Belive

რომელი გუნდები ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს საუკეთესო ფორმაში

5 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატი იწყება! ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრები სამშაბათს, 23:59-ზე გაიმართება - "სტადიო ოლიმპიკოზე" ერთმანეთს "რომა" და "პორტო," ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდებიან. Live.ge მერვედფინალში გასული გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზს გთავაზობთ - საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში იმყოფება ევროპის ტოპ 16 გუნდი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომდევნო თამაშებში.
16

#16 შალკე

შალკეს მეტოქე მერვედფინალში: მანჩესტერ სიტი "შალკემ" ჯგუფში საკმაოდ მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა 6 მატჩში გელზერნკირხენელებმა 6 გოლის გატანა შეძლეს, თუმცა მეორე ადგილის დაკავება მაინც მოახერხეს. ვერ ვიტყვით, რომ "შალკე" ბუნდესლიგაშიც წარმატებულად აპარეზობს. გუნდი მე-14 პოზიციაზეა და სავარაუდოდ, მომდევნო წელს "შალკეს" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ. ჯამური შეფასება: 15 ქულა, გოლების სხვაობა (+2).

#15 ატლეტიკო

ატლეტიკოს მეტოქე მერვედფინალში: იუვენტუსი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ტარდება, რომელიც "ატლეტიკოს" სტადიონია. შესაბამისად, სიმეონეს მიმდინარე სეზონში ორმაგი მოტივაცია ექნება, თუმცა მადრიდელებს მერვედფინალში ძალიან უხერხული მეტოქე ერგოთ. ზოგადად, "ატლეტიკო" იტალიურ გუნდებთან კარგად თამაშობს (7 მოგება, 2 ფრე), თუმცა აღსანიშნავია კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი, რომელმაც მადრიდში თამაშისას "ატლეტიკოს" 22 გოლი გაუტანა. ჯამური შეფასება: 18 ქულა, გოლების სხვაობა (+6).

#14 ბარსელონა

ბარსელონას მეტოქე მერვედფინალში: ლიონი კატალონიელთა მორიგი ტრიუმფი ლიონელ მესიზე იქნება დამოკიდებული - არგენტინელმა ჯგუფურ ეტაპზე 6 გოლის გატანა მოახერხა და პარალელურად, იგი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი არ განუცდია და შექმნილია წინასწარი განწყობა, რომ კატალონიელებს "ლიონის" დამარცხება არ გაუჭირდებათ. ჯამური შეფასება: 18 ქულა, გოლების სხვაობა (+12).

#13 ლიონი

ლიონის მეტოქე მერვედფინალში: ბარსელონა ბრუნო ჟენესიო და მისი მოთამაშეები გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობდნენ თავს, რომ არა "ბარსელონასთან" გზების გადაკვეთა. მეორე მხრივ, "ლიონი" საფრანგეთის ჩემპიონატში კარგად თამაშობს - მათ "პარი სენ-ჟერმენს" პირველი მარცხი განაცდევინეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე "ლიონმა" გასვლაზე "სიტის" მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლიონს" დიდ გუნდებთან გამარჯვების დიდი მოტივაცია გააჩნია. ჯამური შეფასება: 20 ქულა, გოლების სხვაობა (+6).

#12 რომა

რომას მეტოქე მერვედფინალში: პორტო 2019 წელი "რომასთვის" ძალიან ცუდად დაიწყო - გუნდმა უშუალო კონკურენტის, "ატალანტას" დამარცხება ვერ შეძლო (3:3), ხოლო "ფიორენტინასთან" კი იტალიის თასზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა (7:1). "რომაელებისგან" მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" დამარცხების მსგავს სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ, მათი მაქსიმუმი შესაძლოა "პორტოს" დონის გუნდის გამოგდება გახდეს. ჯამური შეფასება: 20 ქულა, გოლების სხვაობა (+6), ლიონზე მეტი გატანილი გოლი.

#11 ლივერპული

რომას მეტოქე მერვედფინალში: ბაიერნი "ლივერპული" 1990 წლის შემდეგ პირველი პრემიერლიგის მოგებასთან ახლოსაა და შესაძლოა, კლოპის მთავარ პრიორიტეტს ეროვნული ლიგის მოგება წარმოადგენდეს. მეორე მხრივ, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი გათამაშების ფინალისტია და ფეხბურთელებს ევროპის უპრესტიჟულესი თასის აღმართვის უდიდესი მოტივაცია გააჩნიათ, თუმცა "ბაიერნი" მათთვის საკმაოდ რთულად გადასალახი ბარიერი უნდა გახდეს. ჯამური შეფასება: 20 ქულა, გოლების სხვაობა (+13).

#10 აიაქსი

აიაქსის მეტოქე მერვედფინალში: მადრიდის რეალი "აიაქსს" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული შემადგენლობა ჰყავს. მათ შორის მატიას დე ლიხტი და ფრენკი დე იონგი გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი ზაფხულიდან კატალონიის "ბარსელონას" რიგებს შეუერთდება - დე იონგის სანაცვლოდ "ბლაუგრანამ" სოლიდური თანხა, €75 მილიონი გადაიხადა. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში ნათამაშებ 21 მატჩში ამსტერდამელებმა მეტოქის კარის აღება 72-ჯერ შეძლეს, რაც იმისი თქმის საშუალებას იძლევა, რომ მადრიდის "რეალს" მერვედიფინალში საკმაოდ უხერხული მეტოქე ერგო. ჯამური შეფასება: 20 ქულა, გოლების სხვაობა (+16).

#9 პორტო

პორტოს მეტოქე მერვედფინალში: რომა მიმდინარე გათამაშებაში "პორტო" ერთადერთი გუნდია, რომელმაც არცერთი ქულა არ დაკარგა და ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დაასრულა. "პორტო" პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს, სერჟიო კონსეისაოს გუნდი სტაბილურად კარგ ფორმას ინარჩუნებს და "რომა," როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით კარგ ფორმაში არ იმყოფება. ჯამური შეფასება: 21 ქულა, გოლების სხვაობა (+9).

#8 ტოტენჰემი

ტოტენჰემის მეტოქე მერვედფინალში: დორტმუნდის ბორუსია უკანასკნელმა შედეგებმა ცხადყო, რომ "ტოტენჰემს" რამდენიმე ტურნირზე თანაბრად ბრძოლა არ შეუძლია. მაურისიო პოჩეტინოსთვის მთავარი თავისტკივილი ჰარი კეინის ტრავმაა, თუმცა ლონდონელებს ნამდვილად აქვთ იმისი პოტენციალი, რომ გერმანელებს თანაბარი ბრძოლა გაუმართონ. თუმცა რამდენად იქნება ჩემპიონთა ლიგაზე ძალების მობილიზება მაურისიო პოჩეტინოს პრიორიტეტი, ეს მეორე საკითხია, რადგან პრემიერლიგის ტოპ 4 გუნდში მოხვედრა უფრო და უფრო რთული ხდება. ჯამური შეფასება: 21 ქულა, გოლების სხვაობა (+12).

#7 დორტმუნდის ბორუსია

დორტმუნდის მეტოქე მერვედფინალში: ტოტენჰემი დორტმუნდის "ბორუსია" ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ჯეიდონ სანჩოსა და პაკო ალკასერის შესანიშნავი თამაშის დამსახურებით, გერმანელები შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით გასულ 3 მატჩზე, სადაც მათ ვერცერთი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, დორტმუნდის სწრაფი, მობილური შემტევითი ხაზიდან გამომდინარე, "ტოტენჰემის" მცველებს ორმატჩიან დუელში სერიოზული თავსატეხი ექნებათ. ჯამური შეფასება: 22 ქულა, გოლების სხვაობა (+9).

#6 იუვენტუსი

იუვენტუსის მეტოქე მერვედფინალში: ატლეტიკო კრიშტიანუ რონალდუს ეძენის შედეგად, ცალსახად შეიძლება თქმა, რომ ტურინელების მთავარ პრიორიტეტს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს. წლების განმავლობაში, სწორედ რონალდუ იყო მთავარი ბარიერი, რომლის გადალახვასაც "იუვენტუსი" ვერ ახერხებდა - ამას ბუფონის სიტყვებიც მოწმობს, რომელმაც პორტუგალიელს "ღამის კოშმარი" უწოდა. რონალდუ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მან მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლის გატანა მოახერხა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ამ დაპირისპირების მთავარი ობიექტი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იქნება. ჯამური შეფასება: 23 ქულა, გოლების სხვაობა (+9).

#5 პარი სენ-ჟერმენი

პარი სენ-ჟერმენის მეტოქე მერვედფინალში: მანჩესტერ იუნაიტედი კენჭიყრის შედეგების გამოცხადებისას, "პარი სენ-ჟერმენის" მეტოქე არასახარბიელო ფორმაში იმყოფებოდა. ოლე გუნარ სოლსკიეარის მოსვლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" შესანიშნავი ფეხბურთის თამაში დაიწყეს და ამას ემატება პარიზელების უმნიშვნელოვანესი დანაკლისი - მატჩში მონაწილეობის მიღებას ნეიმარი, კავანი, ვერატი და მუნიე ვერ შეძლებენ. ჯამური შეფასება: 24 ქულა, გოლების სხვაობა (+24).

#4 მადრიდის რეალი

მადრიდის რეალის მეტოქე მერვედფინალში: აიაქსი 6-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერ "ბარსელონასთან" და უამრავი პრობლემით სავსე სეზონი - ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისგან" ყველაფერი მოსალოდნელია. უკანასკნელი წლების შედეგები ცხადყოფს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "მადრიდის რეალი" გაორმაგებული ძალებითა და ენერგიით თამაშობს, თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს "რეალი" მსგავსი ისტორიის დაწერას ზიდანისა და რონალდუს გარეშე. ჯამური შეფასება: 25 ქულა, გოლების სხვაობა (+16).

#3 მიუნხენის ბაიერნი

ბაიერნის მეტოქე მერვედფინალში: ლივერპული "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი მორიგი სტანდარტული გათამაშებაა, სადაც მიუნხენურ გრანდს კონკურენციას მხოლოდ "დორტმუნდი" უწევს. "ბაიერნის" მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, თუმცა დიდი ალბათობით, კოვაჩი "დორტმუნდთან" 5-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ანალოგიურად არის მოტივირებული. ჯამური შეფასება: 25 ქულა, გოლების სხვაობა (+16).

#2 მანჩესტერ სიტი

სიტის მეტოქე მერვედფინალში: შალკე "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში მორიგ საოცარ სეზონს ატარებს - გვარდიოლას შეგირდებმა ბოლო მატჩში ლონდონის "ჩელსი" ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან საინტეროა, შეძლებს თუ არა გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ტრიუმფის მიღწევას "სიტისთან" ერთად, რაც გასული 2 წლის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა ვერ შეძლო. დიდი ალბათობით, "შალკე" მანჩესტერელებისთვის ყველაზე იოლი მეტოქე იქნება მიმდინარე გათამაშებაზე. ჯამური შეფასება: 27 ქულა, გოლების სხვაობა (+37).

#1 მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩეტერის მეტოქე მერვედფინალში: პარი სენ-ჟერმენი ის, რასაც 2 თვის წინ ვერავინ იფიქრებდა - "მანჩესტერ იუნაიტედი" საოცარ ფორმაში იმყოფება. გასულ 10 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" 9 გამარჯვება მოიპოვეს. მოურინიოს წასვლის შემდეგ პოლ პოგბა და მარკუს რეშფორდი საუცხოოდ ათამაშდნენ და "პარი სენ-ჟერმენის" დიდი დანაკლისის ფონზე, "მანჩესტერის" შანსებზე საუბარი რეალობას მოკლებული არაა. ჯამური შეფასება: 28 ქულა, გოლების სხვაობა (+17).

სხვა სტატიები