Belive

რომის პაპი ფრანცისკე:"მარადონა მოედანზე პოეტი და დიდებული ჩემპიონი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რომის პაპმა ფრანცისკემ Gazzetta dello Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულ არგენტინელზე, დიეგო მარადონაზე ისაუბრა. მარადონა იყო ადამიანი, რომელიც არგენტინელებს და არა მხოლოდ არგენტინელებს უყვარდათ. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც რომის პაპი ფრანცისკეა. რომის პაპმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა, სადაც არგენტინამ ფინალში დასავლეთ გერმანია დაამაარცხა. იმ პერიოდში პაპი ფრანკფურტში სწავლობდა.
"ჩემს მეხსიერებაში მკვიდრადაა შემორჩენილი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც არგენტინამ მარადონას წყალობით მოიგო. მაშინ რთული პერიოდი მქონდა, იმ დროს ფრანკფურტში ვიყავი, გერმანულ ენას ვსწავლობდი და ჩემი დისერტაციისათვის მასალებს ვაგროვებდი". "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ნახვა ვერ მოვახერხე და არგენტინის გამარჯვების შესახებ მხოლოდ მომდევნო დღეს გავიგე, როცა გერმანული ენის გაკვეთილზე იაპონელმა ბიჭმა დაფაზე დაწერა: "გაუმარჯოს არგენტინას!". "პირადად ჩემთვის ეს მარტოობის გამარჯვება იყო, რადგან გვერდზე არავინ მყავდა, ვისაც არგენტინის გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს გავუზიარებდი. ხოლო ის, რაც სიხარულს ალამაზებს, გაზიარების შესაძლებლობაა".
რომის პაპმა მარადონა ფეხბურთის პოეტად მოიხსენია.
"მოედანზე ის პოეტი იყო, დიდებული ჩემპიონი, რომელიც მილიონობით ადამიანს აბედნიერებდა, როგორც არგენტინაში, ისე ნეაპოლში. ამასთანავე, ის ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო".
რომის პაპმა ასევე აღნიშნა დიეგოს დამსახურება ფონდ Scholas Occurrentes-ის წინაშე. 
"ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ იმას, რაც მან ფონდ Scholas Occurrentes-თვის გააკეთა. ეს არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება ადამიანებს".
Gazzetta dello Sport-თან მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ რომის პაპას ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბავშვობაში ბუენოს-აირესის ქუჩებში მასაც უთამაშია. შეგახსნებეთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის ნოემბერში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომის პაპმა მარადონას ოჯახს სამძიმრის წერილი და კრიალოსანი გაუგზავნა.
"როცა მარადონას გარდაცვალების შესახებ გავიგე, მისთვის ვილოცე და ოჯახს სამძიმრის წერილი გავუგზავნე".

სხვა სტატიები