდების სტადიონი ჩაანაცვლა, რომელიც 2013 წელს დაინგრა. გარდა იმისა, რომ ამ სტადიონზე საშინაო მატჩებს ბრატისლავის "სლოვანი" და სლოვაკეთის ნაკრები მართავს, "ტეჰელნე არენას" სხვადასხვა კულტურული დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ მოყოლებული, რაც სტადიონი გაიხსნა, მან ისეთი შესმრულებლების კონცერტებს უმასპინძლა, როგორიცაა: დუა ლიპა, Lost Frequencies და ჯგუფი Red Hot Chili Peppers. "ტეჰელნე არენაზე" "დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები